სასამართლომ ქოლ-ცენტრების საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული 7-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანრე იაშვილმა მიიღო.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, ხოლო ბრალდების მხარე აცხადებს, რომ საქმეში მტკიცებულებათა სტანდარტი საკმაოდ მაღალია.

კერძოდ, ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი აღნიშნავს, რომ საქმის მასალები ცხადად ადასტურებს, რომ კონკრეტულად მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობა არ აქვს.

„სასამართლოს მიერ გამოცხადებულ განჩინებაში ბევრი სავარაუდო, ბევრი შესაძლებელი იყო, მაგრამ არანაირი დასაბუთება. საქმის მასალები ცხადად ადასტურებს, რომ კონკრეტულად ჩემს დასაცავ პირს შემხებლობა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან არ აქვს.

ამიტომ, დაცვის მხარე უფლებას იტოვებს, რომ სამართლებრივად დაადასტურეს ის გარემოება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა“, - აცხადებს გაგი მოსიაშვილი.

საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით კი, სასამართლოზე წარდგენილ მტკიცებულებებში აბსოლუტურად ყველა ბრალდებულის როლი კარგად არის გამოკვეთილი.

„მტკიცებულებები საკმაოდ მაღალი სტანდარტით არის წარმოდგენილი. ეს არის დოკუმენტაცია, ჩანაწერები, სატელეფონო საუბრები, რომელიც სასამართლოს კონტროლის ქვეშ ხორციელდებოდა. აქედან გამომდინარე ამ მტკიცებულებებში აბსოლუტურად ყველას როლი კარგად არის გამოკვეთილი და უშუალოდ არის დაკავშირებული დანაშაულის ჩადენასთან, რომელიც ინტერპრეტაციის შესაძლებლობას უბრალოდ არ ტოვებს“, - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

ცნობისთვის, ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 3 თებერვალს, საქართველოს პროკურატურამ თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავა.

ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრების საქმიანობა მოიცავდა საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე, სხვადასხვა ლოკაციაზე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობასა და ორგანიზებას.

ქოლ-ცენტრების გამართულად ფუნქციონირებისთვის, ჯგუფის წევრები ქმნიდნენ სხვადასხვა საფირმო სახელწოდების ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, ვებ-გვერდების გამოყენებით ტოვებდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან, ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ. შემდგომში კი, დაზარალებულების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებას და გათეთრებას ახდენდნენ.

აღნიშნული გზით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეების კუთვნილ რამდენიმე მილიონ შვეიცარიულ ფრანკს. ხოლო შემდგომში, თაღლითურად დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მოახდინეს ხსენებული თანხების მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსება და ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში, მათ შორის უძრავი ქონებების შეძენის გზით.

გამოძიების მიერ ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ 5 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ და მოძრავ ქონებას, რითაც არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა.

დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

დაკავებულებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში