ზურაბ ჯაფარიძე - ამომრჩეველში რწმენა იმის, რომ ოპოზიციას გამარჯვება შეუძლია, დაბალია - გვაქვს საუბარი ყველასთან, ვისთანაც შეიძლება ლაპარაკი, რომ ძალების კონსოლიდაცია აუცილებელია

პარტიის „გირჩი-მეტი თავისუფლება“ ლიდერის, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის განცხადებით, დღეს ოპოზიცია არ არის ფორმაში, თუმცა გადაჭარბებული ნათქვამია, რომ „განადგურებულია“.

კერძოდ, ჯაფარიძემ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების კონტექსტში და აღნიშნა, რომ ოპოზიცია არ არის ისეთ ფორმაში, რომ ივანიშვილს ეს ნაწილი საფრთხედ აღექვა. პირიქით, ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ივანიშვილმა საფრთხე სწორედ საკუთარ გუნდში დაინახა.

პარალელურად, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ზოგად ჭრილში „ოპოზიციას მოუშუშებელი ჭირი არ სჭირს“, თუმცა, მისივე თქმით, აღქმაა, რომ ოპოზიცია სუსტი ჩანს, რასაც ჯაფარიძე რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს.

„ვფიქრობ, რომ ოპოზიცია არ არის იმ ფორმაში, ყოველ შემთხვევაში უკანასკნელი თვეების განმავლობაში არ იყო იმ ფორმაში, რომ მაგ ნაწილში [ბიძინა ივანიშვილს] დაენახა საფრთხე, მაგრამ შეიძლება საფრთხე დაენახა თავის ნაწილში - გუნდი ეშლებოდა...ან ზოგადად დაინახა, ასე რომ გაგრძელებულიყო, არჩევნებში წააგებდა. გადაჭარბებული ამბავია, რომ „ოპოზიცია განადგურებულია“, სინამდვილეში ასეც არ არის. ოპოზიციის აქტიურობას ხშირ შემთხვევაში ადამიანები ზომავენ იმით, არის თუ არა ქუჩაში მრავალრიცხოვანი აქციები. ამ ნაწილში ბოლო თვეების განმავლობაში არაფერი ყოფილა და ესეც ტოვებს აღქმას. პლუს ოპოზიციური პარტიების მხრიდან ერთმანეთის ლანძღვა-გინება, თათხვა, ყველა ცდილობს თვითდამკვიდრებას, საკუთარი განსაკუთრებულობის გამოჩენას და ესეც ახდენს მაგ წარმოდგენაზე გავლენას. ისე, ზოგადად, „ზუუმ აუთი“ რომ გააკეთო და გვერდიდან შეხედო, ოპოზიციას რაღაც ისეთი მოუშუშებელი ჭირი, რომელიც არ სჭირდა მანამდე, არაფერი ეგეთი არ ხდება. აღქმა არის, რომ უფრო სუსტი ჩანს [ოპოზიცია] იმის გამო, რომ აქციები არ გაქვს და პროტესტი არ არის“, - განაცხადა მან.

ამასთან, ჯაფარიძის თქმით, იმისთვის, რომ ოპოზიციამ არჩევნებზე წარმატებას მიაღწიოს, ორი ფაქტორია აუცილებელი: არჩევნებზე ხმის მისაცემად დამატებით ამომრჩევლის მობილიზება და ძალთა კონსოლიდაცია.

„გვაქვს საუბარი ყველასთან, ვისთანაც შეიძლება ლაპარაკი, რომ ძალების კონსოლიდაცია აუცილებელია. დამატებით ახალი ხალხის მოყვანა [არჩევნებზე] არის აუცილებელი. ისტორიას თუ გადავხედავთ, ივანიშვილს იგივე აქვს 2012 წელს გაკეთებული, სტანდარტულად, საპარლამენტო არჩევნებზე დადის დაახლოებით 1 900 000 ადამიანი, ივანიშვილმა შეძლო გამოეყვანა 2 200 000 ადამიანი 2012 წელს. „ნაციონალებს“ არანაკლებ ჰქონდათ აწყობილი ხმების მობილიზების, გამოძალვის მანქანა და არანაკლებ ფული დახარჯეს“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, წარმატებისთვის მთავარია ამომრჩეველში გაჩნდეს ნდობა, თუმცა ჯაფარიძე აღიარებს, რომ საბოლოო ჯამში, არსებული პოლიტიკური კლასის, მათ შორის მის მიმართაც, ხალხის ნდობა ნაკლებია.

„სინამდვილეში მთავარი პრობლემა, რასაც ვხედავ არის ის, რომ ნდობა არაა. პატარ-პატარა სეგმენტებია, რომელთაც პოლიტიკური ლიდერების ნდობა აქვს, მაგრამ ჯამში რწმენა იმის, რომ ოპოზიციას გამარჯვება შეუძლია, დაბალია. ნდობა არსებული პოლიტიკური კლასის მიმართ, ჩემი ჩათვლით, საბოლოო ჯამში, დაბალია. მე ერთადერთი წამალი ვიცი, ეს არის გულწრფელად საუბარი ყველაფერზე - პრობლემებზე, მომავალზე, რასაც ჯერჯერობით ვერ ვხედავ“, - დასძინა ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, ჯაფარიძის თქმით, კონკრეტულად მის წინააღმდეგ და ზოგადად ოპოზიციის მისამართით „ფანტასტიკურად მუშაობს დეზინფორმაცია და გაშავებაც“, რასთან გამკლავებაც რთულია.

გადაცემაში ოპოზიციონერმა ლიდერმა ისაუბრა ოპოზიციურ ველზე გაერთიანებების შესაძლებლობებზეც და აღნიშნა, რომ მას აქვს კომუნიკაცია „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიასთან, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან, თუმცა ეს საუბრები მხოლოდ იდეების გაცვლის დონეზეა და გარკვეული ტიპის ერთობამდე არ მისულა.

„გვარამიასთანაც მაქვს კომუნიკაცია და ნიკა მელიასთანაც მქონია საუბარი, მაგრამ ეს, რაზეც ერთთანაც და მეორესთანაც მისაუბრია არის ის, რომ მაინტერესებს, რას ფიქრობ, როგორ აფასებ სიტუაციას, აქედან გამოსავალს სად ხედავ. მეც მაინტერესებს და იმათაც აინტერესებთ. ამ დონეზე არის საუბარი, როგორ უყურებ ამ რეალობას, გამოსავალი სად არის, რის გაკეთებას აპირებ, რა როგორ წარმოგიდგენია...ამაზე მიდის საუბარი, ამის იქით, რომ ჯერ რაღაცა ერთობაზე იყოს საუბარი, არ წაწეულა“, - განაცხადა ჯაფარიძემ და დასძინა:

„არიან პოლიტიკური ძალები და ლიდერები, რომელთაც მე არ ველაპარაკები, რომელთა მიმართაც არ მაქვს ნდობა. მაგალითად, ერთ-ერთია გახარია. არ მაქვს კომუნიკაცია და ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ვიდრე კითხვები მაქვს, რაზეც ვისმენ რაღაც შაბლონურ სტანდარტულ პასუხებს, რაც არ მაკმაყოფილებს“, - განაცხადა მან.

მირიან მირიანაშვილი - თუ დასავლეთმა სალომე ზურაბიშვილის პროექტი არ დაქოქა, პრობლემები ხელისუფლებას შეიძლება დაეწყოს არა არჩევნებამდე, არამედ არჩევნების შემდეგ
ოჯახური ძალადობა, სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და ბავშვთა უფლებების დარღვევა - რა შინაარსის ზარები ხორციელდება სახალხო დამცველის „ცხელ ხაზზე“
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა - რა სიახლეები შემოდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში?
ქართული პრესის მიმოხილვა 29.02.2024
„ფარმადეპოში“ გაზაფხულის ფასდაკლებები დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - აზარაშვილის გადაყენება არასაკმარისია - არამხოლოდ მე, არამედ მთელი ჯანდაცვა ვითხოვთ მისი დანაშაულებრივი ქმედებების სიღრმისეულ გამოძიებას!