რომან გოცირიძე - სამთავრობო პროგრამაში ძალიან ბევრი რამ სასაცილოა, ყოველ მე-8 გვერდზე ახალ-ახალ, საოცარ ჰაბებს ქმნით - კომიკურია, 11  წელია სამტრედია-გრიგოლეთის გზა ვერ აგიშენებიათ და დიდუბეში ასფალტი ვერ დაგიგიათ

სამთავრობო პროგრამაში არის ძალიან ბევრი რამ სასაცილო, 73 გვერდიდან ყოველ მე-8 გვერდზე ქმნით ახალ-ახალ რეგიონულ საოცარ ჰაბებს, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

რომან გოცირიძის მოსაზრებით, „ქართული ოცნების“ სამთავრობო პროგრამას „შეიძლება პირობითად ვუწოდოთ ჰაბისტანის ჰაბიზაცია“.

„ჰაბისტანი არის ის ქვეყანა, რომელსაც მართავთ. როგორც ჩანს ეს პროგრამა ცალ-ცალკე სამინისტროებმა დაწერეს, მერე შეკრეს და არ აღმოჩნდა ვინმე წამკითხველი, მაგალითად როტშილდების მრჩეველი, რომ ის მაინც ეთქვა, ამ პროგრამაში არის ძალიან ბევრი რამ სასაცილო. აბა, შეხედეთ, რამდენი ჰაბი უნდა შეიქმნას საქართველოში, საქართველო უნდა გახდეს მსოფლიოს ჭიპი. ინფრასტრუქტურის ჰაბი, სატრანსპორტო ჰაბი, ლოჯისტიკური ჰაბი, საკომუნიკაციო ჰაბი, ენერგეტიკული ჰაბი, ტექნოლოგიური ჰაბი, საგანმანათლებლო ჰაბი, ციფრული კორიდორის ჰაბი, საფინანსო ჰაბი - ეს ყველაფერი იქმნება. 73 გვერდიდან ყოველ მე-8 გვერდზე ქმნით ახალ-ახალ რეგიონულ საოცარ ჰაბებს. კომიკურია, რისი ჰაბი, რა ჰაბი, 2014 წლიდან, 11 წელია სამტრედია-გრიგოლეთის გზა ვერ აგიშენებიათ და დიდუბეში ასფალტი ვერ დაგიგიათ.

აქ სერიოზული სხვა საკითხიცაა, დაიქირავეთ როტშილდების კომპანია, გადაუხადეთ 9,7 მილიონობით ლარი და მართლაც უნდა შეექმნა საფინანსო ჰაბი, ორი ცათამბჯენი უნდა აეშენებინა, ერთი გონიოში, მეორე თბილისის ზღვაზე და უამრავი საქმე უნდა გაეკეთებინა, მათ შორის ინვესტიციის მოზიდვა და რჩევების მოცემა. ერთი ნაგლეჯი ქაღალდი გვაჩვენეთ რაში გადაიხადეთ 9,7 მილიონი და როდის გვეღირსება ცათამბჯენები შავი ზღვის მიდამოებში ფინანსური ჰაბის სახით“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის