ქართული პრესის მიმოხილვა 08.02 .2024

აქვს თუ არა პრეზიდენტის პლატფორმას საარჩევნო პერსპექტივა - რაზე აკეთებს გათვლას ზურაბიშვილი

შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ზურაბიშვილი სააკაშვილს - რა მინიშნებებს აკეთებს ექსპრეზიდენტი

“დასავლეთი ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა რა ფორმით უნდა დამარცხდეს რუსეთი” - რა ცვლილებებია რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე

* * *

აქვს თუ არა პრეზიდენტის პლატფორმას საარჩევნო პერსპექტივა - რაზე აკეთებს გათვლას ზურაბიშვილი

“პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის” შეხვედრაზე ოპოზიციის გარდა “ქართულ ოცნებასაც” იწვევს, თუმცა, მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ის ოპოზიციის პრეზიდენტია, ამ რიტორიკიდან გამომდინარე კი ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ “ოცნება” ამ პლატფორმას არც ერთ შემთხვევაში არ შეუერთდება. ზურაბიშვილის ამ იდეას ოპოზიციის ნაწილიც არ უერთდება. 6 თებერვალს პარლამენტში ბოლო მოხსენებაში პრეზიდენტმა ახალი პლატფორმის შექმნა დაანონსა, ანალიტიკოსების ნაწილს კი დარჩა შთაბეჭდილება, რომ ის მხოლოდ ოპოზიციურ ფლანგზე საუბრობდა, თუმცა, ზურაბიშვილმა უპასუხა შეკითხვას “ქართული ოცნებაც” არის, თუ არა მოწვეული - “გუშინდელი სიტყვა ხომ მოისმინეთ? ყველას ეხება, ვისაც ინტერესი აქვს”, - ზურაბიშვილმა. გარდა ამისა პრეზიდენტს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორ გაიგო მიხეილ სააკაშვილის გზავნილი პარლამენტში მის გამოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულ შეკითხვას არ უპასუხა. ამ დროისთვის ოპოზიციიდან პრეზიდენტს ”ლელოს” ლიდერები შეხვდნენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ზურაბიშვილი სააკაშვილს - რა მინიშნებებს აკეთებს ექსპრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებს უკვე იწყებს. პრეზიდენტი “ლელოს” ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს შეხვდა. “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის” მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც ცალსახად აცხადებს იმას, რომ ქვეყნის პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრირება. ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ადმინისტრაციასთან განუცხადა. “ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც სწორედ გაერთიანებისკენ მოუწოდებს განსხვავებით მმართველი ძალისგან, რომელიც პირიქით, მაქსიმალურად ცდილობს, რომ საზოგადოება გახლიჩოს. ამიტომ მმართველი ძალის, პრორუსული ძალის ქმედებას, გახლიჩოს საზოგადოება, პირიქით, ჩვენ დავუპირისპირებთ ძალისხმევას, რომ საზოგადოება ამ ისტორიულ მომენტში გავაერთიანოთ იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს წინ სწრაფად იაროს”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. სანამ გაირკვეოდა იწვევდა თუ არა “ოცნებას” პრეზიდენტი, ენმ-მ მასთან თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხადა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პარლამენტში მყოფმა ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამ “ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სახელით” დაადასტურა მზაობა, მონაწილეობა მიღონ პრეზიდენტის ინიციატივაში. “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ ინიციატივას ხედავენ არა როგორც პარტიების გაერთიანებას, არამედ როგორც ევროპული რეკომენდაციებისთვის ერთად მუშაობის პროცესს. “ხალხი, ვისაც იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი რაღაცას გააკეთებს, ცრუ იმედების ქვეშაა - ქალბატონი სალომე უკვე ჩამოყალიბდა კარგ მსახიობად “ქართული ოცნების” ხელში, რომელიც “ქართული ოცნების” დავალებებს და მითითებებს ასრულებს”, - ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ “ერთობის პლატფორმის” შექმნის თაობაზე პრეზიდენტის მოწოდების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის იმედი დიდი ხანია დაკარგა. კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ შეხვედრებზე, ხვიჩია ამბობს, რომ თუ დაპატიჟებენ მისი პარტიიდან კონსულტაციებზე ალექსანდრე რაქვიაშვილი იქნება”, - განაგრძობს გამოცემა.

“პარტია “საქართველოსთვის” “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის” შექმნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას არ შეუერთდება. პარტიის დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ ამ პლატფორმაში მონაწილეობენ ადამიანები, რომელთათვისაც ევროინტეგრაციაც და არჩევნებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთანაა დაკავშირებული. ამის მიუხედავად, როგორც დაუშვილმა აღნიშნა, მისი პარტია პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს სცემს და მოუწოდებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, რომ მიიღონ გადაწყვეტილება, “პრეზიდენტი არჩეული იყოს პირდაპირი წესით, მოქალაქეების მიერ და არა იმ მოდელით, რაც დღესაა”. “ჩვენ ამ პლატფორმაში მონაწილეობას არ მივიღებთ მარტივი მიზეზის გამო. იქ არის ადამიანების ყრილობა, რომელთათვისაც ქვეყნის ევროინტეგრაცია და 2024 წლის არჩევნები დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან. ჩვენ ამ ადამიანებთან საერთო არ გვაქვს”, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, რომ მისასალმებელია პრეზიდენტის პოზიცია პარტიებთან დაკავშირებით, თუმცა, ასეთ პლატფორმას საარჩევნო პერსპექტივა ვერ ექნება”, - დასძენს გამოცემა.

“მისასალმებელია, რადგან სამწუხარო იქნება თუკი პრეზიდენტი ოფიციალურად იტყვის მე მარტო ოპოზიციის პრეზიდენტი ვარო. “ოცნების” ჩათვლით რომ მთელ პოლიტიკურ სპექტრს ერთ მაგიდასთან სვამს, ეს უკვე ნიშნავს,რომ იგი რომელიმე მხარეს არ იხრება, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად “ოცნება” ჩაერთვება. ეს უკვე “ოცნებაზეცაა” დამოკიდებული, ანუ იმ პარტიაზე, რომელიც ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ აღიარებს, მაგრამ, თავისთავად ეს ნაბიჯი სასიხარულოა იმ მხრივ, რომ პრეზიდენტის განზრახვა პრეზიდენტულია და არა ოპოზიციური. პარტიებიდან ძალიან ბევრი ალბათ იმის გამო უერთდებოდა, ეგონათ, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთის მხარდამხარ იქნებოდნენ, ახლა უკვე სხვა სურათი იკვეთება. ისეთი, როგორც ადრე ამა თუ იმ არჩევნების წინ, ინტერპარტიული კოორდინაცია რომ ხდებოდა, როცა პარტიები თანხმდებოდნენ ზოგად ეთიკურ თუ ორგანიზაციულ საკითხებზე. ამგვარ პლატფორმას ასეთი ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე და შეკითხვაზე - “რა პერსპოექტივა ექნება არჩევნებში ამ პლატფორმას?” - პასუხობს:

“თუკი “ოცნებაც” ამ პლატფორმაზეა მიპატიჟებული, გამოვა, რომ მთელს საქართველოს ერთი პარტია ეყოლება, თავის “ოცნებიან”-ოპოზიციანად? ასეთ ვარიანტში ეს პლატფორმა ვერ გადაიქცევა პოლიტიკურ საარჩევნო სუბიექტად. მხოლოდ ერთი ტიპის პარტიები რომ ყოფილიყო, იქ შეიძლებოდა დამდგარიყო საკითხი მათი ერთ პარტიად გაერთიანებისა, ახლა რადგან სხვადასხვა ტიპის ხალხი და ურთიერთდაპირისპირებული იდეებით შედიან ამ პლატფორმაში, ალბათ ასეთი საკითხი გამორიცხულია”.

“შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი აცხადებს. რომ პრეზიდენტმა ამ იდეის წამოყენებით ახალი ნიშა დაიკავა. ამბობს, რომ “ოცნება” არ მივა, თუმცა შესაძლოა ზურაბიშვილის გათვლაც ამაზე იყოს. “პრეზიდენტმა რაღაც ახალი ნიშა დაიკავა, რომ იყოს მაქსიმალურად პროდასავლური და მისი მიზანი და ამბიციაა, რომ ამ პლატფორმის ლიდერი იყოს. ასევე მისი მიზანია მოიგოს იმ ამომრჩევლის გული, ვინც არ უჭერს მხარს არც ოპოიზიციას და პირველ რიგში ენმ-ს და არც “ოცნებას”, მაგრამ არის პროდასავლურად განწყობილი. ამომრჩევლის სადღაც 40% არცერთ პოლიტიკურ ძალას მხარს არ უჭერს. დღეს აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს, მაგრამ შეიძლება გათვლა ჰქონდეს, რომ შემდგმში თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, ის იყოს კვლავ პრეზიდენტობის კანდიდატი. მანამდე ოპოზიციასთან დაახლოებას ცდილობს. ამ პლატფორმის მიზანია აჩვენოს, რომ ის ყველას პრეზიდენტია. რა თქმა უნდა, “ოცნება” არ მივა, თუმცა, შესაძლოა, ზურაბიშვილის გათვლაც ამაზე იყოს, რომ ის იყო კონსტრუქციული და ყველას კარი გაუღო. თავად ზურაბიშვილს რაც შეეხება, რა თქმა უნდა თავის თამაშს თამაშობს”, - ამბობს ჩიტაძე, მისივე აზრით, “დღეს მას პროდასავლურიბა სჭირდება და ამიტომაც დღეს რუსეთს აკრიტიკებს, მაგრამ თავის დროზე მას სხვა განცხადებებიც აქვს გაკეთებული”, - წერს სტატიის ავტორი.

შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ზურაბიშვილი სააკაშვილს - რა მინიშნებებს აკეთებს ექსპრეზიდენტი

“ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაციას გეგმავს, თუმცა, მათთვის მთავარი ფუნდამენტური საკითხი სააკაშვილის შეწყალებაა. ანალიტიკოსების თქმით, ზურაბიშვილი სააკაშვილს ციხიდან “ასე მოულოდნელად” არ გამოუშვებს, თუმცა, გამორიცხული არაფერია. “პრეზიდენტ ზურაბიშვილთან მიმართებით ყველა, საჯარო თუ არასაჯარო კომუნიკაციაში, “ნაციონალური მოძრაობისთვის” ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხი, პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებაა, რადგან ვთვლით, რომ ეს არის ისტორიული უსამართლობა და ამის დასრულების კონსტიტუციური ბერკეტი აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომელიც ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესში უნდა გამოიყენოს”, - ამ ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, ფორმალური გაერთიანება აუცილებელი არაა და მნიშვნელოვანია “საერთო ოპოზიციური ძალისხმევა ივანიშვილის ხელისუფლების შესაცვლელად”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ზურაბიშვილი სააკაშვილს - რა მინიშნებებს აკეთებს ექსპრეზიდენტი.

“ჩვენ განვაცხადეთ, რომ პრეზიდენტის ინიციატივას შევუერთდებით, რადგან ჩვენთვის უმთავრესი ეროვნული ამოცანა არის ხელისუფლების ცვლილება და მიგვაჩნია, რომ ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური კონსოლიდაცია და კონსოლიდაცია საზოგადოებაში. ჩვენთვის ეს არჩევნები არის არჩევნები, სადაც ყველამ უნდა იფიქროს არა პარტიულ შედეგზე და ამოცანებზე, არამედ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. ჩვენც ამოვდივართ არა პარტიული გათვლებით, არამედ ორიენტირებული ვართ ჩვენი ქვეყნის დიდ ეროვნულ, ევროპულ მიზნებზე. პრეზიდენტთან შეხვედრაზე მოწვევა ჯერ არ მიგვიღია... ველით, რომ მისგან მოვისმენთ მეტ კონკრეტიკას და დეტალებს იმ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტში მოვისმინეთ და მზაობას გამოვთქვამთ, რომ შევუერთდეთ, თუმცა დამატებითი დეტალების გაგება მნიშვნელოვანია”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. მიხეილ სააკაშვილმა კი პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ოპოზიციურ ძალებს სთავაზობს გამარჯვების შემდეგ ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატზე ჩამოყალიბდნენ, ამბობს, რომ ის დახალოებით ხვდება ვინცაა და სხვისი აზრიც აინტერესებს. საზოგადოების ნაწილმა კი საპრეზიდენტო კანდიდატში ზურაბიშვილი იგულისხმა, თუმცა, თავად კონკრეტულად არავინ დაუსახელებია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით: ვეთანხმები, რომ არ არის ხელოვნური ფორმალური გაერთიანებების დრო, ამავე დროს, ჩამოსაყალიბებელია ერთობლივი პროევროპული ძალების საკოორდინაციო ფრონტი, თუნდაც არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. როგორც პირველ ნაბიჯს, მე ყველა დასავლურ ძალას ვთავაზობ, ჩამოვყალიბდეთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატზე. მე დაახლოებით ვხვდები, თუ ვინ იკვეთება ასეთ კანდიდატად, მაგრამ ასევე სხვების აზრის გაგება მაინტერესებს”, - წერს სააკაშვილი. ანალიტიკოსი გია აბაშიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ თუ ზურაბიშვილმა სააკაშვილის გამოშვება გადაწყვიტა, იმ დროს დაამთხვევს, როცა ოპოზიციისგან საპროტესტო აქცია იქნება”, - განაგრძობს გამოცემა.

“რამდენჯერმე მედიაში ვნახეთ, რომ სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა ოპოზიციონერს შეხვდა რადიკალური ფლანგიდან, ეს რაც მედიაში გამოქვეყნდა და რა კერძო შეხვედრებიც იყო, რომელიც არ გაშუქებულა. ადვილი წარმოსადგენია, რომ ეს კონსულტაციები მარტო ეკრანებიდან და ტრიბუნებიდან არ აქვს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში ბოლო გამოსვლას, მან მინიშნება გააკეთა - პლატფორმას დაარქმევს თუ სხვა ტიპის ორგანიზაციას, ფაქტია, ის აპირებს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე გადაინაცვლოს და დიდი ალბათობით საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. აქ დგება ისევ და ისევ ის შეკითხვა, აქვს კი მას ის რეიტინგი, რომ თუნდაც რომელიმე ძველ, ან ახალშექმნილ პარტიაში მისი მონაწილეობისას 5%-იანი ბარიერი გარანტირებულად მოიპოვოს?! ეს სათუო და ძალიან საეჭვოა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“კონსულტაციები თუ არის სააკაშვილის გამოშვებაზე და თუ გამოუშვებს, ჩემი ვარაუდით, სანამ სამართალდამცველები სააკაშვილს უკან ციხეში შეაბრუნებენ მიმდინარე საქმეებზე, ეს შესაძლოა ისეთ დროს იყოს, როცა რადიკალური ოპოზიცია და სააკაშვილის მხარდამჭერები რუსთაველზე შეკრებილები იქნებიან, რომ რაღაც პიარულ-პოლიტიკური ეფექტი ჰქონდეს. ასე მოულოდნელად არ შეიძლება სააკაშვილის გამოშვება, მაგრამ თუ გამოუშვებს მიტინგის გარეშე არა მგონია მოხდეს. ჩავთვალოთ, რომ ომის პარტიიდან რამდენიმე საათში რამდენიმე ასეული მხარდამჭერი აუცილებლად შეიკრიბება. სალომე ზურაბიშვილის არაადეკვატურობიდან გამომდინარე, არაფერი არაა გამორიცხული, თუმცა, თუ სააკაშვილი მაინც გამოუშვა, ეს პოლიტიკურ ბალანსს დიდად არ შეცვლის. ეს არაადეკვატურობა მან 6 თებერვალს პარლამენტის სხდომათა დარბაზში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, სადაც მმართველ პარტიას ძალიან უსაფუძვლო და უაზრო ბრალდებები წაუყენა, რასაც ნამდვილად არ იმსახურებს”, - მიიჩნევს გია აბაშიძე.

“დასავლეთი ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა რა ფორმით უნდა დამარცხდეს რუსეთი” - რა ცვლილებებია რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე

“უკრაინაზე რუსეთი მასობრივ საჰაერო შეტევას განაგრძობს - აფეთქებებია უკრაინის დედაქალაქში, ასევე კიევის, ხარკოვის, ლვოვის და ჩერკასის ოლქებში. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მასირებული სარაკეტო შეტევის გამო ამოქმედებულია საჰაერო თავდაცვის სისტემა. რაკეტების გარდა, დაფიქსირებულია უპილოტო საფრენი აპარატები. თავდასხმის გამო, საჰაერო განგაში უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ოლქებიდან დაიწყო და, ადგილობრივი დროით დილის 6 საათისთვის, გავრცელდა ქვეყნის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე. შედეგები, ამ ეტაპზე, უცნობია. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ განხორციელებულ მორიგ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა. და აღნიშნა, რომ დედაქალაქში კომუნიკაციების ნაწილი დაზიანდა. უკრაინის პრეზიდენტმა ექიმებსა და მაშველებს მადლობა გადაუხადა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინამ, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ომში, ძალისხმევა სამ ძირითად მიზანზე უნდა მიმართოს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “დასავლეთი ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა რა ფორმით უნდა დამარცხდეს რუსეთი” - რა ცვლილებებია რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე.

“2024 წელს ჩვენი ძირითადი ძალისხმევა სამ მიმართულებაზე უნდა მივმართოთ : შევქმნათ სისტემა ჩვენი შეიარაღებული ძალების მაღალტექნოლოგიური აქტივებით უზრუნველყოფისთვის, დავნერგოთ წვრთნისა და ომის ახალი ფილოსოფია, რომელიც ითვალისწინებს მათი გამოყენების საშუალებებისა და აქტივების შეზღუდვას, ახალი საბრძოლო შესაძლებლობების რაც შეიძლება სწრაფად დაუფლება. ჩვენ უკვე გვაქვს მტრის აღმოფხვრის და სახელმწიფოებრიობის არსებობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს გამოვიყენოთ მომენტი - მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენი უახლესი საბრძოლო შესაძლებლობების დაგროვება, რაც მოგვცემს საშუალებას გამოვყოთ ნაკლები რესურსი მტრისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებისთვის, აგრესიის დასასრულებლად და მომავალში უკრაინის მისგან დასაცავად”, - აღნიშნა ზალუჟნიმ. უკრაინა საარტილერიო ჭურვების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის. რუსეთი ფრონტზე ყოველდღე სამჯერ მეტ ჭურვს იყენებს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელიც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა ევროკავშირელ კოლეგებს გაუგზავნა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მინისტრის თქმით, უკრაინას არ შეუძლია დღეში 2000-ზე მეტი ჭურვის გასროლა ფრონტის ხაზზე, რომელიც გადაჭიმულია 1500 კილომეტრზე. ეს კი რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო არმიის მიერ გაშვებული საბრძოლო მასალის მესამედზე ნაკლებია. უმეროვი აღნიშნავს, რომ იარაღის დეფიციტთან დაკავშირებით ვითარება დღითიდღე უარესდება და ევროკავშირელ მოკავშირეებს მოუწოდებს, მეტი გააკეთონ მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდებასთან დაკავშირებით თავიანთი ვალდებულების შესასრულებლად. “როგორც წესი, იმარჯვებს ის მხარე, ვისაც მეტი საბრძოლო მასალა აქვს ბრძოლისთვის”, - წერს მინისტრი. მისი თქმით, უკრაინას თვეში 200 000 155 მმ-იანი ჭურვი სჭირდება. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ ახლა უკრაინას წარმატებისთვის მალე ძალიან ბევრი იარაღი სჭირდება. გენერალი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ უკრაინამ ახლა თავისი სამხედრო სტრატეგია უნდა შეცვალოს და ის უნდა გადავიდეს დაცვით ოპერაციებზე”, - განაგრძობს გამოცემა.

“უკრაინამ ამ ეტაპზე არ უდა იფიქროს დიდ კონტრშეტევებზე. თუმცა უნდა განახორციელოს სპეციალური ღონისძიებები მტრის ზურგში. სიღრმისეული დარტყმები. თუკი მიიღო ასევე შორს მოქმედი რაკეტები ისინი უფორ შორს სიღრმეში უნდა გამოიყენოს. მსოფლიო, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას ასევე რუსეთთან გამოფიტვაში უნდა ხელი შეუწყოს. ამ მსოლფიომ ცივი ომის პერიოდში ერთხელ საბჭოთა კავშირს უკვე მოუგო. თუმცა აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი თუკი, ანუ თუ მოინდომა დასავლეთმა ეს შესაძლებელი იქნება. ის რომ რუსეთმა სამხედრო ეკონომიკის გადაწყობა მოახდინა. სამხედრო ინდუსტრია განავითარა, ეს ხომ ნიშნავს, რომ ეკონომიკის სხვა სფეროებს მოაკლდა. ამიტომ რუსეთსაც არ ულხინს. დროებით უკრაინამ თავის ქვეყნად საბოლოო ჩამოყალიბებისთვის უნდა დაიწყოს ფიქრი და გამოსავლის ძიება. შიდა მრეწველობის განვითარება უნდა დაიწყოს, კონსოლიდაცია უნდა შეძლონ რაღაცის გარშემო. ეს უნდა განახორციელონ, სანამ დაცვით პოზიციებში იქნებიან”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

მისივე თქმით, “არავინ არ იძახის სამშვიდობო ხელშეკრულება დაუდოს რუსეთს, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რაღაცა სახის მოლაპარაკება უნდა დაიწყოს. ხოლო რუსეთი გაძლიერდება ამასობაში, თუკი დასავლეთი ამის საშუალებას მისცემს. კაპანაძე ამბობს, რომ ცუდია, როდესაც იმაზე მიდის საუბარი, რომ უკრაინის კონტრშეტევა ჩავარდა. გენერალი ამბობს, რომ ეს არის დიდი ომის ერთი ეპიზოდი. ესეთი კონტრშეტევები ხდება, წარმატებულიც არის და წარუმატებელიც. ესეთი წარუმატებელი კონტრშეტევები ყოფილა, თუნდაც მეორე მსოფლიო ომის დროს”, - დასძენს გამოცემა.

“ნურავის ნუ ექნება იმის იმედი, რომ ამით უკრაინა ბრძოლისუნარიანობას დაკარგავს. ხელს ჩაიქნევს დასავლეთი ამის გამო და ა.შ. ამ ეტაპზე უკრაინამ მთავარია თავის შეიარაღებული ძალები გააძლიეროს. მაქსიმალური ზიანი მიაყენოს რუსებს. დღეს უკრაინა არის გამარჯვებული მაინც, რადგან რუსეთმა რა მიზნებიც ჰქონდა დასახული, ვერცერთს მიაღწია. კი ბატონო, დაკარგა უკრაინამ ტერიტორიები, მაგრამ არის გამარჯვებული. დამარცხებულია თუ არა რუსეთი, აი ამაზე მიდის მსჯელობა. ანუ რა ფორმით უნდა დამარცხდეს ის, დასავლეთში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბებულან”, - დაასკვნის ვახტანგ კაპანაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ტრამპი რუსეთის მიმართ იქნა უფრო კატეგორიული, სხვაგვარი ვითარება შეიქმნება, მაშინ, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის