საია - 2023 წელს საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია

2023 წელს საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია,- ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2023 წელს საქართველოში სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აფასებს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ კვლავ მაღალია გენდერის ნიშნით ქალთა მკვლელობის მაჩვენებელი.

„ამასთან, არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით ვერ უზრუნველყოფს ეფექტიან, დაზარალებულზე ორიენტირებულ, გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივ მექანიზმებს. ძალადობა გამოვლილი ქალებისთვის მართლმსაჯულება ხელმიუწვდომელი ან/და რთულად ხელმისაწვდომია. სუსტია როგორც ნაადრევი ქორწინების პრევენციის საკანონმდებლო მექანიზმი, ასევე, ხშირად არაეფექტიანია პრევენციული რეაგირება. სხვადასხვა ფორმით გამოვლენილი ძალადობის პირისპირ კვლავ განსაკუთრებით დაუცველნი არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები.

ლგბტ+ პირები კვლავ განიცდიან დისკრიმინაციას განათლების, სამუშაოს, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროებში, მეტწილად, არსებული საკანონმდებლო ნორმების ჯეროვნად აღუსრულებლობით გამოწვეული ხარვეზების გამო. ლგბტ+ ადამიანები განსაკუთრებით დაუცველნი არიან სტიგმისა და ძალადობისგან. 2023 წლის 8 ივლისს „ლისი უანდერლენდის“ ტერიტორიაზე ანტიდასავლურმა, მოძალადე ჯგუფებმა „თბილისი პრაიდის“ფესტივალი ჩაშალეს და ტერიტორია დაარბიეს. ადამიანის უფლებათა სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, სხვა სოციალური ჯგუფებისგან განსხვავებით, ამ დრომდე ერთხელაც არ უხსენებიათ ლგბტ+ადამიანები და მათი უფლებები.

ასევე კვლავ პრობლემად რჩება ბავშვთა მიმართ შრომითი ექსპლუატაციის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ სხვა სახის ძალადობის ფორმების დროულად გამოვლენა. მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს ბავშვთა სოციალური მხარდაჭერის კუთხითაც. მიზნობრივი სახელმწიფო სერვისები არასაკმარისი და არაეფექტიანია. 2023 წელს ბავშვთა სიღარიბე სახელმწიფოში კვლავ ყველაზე მტკივნეულ საკითხად რჩებოდა. იკვეთება ასევე ბარიერები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე წვდომის თვალსაზრისით. სოფლად მცხოვრები ბავშვების გარკვეულ ნაწილს სკოლამდელ განათლებაზე ხელი არ მიუწვდება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით კი წლების განმავლობაში გადადგმული არაერთი პოზიტიური ნაბიჯის მიუხედავად, მათი უფლებების სრულყოფილი რეალიზება კვლავ ვერ ხერხდება. შშმ პირთა ინკლუზიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანასწორ ჩართვას დამატებით ბარიერებს უქმნის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭება სამედიცინო მიდგომის საფუძველზე. არსებული საკანონმდებლო გარანტიების მიუხედავად, ინკლუზიური განათლება ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დახვეწილი და მისაწვდომი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის.

ასევე, რელიგიური გაერთიანებების თანასწორუფლებიანობის მიმართულებით 2023 წელს თავდაცვის კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებებმა დისკრიმინაციულ მოწესრიგებას დაუდო საფუძველი. კონკრეტულად, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები კვლავ გათავისუფლდებიან არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურისგან, მაშინ, როდესაც ყველა სხვა სასულიერო პირს მისი გავლა მოუწევს.

პრობლემურია, გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უფლებით სათანადოდ სარგებლობა. ხშირად სახელმწიფო ორგანოები სხვადასხვა პროექტზე გადაწყვეტილებებს კანონმდებლობის ნორმათა დარღვევით იღებენ, ჯეროვნად არ იკვლევენ საქმის გარემოებებს, შესაბამისად, ვერ აფასებენ პროექტის შესაძლო უარყოფით ზეგავლენას გარემოსა და ადამიანზე.

2023 წლის 3 აგვისტოს შოვში, ხოლო სექტემბერში გურიაში მომხდარი სტიქიური მოვლენები ცხადყოფს, რომ სახელმწიფო მზად არ არის, გაუმკლავდეს ბუნებრივ კატასტროფებს და თავიდან აირიდოს მათგან მომდინარე საფრთხეები. ქვეყანაში ამ დრომდე არ არსებობს ადრეული გაფრთხილების სისტემები და სათანადოდ არ სრულდება კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები“,- აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოწვევად რჩება ხანდაზმულთა სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, განსაკუთრებით, სახელმწიფოს მიერ შერჩეული საბანკო დაწესებულების მხრიდან პენსიის სახით მისაღები სახელმწიფო გასაცემელის თვითნებური დაკავების/დაქვითვის მიმართულებით.

ასევე, აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სიღარიბე. ნათქვამია, რომ სახელმწიფოს არ აქვს შემუშავებული სიღარიბის დაძლევის ერთიანი და მდგრადი პოლიტიკა, რომელიც მაქსიმალურად გაითვალისწინებს ინკლუზიურ მიდგომებს, მოიცავს ქვეყანაში არსებულ ყველა მოწყვლად ჯგუფს და მიმართული იქნება არსებული სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრისკენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო