ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  მიმდინარეობს

სასტუმრო „ბილტმორში“, ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, კახაბერ კორძაიას თქმით, CIU-ს მიერ ორგანიზებული მაღალი რანგის სამეცნიერო ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და მეწარმეობის შესახებ უახლესი სამეცნიერო კვლევების განვითარებას და ინტერნაციონალიზაციას საქართველოში, ასევე, აკადემიურ, საჯარო და ბიზნესსექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და მის პოპულარიზაციას ახალგაზრდა მეცნიერთა შორის.

“დღეს ჩვენ უნივერსიტეტში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ვატარებთ ძალიან მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას ინოვაციებისა და მეწარმეობის შესახებ. ამ კონფერენციის მიზანია, რომ შეიქმნას სამეცნიერო პლატფორმა, რომელიც წაახალისებს ინოვაციურ კვლევებს და შემდგომ ამ კვლებს კომერციალიზაციას და გამოყენებას მეწარმეობაში. ეს მნიშვნელოვანია, როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე, ზოგადად საქართველოსთვის და ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისთვის. მიხარია, რომ ეს იდეა თავიდანვე აიტაცა რუსთაველის ფონდმა და დააფინანსა ჩვენთან ერთად ეს კონფერენცია. ძალიან ბევრი საინტერესო უცხოელი პარტნიორები ჩაერთნენ კონფერენციის ორგანიზებაში, მათ შორის არის ალკალას უნივერსიტეტის მეწარმეობის სკოლა (ესპანეთი) და დეგენდორფის ტექნოლოგიების ინსტიტუტი (გერმანია). მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრი უცხოელი სტუმარი კონფერენციაზე ჩამოვიდა, რომლებიც გაგვიზიარებენ თავიანთ ხედვებს, გამოცდილებას ინოვაციურ კვლევებზე და შემდეგ ამ კვლევების გამოყენებას”, - განაცხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ.

პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კი არის ღონისძიების მასპინძელი, პროექტის წამყვანი და თანადამფინანსებელი ორგანიზაცია.

“შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ბევრ საინტერესო კონკურსის ადმინისტრირებას ახდენს. სწორედ, ასეთი კონკურსების შედეგი არის ის პროექტები, რომელიც, საბოლოო ჯამში, თავიანთ წარმატებულ სამეცნიერო პროდუქტებს აკეთებენ. ერთ-ერთი ასეთი გამარჯვებული პროექტის საბოლოო შედეგი დღეს სახეზეა. ეს დაგვირგვინებულია კონფერენციის სახით, რომელიც დამსწრე საზოგადოებისთვის არის წარმოდგენილი. ვფიქრობ, ასეთი კონკურსები ქვეყნის საკეთილდღეოდ ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ კონფერენციის, პროექტის არსი და მნიშვნელობა არის ბიზნესისა და მეცნიერების გარკვეულწილად გაერთიანება, საერთო, საინტერესო ძაფების გამოძებნა და მომავალში ამ მიმართულებით მეტი წარმატებული ნაბიჯის გადადგმა”, - განაცხადა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, თეიმურაზ დოჭვირმა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრის, მარიამ ლაშხის განცხადებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებები.

“ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს დღეს საქართველო, ჩვენი სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერების და მასში ახალგაზრდების ჩართულობისათვის. კრიტიკულად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებები. საქართველო არის ინტელექტუალური რესურსის დიდი ბაზა, რომლის აუცილებელი გამოყენება უნდა მოხდეს. ჩვენ ყოველდღიურობაში, როგორც კლიმატის ცვლილების მიმართულებით, ასევე სხვა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა მეცნიერებები გვყავდეს, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი წვრილი მიიღონ უკეთესი ქვეყნის მშენებლობაში. საქართველოს პარლამენტის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს, როგორც სამეცნიერო პოტენციალის გაზრდას, ასევე, კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობას ამ მიმართულებით. პარლამენტი გააგრძელებს აკადემიური სექტორთან ერთობლივ მუშაობას”, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, მარიამ ლაშხმა.

ცნობისთვის, კონფერენციის მეორე დღე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება, სადაც 5 დარგობრივი სექცია და მეწარმეების გამოფენა იქნება წარმოდგენილი, მესამე დღეს კი სამეცნიერო აქტივობებს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს. კონფერენციაში ჩართულია სხვადასხვა ქვეყნის 140-მდე მონაწილე სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, ასევე, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს სახელმწიფო და კერძო ბიზნესსტრუქტურები. თანამონაწილე ორგანიზაციების სახით ჩართულები არიან: ალკალას უნივერსიტეტის მეწარმეობის სკოლა (ესპანეთი) და დეგენდორფის ტექნოლოგიების ინსტიტუტი (გერმანია); პროექტის პარტნიორები არიან: სააგენტო "აწარმოე საქართველოში", მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA), გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი - UN Global Compact Network Georgia, ფინანსური განათლების პორტალი - „ფინედუ“ და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო