ვახტანგ ხმალაძე - როცა ცესკოს მიმართ ნდობა დაბალია, არჩევნების ჩატარება სახიფათო რისკების შემცველია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი ცესკოს ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით.

ოპოზიციის მტკიცებით, მიღებული კანონით ცესკოს დაკომპლექტება მხოლოდ ერთი მმართველ პარტიის მიერ მოხდება, რაც აჩენს იმის რისკებს, რომ ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობა დაბალი იქნება.

ამ კანონის მიღება მოხდა იმის ფონზე, როცა მმართველი გუნდი აცხადებს, რომ მას ქვეყანა ევროპული გზით ევროკავშირში მიჰყავს. მესამე მოსმენით ამავე კანონის მიღება დაემთხვა ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი კობახიძის პირველ ვიზიტს, სადაც ჩვენ გარკვევით გვითხრეს, რომ რეფორმების გატარება და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე გადის ქვეყნის ევროპული პერსპექტივა.

თქვენ როგორ შეაფასებდით ცესკოს ადმინისტრაციის დაკომპლექტების შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას?

- პირველ რიგში საარჩევნო ადმინისტრაცია არის ის ორგანო, რომელიც ადგენს არჩევნების შედეგებს. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ ამ ორგანოს მიმართ საზოგადოებაში არსებობდეს ნდობის მაღალი დონე.

თუ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის დონე არ იქნა მაღალი, თუნდაც ის მოიქცეს აბსოლუტურად წესიერად, კანონის შესაბამისად, არაფერი დაარღვიოს, მისი გადაწყვეტილების მიმართ მაინც იქნება ეჭვები. ნდობის დონეს განსაზღვრავს ის, თუ როგორ იქმნება ცესკოს საარჩევნო ადმინისტრაცია.

ის, თუ როგორ იქნება შექმნილი საარჩევნო ადმინისტრაცია, შემდგომ ამაზეა დამოკიდებული როგორი იქნება საოლქო კომისიები და შემდგომ საუბნო კომისიები. როდესაც ცესკოს შექმნა ერთი პარტიის ხელში ექცევა, მაშინ მის მიმართ ნდობის ხარისხი უაღრესად ეცემა, რაც ძალიან ცუდია.

როდესაც ცესკოს შექმნა ერთი პარტიის ხელში ექცევა, მაშინ მის მიმართ ნდობის ხარისხი უაღრესად ეცემა, რაც ძალიან ცუდია

ისევ გავიმეორებ ხაზგასმით, ცესკოს მიმართ ნდობა მაშინაც კი დაბალი იქნება, თუ ცესკო აბსოლუტურად წესიერად და ცესკოს მიმართ ისედაც არ იყო მაღალი ნდობის ხარისხი, მაგრამ, ახლა, როცა ისეთი ცვლილება, რომელიც პარლამენტმა ახლა ცესკოს ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესში შეიტანა, ცესკოს მიმართ ნდობის ხარისხი კიდევ უფრო დაეცემა. როცა ცესკოს მიმართ ნდობა დაბალია, არჩევნების ჩატარება სახიფათო რისკების შემცველია

- ცესკოს ადმინისტრაციის დაკომპლექტების მიღებული წესი ეწინააღმდეგება ერთი მხრივ ვენეციის კომისიის დასკვნას, მეორე მხრივ ვიღებთ სურათს, როცა შესასრულებელი 9 ევროპული რეკომენდაციიდან, ერთი შეუსრულებელი გვექნება.

ამ თემაზე ვენეციის კომისიის შენიშვნებზე ხელისუფლებამ თქვა, არ შევასრულებთო და არ შეასრულა. ეს ხდება იმის ფონზე, როცა ხელისუფლება ამბობს, რომ მას ქვეყანა ევროკავშირში მიჰყავს.

უცნაური ისაა, რომ ამ საკითხზე კანონის მესამე მოსმენით მიღება პრემიერ ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტისას იქნა მიღებული. რას შეიძლება ნიშნავდეს ამ პროცესების თუნდაც შემთხვევით დამთხვევა?

- არის ქართლი ანდაზა - „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“. ცხადად ჩანს, რომ ხელისუფლება ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს, თუმცა, ამ შემთხვევაში, მთლად ასეც არაა, რადგან რაც მათ ვენეციის კომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით თქვეს, ის შეასრულეს. ანუ, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს. პირდაპირ დაარღვიეს.

ცხადად ჩანს, რომ ხელისუფლება ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს, თუმცა, ამ შემთხვევაში, მთლად ასეც არაა, რადგან რაც მათ ვენეციის კომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით თქვეს, ის შეასრულეს. ანუ, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს. პირდაპირ დაარღვიეს

ანუ, 9 რეკომენდაციიდან ერთი, რაც საარჩევნო სისტემას ეხება, შეუსრულებელი დაგვრჩება. ეს უკვე მოხდა, მაგრამ, არც ის ჩანს, რომ ხელისუფლება აპირებს თუ არა სასამართლოს რეფორმირებას, ან პროკურატურის, ან ანტიკორუფციული სამსახურის რეფორმირებას? თუ ეს რეფორმები არ განხორციელდა, ეს იქნება ძალიან ცუდი შედეგის მომტანი.

- ამ თემაზე მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა - „რადიკალურ ოპოზიციას უნდა რომ ცესკოში პოლიტიკური ჩარევის ბერკეტი შეინარჩუნოს - ისინი უფრო ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის, ვიდრე არჩევნების დღისთვის“.

მმართველი გუნდი ამ თემაზე ყველაფერზე საუბრობს გარდა იმისა, თუ ვის აქვს ახლა ცესკოზე ბერკეტი. თქვენი აზრით ვის აქვს?

- მხოლოდ „ქართულ ოცნებას“. საქმეც ისაა, რომ 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუდმივად იყოს საუბარი იმაზე, რომ მოდით დავიცვათ პრინციპი, ცესკოში, არც ერთ პარტიას, არც მმართველ პარტიას, არც სხვა პარტიას არ ჰქონდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების საშუალება. ამიტომ, ყველა იყოს წარმოდგენილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარიტეტულად.

ბოლო 20 წელია ცესკოში პარტიების პარიტეტული წარმომადგენლობა დაცული არ ყოფილა

ეს პრინციპი, ჩვენი დამოუკიდებლობის პირველ ეტაპზე იყო შენარჩუნებული და დაცული. მაშინ ცესკოს მიმართ ნდობაც მაღალი იყო, შემდგომ დაიწყო მისი გაუარესება. ბოლო 20 წელია ცესკოში პარტიების პარიტეტული წარმომადგენლობა დაცული არ ყოფილა.

- მმართველი გუნდის წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ 2024 წლის არჩევნებზე, მათ 60% მხარდაჭერა ექნებათ.

თუ ხელისუფლება თვლის, რომ 2024 წლის არჩევნებზე მას 60%-იანი მხარდაჭერა ექნება, რაში სჭირდება მას ცესკოს ერთპარტიულად დაკომპლექტება?

- ორიდან ერთია - აი რომ ვერ მივიღოთ 60%? ანუ, ხელისუფლება ღრმად არაა დარწმუნებული იმაში რომ ვერ მიიღებენ ამომრჩეველთა ხმების 60%-ს, ან თუნდაც 50%-ზე მეტს. ამიტომ, ხელისუფლებას უნდა შეინარჩუნოს არჩევნების შედეგების მანიპულირების შესაძლებლობა. ან ეჭვი არ ეპარება, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს და მოიპოვებს ერთპარტიულ უმრავლესობას. მაგრამ, იტოვებენ თავის ხელში არჩევნების შედეგების მანიპულირების შესაძლებლობას. ამით ხომ მათ მეტი გარანტია ექნებათ არ დაკარგონ ხელისუფლება.

ხელისუფლებას უნდა შეინარჩუნოს არჩევნების შედეგების მანიპულირების შესაძლებლობა. ან ეჭვი არ ეპარება, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს და მოიპოვებს ერთპარტიულ უმრავლესობას. მაგრამ, იტოვებენ თავის ხელში არჩევნების შედეგების მანიპულირების შესაძლებლობას. ამით ხომ მათ მეტი გარანტია ექნებათ არ დაკარგონ ხელისუფლება

თუმცა, აქვე ვიტყვი - ცესკოს დაკომპლექტების წესში რაც გინდა არ ჩაწერო, რაც გინდა დაწერო, თუ არჩევნებზე საზოგადოება იქნება აქტიური, მაშინ გადაწყვეტილება გამოვა ისეთი, როგორიც ამ საზოგადოებას უნდა.

ვერასოდეს საქართველოშიც კი, სხვა ქვეყნებში აღარაფერს ვამბობ, როდესაც საზოგადოებაში არსებობს მკაფიო გამოხატულება, მიუხედავად თავისი მოქმედებისა, ხელისუფლებამ ვერ შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება.

- ცესკოს იმ წესით დაკომპლექტების წესზე, რაც უკვე მიღებულია, როგორი უნდა იყოს ოპოზიციის პასუხი ხელისუფლების მოქმედებაზე?

- ოპოზიცია ხელმძღვანელობს პრინციპით, რომ არჩევნებს ყოველთვის აქვს აზრი. თუ ოპოზიცია დარწმუნებულია თავის ძალებში, ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ ოპოზიციის ჯამური მხარდაჭერა საკმაოდ აღემატება მმართველი პარტიის მხარდაჭერას, მაშინ, ოპოზიციამ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ ეს მხარდაჭერა იყოს მატერიალიზებული.

იმ პარტიებმა, რომლებიც კარგად ხედავენ, რომ საარჩევნო ზღურბლს ვერ გადალახავენ, უარი უნდა თქვან ან საერთოდ არჩევნებში მონაწილეობაზე, ან უნდა შეეცადონ სხვებთან ერთად ერთ გუნდში გაერთიანდნენ, რათა ხმების დაკარგვა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი

ანუ, შეძლოს არჩევნებზე თავისი მხარდამჭერების მაქსიმალურად მობილიზება, იმდაგვარად დაგეგმოს საარჩევნო პროცესი, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ე.წ. დაკარგული ხმების რაოდენობა. ანუ, იმ ამომრჩეველთა ხმები, რომელიც ამა თუ იმ პარტიისთვის მიცემული ხმები იკარგება იმის გამო, რომ პარტია ვერ გადალახავს საარჩევნო ზღურბლს.

იმ პარტიებმა, რომლებიც კარგად ხედავენ, რომ საარჩევნო ზღურბლს ვერ გადალახავენ, უარი უნდა თქვან ან საერთოდ არჩევნებში მონაწილეობაზე, ან უნდა შეეცადონ სხვებთან ერთად ერთ გუნდში გაერთიანდნენ, რათა ხმების დაკარგვა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

- უკვე ვიცით რომ ოდირის დამკვირვებლები მალე საქართველოში ჩამოვლენ და არჩევნების მზადებასთან დაკავშირებით შუალედურ დასკვნებს დადებენ.

თუ ხელისუფლებამ არჩევნებთან დაკავშირებით მათი, თუნდაც შუალედური დასკვნები არ გაითვალისწინა, ხელისუფლების ასეთი ქმედება რისი თქმის საშუალებას დატოვებს?

- ამ შემთხვევაში არჩევნების ლეგიტიმაციის ხარისხი იქნება დაბალი. ანუ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, აშშ-ს და სხვა ქვეყნების ნდობა არჩევნების შედეგებისადმი ფაქტობრივად აღარ იქნება, რაც ძალიან უარყოფით გავლენას მოახდენს ჩვენს ხელისუფლებასა და სხვა სახელმწიფოების ურთიერთობაზე. ეს კი საბოლოოდ გაუარესებს საქართველოსა და მისი ჩვეულებრივი მოქალაქეების მდგომარეობას.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო