რელიგიის სააგენტოს დელეგაცია თურქეთის ომბუდსმენს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც თურქეთის ომბუდსმენს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე თურქეთის რესპუბლიკის მთავარ აუდიტორს (ომბუდსმენს), შერეფ მალქოჩს შეხვდა.

მალქოჩი, ომბუდსმენად არჩევამდე, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ერდოღანის მთავარი მრჩეველი და თურქეთის ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

საუბრის დასაწყისში, ომბუდსმენმა გასულ წელს საქართველოში ვიზიტი გაიხსენა:

„საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა, დიდი გულით" - აღნიშნა მან და გამოხატა პატივისცემა რელიგიის სააგენტოს მიმართ.

პრესსამსახურის ცნობით, სააგენტოს თავმჯდომარემ თურქეთის ომბუდსმენს საქართველოს რელიგიური შემადგენლობა და სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა გააცნო. სააგენტოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო აფასებს და ხელს უწყობს ქართული ისლამის ერთიანობას. მან საქართველოში რელიგიების ფინანსური დახმარების, მათ შორის, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებისა და საკულტო ნაგებობების დაბრუნების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მუსლიმ თემს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 237 მეჩეთი დაუბრუნდა. მან, ასევე, აღნიშნა სააგენტოსთან არსებული ინტერრელიგიური სათათბიროს როლი და რელიგიურ ლიდერებს შორის ტოლერანტული და მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობა.

მათივე ცნობით, სააგენტოს თავმჯდომარემ საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას და საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.

თურქეთის რესპუბლიკის მთავარი აუდიტორის თქმით, ქრისტიანულ ქვეყანაში მუსლიმთა უფლებები ისე დაცული, როგორც საქართველოშია, სხვაგან არ არის. იგი, ასევე, დაინტერესდა ქართულ და სომხურ მართლმადიდებლობას შორის განსხვავებით.

„ქვეყნის სტაბილურობისთვის რელიგიის სააგენტოს საქმიანობა მნიშვნელოვანია და რელიგიის თავისუფლების ასეთი ხარისხით საქართველო გამორჩეული და მოწინავე ქვეყანაა. თავისუფლება, მით უფრო რელიგიის თავისუფლება - მშვიდობის გარანტია", - აღნიშნა მან.

შეხვედრას ესწრებოდა რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით დავითაშვილი. დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მომავალი თანამშრომლობის სურვილი და მზაობა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია