შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ მიიწვიეს საქართველოს პრეზიდენტი იუნკერთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ცერემონიალზე

ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში გათვალისწინებული არ ყოფილა, მათ შორის შარშან ის არ იმყოფებოდა, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა კითხვას, თუ რატომ არ მიიწვია პრეზიდენტი პარლამენტმა იუნკერთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ცერემონიალზე.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ შარშან პრეზიდენტს მოწვევა ჰქონდა ამ ღონისძიებაზე, თავად არ გამოცხადდა.

„ჰკითხეთ მას მიზეზი, არ ვიცი, რატომ არ მოვიდა. შესაბამისად, ის შარშანაც არ იყო და წელსაც არ ყოფილა. რაც შეხება მის მიერ კონსტიტუციის დარღვევას და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენს მის საქციელთან დაკავშირებით, ეს სხვა საკითხია, მე ამაზე გუშინაც ვისაუბრე. რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, კიდევ ერთხელ ვამბობ შარშან ის მოწვეული იყო, არ გამოცხადდა ამ ღონისძიებაზე და წელს მისი მონაწილეობა გათვალისწინებული არ ყოფილა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში მისვლა, რა თქმა უნდა, შეუძლია. გარდა ამისა, შალვა პაპუაშვილის თქმით, ღონისძიებაზე „ყველა დეპუტატი იყო მოწვეული, ვისაც ჰქონდა სურვილი, რომ პატივი მიეგო იუნკერთა ხსოვნისთვის“.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების მემორიალს გვირგვინით დღეს შეამკობს და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას, რის შემდეგაც პრეზიდენტი ყვავილებით შეამკობს პარლამენტის სასახლის ფასადზე განთავსებულ იუნკერების მემორიალურ დაფას.

„სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა მიწვეული პარლამენტის მიერ, არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს და სახელმწიფოს ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიეგო იუნკერების ხსოვნისათვის“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება