„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ევროკომისიის ანტიკორუფციული მოთხოვნების საპასუხოდ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ევროკომისიის ანტიკორუფციული მოთხოვნების საპასუხოდ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით უკან გადადგმული ნაბიჯია. შესაბამისად, ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტის კომიტეტებს, რომ საკანონმდებლო პაკეტს მხარი არ დაუჭირონ და თუ საჭირო გახდება, ვენეციის კომისიას გაუგზავნონ კვლავ, მათი მოსაზრებების მოსასმენად.

აღნიშნულის შესახებ განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ოფისში გაკეთდა. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აგრძელებს შეფასების გამოქვეყნებას ხელისუფლების მიერ წარდგენილი 9 ნაბიჯის შესრულების გეგმასთან დაკავშირებით.

ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი, სამწუხაროდ, ვერანაირად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც საქართველოს ევროკომისიამ და ვენეციის კომისიამ დაუდგინა. რიგი მიმართულებებით კი, ჩაწერილია ისეთი საკითხები, რომელიც საერთოდ არვის მიერ არ არის მოთხოვნილი.

„ევროკომისიის ანტიკორუფციული მოთხოვნების საპასუხოდ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი არ ითვალისწინებს ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის კრიტიკულად მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, რიგი მიმართულებით აუარესებს არსებულ რეგულაციებს და აჩენს კითხვებს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე.

კერძოდ, პროექტში არ არის გათვალისწინებული ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფა, ასევე მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების საგამოძიებო ფუნქციის ბიუროსთვის მინიჭება.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ინიცირებული ვერსიის დამტკიცება შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, რადგან ევროკომისიის მოთხოვნების უმნიშვნელოვანესი ნაწილი შეუსრულებელი დარჩება.

ინიცირებული ცვლილებები რიგ შემთხვევაში ითვალისწინებს ისეთ დებულებებს, რომლებიც არც ვენეციის კომისიის და არც ევროკომისიის რეკომენდაცია არ ყოფილა და აუარესებს არსებულ პრაქტიკას, მაგალითად:

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს მიმართვის საფუძველზე შესაძლებელი ხდება პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის გაუქმება ანუ მისი ლიკვიდაცია, 2 წლის განმავლობაში ფინანსური დეკლარაციის წარუდგენლობის საფუძვლით. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პარტიის გაუქმება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, თანაც ისეთ შემთხვევებში, როდესაც პარტიის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან როდესაც პარტია ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს შუღლს. შესაბამისად, პარტიის გაუქმება ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველიც ფინანსური დეკლარაციის წარმოუდგენლობაა, დაუშვებელია, რადგან ის როგორც ფორმით აგრეთვე შინაარსით ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

თუ თანამდებობის პირის მიერ შევსებული დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ბიურო იტოვებს უფლებამოსილებას 2 თვემდე ვადით არ გამოაქვეყნოს დეკლარაცია და არც საჯარო ინფორმაციის ფარგლებში გასცეს, რაც უკან გადადგმული ნაბიჯია და დეკლარაციის საჯაროობის ხელოვნურად შეზღუდვა ეწინააღმდეგება საერთაშორისო კარგ პრაქტიკას;

გასული წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო იმ დათქმით, რომ ქვეყანა შეასრულებს ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გაცემულ რეკომენდაციებს 9 ძირითადი მიმართულებით, რომელთა შორის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა ანტიკორუფციული რეფორმების გატარებაა.

ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების ეტაპზე გადასასვლელად, ევროკომისია საქართველოს მთავრობას ანტიკორუფციული რეფორმების გატარებას ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე სთხოვს.

ვენეციის კომისიამ ხარვეზები გამოავლინა ანტიკორუფციული ბიუროსთვის მინიჭებული დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და უფლებამოსილებების ნაწილში. კომისიის დასკვნით, ანტიკორუფციული ბიურო ვერ პასუხობს მაღალი დონის კორუფციის პრობლემის გადაჭრის გაცხადებულ მიზანს. ელიტური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ევროკომისიის კიდევ ერთი რეკომენდაციის - დეოლიგარქიზაციის მისაღწევად საჭირო კომპონენტიცაა.

ევროკომისიის დათქმისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს:

ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი: ბიუროს უფროსი უნდა დანიშნოს არა პრემიერ-მინისტრმა, არამედ საქართველოს პარლამენტმა კვალიფიციური უმრავლესობით ან მრავალპარტიული შეთანხმების საფუძველზე; ამასთან, ბიურო ანგარიშვალდებული უნდა იყოს მხოლოდ პარლამენტის წინაშე, რაც შემოთავაზებული ცვლილებებით არ არის გათვალისწინებული.

ანტიკორუფციული ბიუროსთვის მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების გამოძიების უფლებამოსილების გადაცემა, რაც ასევე უგულებელყოფილია ინიცირებულ პაკეტში.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს წარმოდგენილი სახით არ დაუჭიროს მხარი საკანონმდებლო ცვლილებების ამ პაკეტს, მოამზადოს ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის მოთხოვნების შესაბამისი ცვლილებები, რათა ბარიერი არ შეექმნას ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდგომ საფეხურზე გადასვლას”, - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა