ვალერი ჩეჩელაშვილი - აშშ-ს ქცევა დაკავშირებულია იმასთან, როგორ ვიქცევით ჩვენ - როცა შენ თანმიმდევრული არ ხარ პარტნიორების მიერ შემუშავებულ პრიორიტეტულ საკითხებში, მაშინ შენ მიმართაც არ აქტივირდება ის ინტერესები, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ახასიათებს

ამერიკის შეერთებული შტატების ქცევა დაკავშირებულია იმასთან, როგორ ვიქცევით ჩვენ - ბოლო პერიოდში „სტრატეგიული პარტნიორობის“ ცნების დევალვირება ხდება, შესაბამისად, ვერ აფასებს ჩვენი მთავრობა იმას, რას ნიშნავს სტრატეგიულ პარტნიორობა - ჩვენ აღარ ვართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების სისტემის და საგარეო პოლიტიკური ქმედებების კალაპოტში, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ ლიდერების ბოლო პერიოდის განცხადებებს გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ აშშ-ს საქართველოსთან ურთიერთობა უფრო აქტიური უნდა იყოს, როგორც ამას ჩინეთი აკეთებს.

ჩეჩელაშვილის განცხადებით, ქვეყნის მიმართ მაშინ არ არის ინტერესი, როდესაც ის თანმიმდევრული არ არის მის სტრატეგიულ პარტნიორებთან.

„ძალიან თამამი განცხადებებია ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, რომ ის რაღაცნაირად, სხვანაირად უნდა იქცეოდეს. საქმე ისაა, ჩვენ რას ვაკეთებთ. [ამერიკის ქცევა] დაკავშირებულია იმასთან, როგორ ვიქცევით ჩვენ. როდესაც სტრატეგიული პარტნიორობის, თანამშრომლობის პრინციპზე ვსაუბრობთ, უნდა გავიაზროთ, რას ნიშნავს ის, იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ხდება ამ ცნების დევალვირება, შესაბამისად, ვერ აფასებს ჩვენი მთავრობა იმას, რას ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობა. სტრატეგიული პარტნიორობა ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ როდესაც ორ ქვეყანას, რომელიც თანხმდება დოკუმენტის გაფორმებაზე, აქვს ერთნაირი წარმოდგენა იმაზე, როგორი უნდა იყოს საერთაშორისო დღის წესრიგი, საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა, თანხვედრაში უნდა იყოს ორივეს ხედვა ამასთან დაკავშირებით და აქედან გაწერილი შესაბამისი გეგმა. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რატომაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ, ევროკავშირი და ნატო.

ჩვენ აღარ ვართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების სისტემის და საგარეო პოლიტიკური ქმედებების კალაპოტში. ეს იმაშიც გამოიხატება, რომ ძალიან დაბალი პროცენტია ჩვენი თანხვედრის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური და უსაფრთხოების დარგში გადაწყვეტილებებთან, რაც შესაბამისად, ევროკავშირმა ჩაგვიწერა 9 პუნქტში, რომელიც წლის ბოლომდე უნდა შევასრულოთ. როდესაც შენ თანმიმდევრული არ ხარ შენს პარტნიორებთან ერთად, მათ მიერ გამომუშავებული პოლიტიკური პრიორიტეტების რეალიზაციის კონტექსტში, მაშინ შენ მიმართაც არ აქტივირდება ის ინტერესები, რომლებიც ორმხრივ ურთიერთობებს ახასიათებს“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

გარდა ამისა, ჩეჩელაშვილის განცხადებით, მას არ ესმის რა სისტემაშია საქართველო, მაშინ, როდესაც ქვეყანას „არ გააჩნია ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის კონცეფცია ერქმეოდა“.

„შესაძლოა "ქართულ ოცნებას" საკუთარი წარმოდგენები ჰქონდეს, როგორ აწარმოებდეს საგარეო პოლიტიკას, მაგრამ ბოლომდე არ მესმის, რას წარმოადგენს ეს და რა სისტემაში ვართ, იმ უბრალო მიზეზით, რომ საერთოდ არ გაგვაჩნია ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც ერქმეოდა საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის კონცეფცია - ის დამტკიცებული არ არის.

ჩვენს საგარეო პოლიტიკაზე არის ზიგზაგები, ხან ერთ მხარეს გადავიხრებით, ხან მეორე მხარეს. ეს ხდება გაუგებარი ჩვენი საგარეო პოლიტიკური პარტნიორებისთვის. ამას ემატება ჩვენი პიროვნული ფაქტორებიც. გავიხსენოთ, როგორ ვექცეოდით ელჩებს. ევროკავშირის ყოფილ ელჩს ჰარცელს, აშშ-ს ყოფილ ელჩს დეგნანს. სხვათა შორის, ირაკლი კობახიძემ შეიძლება გაიხსენოს საკუთარი გამონათქვამები ამ ელჩების მიმართ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ელჩი სხვა საგარეო პოლიტიკას ატარებს და ცენტრში სხვა საგარეო პოლიტიკაა, ეს ასე არ არის.

რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობებს ამერიკასთან და ევროკავშირთან ურთიერთობების კონტექსტში, ჩინეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელთანაც თანამშრომლობა გვესაჭიროება, ამაზე არავინ არ დავობს, მაგრამ საქმე ისაა, რას ნიშნავს სტრატეგიული თანამშრომლობის პრინციპი ჩინეთთან ურთიერთობებში. ჩინეთის მიერ რამდენიმე გლობალური ინიციატივის წარმოდგენის შემდგომ, ნათელი ხდება, რომ ჩინეთის ხედვები მსოფლიო წესრიგთან დაკავშირებით და ჩვენი ძირეული სტრატეგიული პარტნიორების ხედვები მაინც და მაინც ერთმანეთს ვერ ემთხვევა“,- აღნიშნა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციაში გაკეთებულ შეფასებებს, რომ „ქართული ოცნება“ შესაძლოა, ჩინეთში ხედავდეს აშშ-ს და ევროკავშირის ალტერნატივას, ჩეჩელაშვილმა განაცხადა, რომ „ეს ჩანაცვლება ვერანაირად ვერ მოხერხდება“.

„თუ ვინმეს თავში ეს იხარშება, რომ ამისთანა ალტერნატივა არსებობს, ეს საერთოდ გამოსარეცხი და წარმოუდგენელია. რა, ჩვენ გვინდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანება, რომელიც პრაქტიკულად, რაღაც კურსს წარმოადგენს და ვერანაირ უსაფრთხოების გარანტიებს საქართველოსთვის ვერ შექმნის და ვერანაირ წვდომას ბაზრებზე ჩვენი მწარმოებლებისთვის ვერ უზრუნველყოფს? სად ევროკავშირში გაწევრიანება და აქედან გამომდინარე სიკეთეები, სად აქედან გამომდინარე ჩვენი უსაფრთხოების ხარისხი, კეთილდღეობის და განვითარების პერსპექტივები, სად ის უსაფრთხოების ხარისხი, რომელსაც ჩვენი ნატო-ში გაწევრიანება უზრუნველყოფს და სად ეს მაგალითად, შანხაის [თანამშრომლობის ორგანიზაცია]. ეს წარმოუდგენელია, მით უმეტეს, იქ ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა ოკუპანტი ქვეყანა - რუსეთი. ეს ჩანაცვლება ვერანაირად ვერ მოხერხდება. მეორე საკითხია, რომ ჩინეთთან ურთიერთობებში ჩვენ უნდა დავეყრდნოთ თანამშრომლობის პრინციპს“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო