საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს და ქალთა შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
როგორც პეტრიაშვილი აღნიშნავს, კვლავაც დაბალია გადაწყვეტილების მიმღებ, ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალთა წარმომადგენლობა. ქალ დასაქმებულებს შორის მენეჯერულ პოზიციას იკავებს მხოლოდ 5,2%. მაშინ, როცა იგივე მაჩვენებელი კაცებში 6,5%-ია.
„გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს - ქალთა სიძლიერის, ბრძოლისუნარიანობის, სოლიდარობისა და სიმამაცის დღესასწაულს!
სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში, პროფკავშირების გაერთიანების უშუალო ჩართულობით, შრომის კანონმდებლობაში არაერთი ცვლილება შევიდა და ამოქმედდა, ქალთა შრომითი და სხვა უფლებები, საქართველოში მაინც ყოველდღიურად ირღვევა.
კვლავ უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს გენდერული თანასწორობის საკითხი, ქალისა და კაცის ხელფასებს შორის სხვაობა... „საქსტატის“ 2022 წლის მონაცემების მიხედვით, შესწორებული სახელფასო სხვაობა 23%-ია . სექტორების, გამოცდილებისა და სხვა მაჩვენებლების დაზუსტების გარეშე სხვაობა კი, კიდევ უფრო მეტი - 31,7%-ია.
ამ პირობებში, საქართველოს ჯერ კიდევ არ აქვს კანონმდებლობა, რომელიც კომპანიებს ამ დისკრიმინაციული სხვაობის აღმოფხვრას დაავალდებულებდა.
ასევე, ქვეყანაში არ არსებობს, ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტი, რომელიც სახელფასო სხვაობასა და და ქალების შემოსავლებში ჩამორჩენას უნდა ამცირებდეს.
კვლავაც დაბალია გადაწყვეტილების მიმღებ, ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალთა წარმომადგენლობა. ქალ დასაქმებულებს შორის მენეჯერულ პოზიციას იკავებს მხოლოდ 5,2%. მაშინ, როცა იგივე მაჩვენებელი კაცებში 6,5%-ია.
პროფკავშირების გაერთიანების პრაქტიკა მოწმობს, რომ კვლავ ხშირია სამუშაო ადგილებზე ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევები, მათ შორის, ფეხმძიმობის, ან სხვა ოჯახური ვალდებულებების გამო.
მისასალმებელია, რომ დეკრეტული შვებულების სოციალური გასაცემელი 2023 წელს კერძო კომპანიებში დასაქმებულებისთვის 1000-დან 2000 ლარამდე გაიზარდა, თუმცა, მაღალი ინფლაციის პირობებში, როცა ეს თანხა ქვეყნის 6 თვის ოფიციალური საშუალო ხელფასის მხოლოდ 21,6%-ს შეადგენს, არ არის საკმარისი და საჭიროა, დეკრეტული შვებულების ანაზღაურება გაიცეს სრულად, არსებული ხელფასის შესაბამისად.
მზარდია ქალებში სიღარიბის ტენდენციაც. საარსებო შემწეობის მიმღებ პირებს შორის 244 ათასი (საერთო რაოდენობის 55,7%) ქალია.
ქვეყანაში არსებული რეალური სურათი ამ მონაცემებზე გაცილებით მძიმეა, განსაკუთრებით კი არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ქალების, რომლებიც ბაზისური შრომითი გარანტიებითაც კი ვერ სარგებლობენ.
ყველა ჩამოთვლილი მიზეზიდან გამომდინარე, ქალთა შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, მათ შორის:
დადგინდეს ,,დეკრეტული შვებულების“ ღირსეული ანაზღაურება ყველა დასაქმებულისთვის და საქართველომ მოახდინოს შსოს 156-ე (,,ოჯახური ვალდებულებების მქონდე დასაქმებულთა შესახებ) და 183-ე (,,დედობის დაცვის შესახებ“) კონვენციების რატიფიცირება;
მოხდეს შსო-ს 189-ე ,,ოჯახში დასაქმებულთა შესახებ“ და 190–ე,,ძალადობის და შევიწროების შესახებ“ კონვენციების რატიფიცირება;
დადგინდეს ღირსეული მინიმალური ხელფასი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
დაწესდეს უმუშევრობის შემწეობა;
შემუშავდეს შრომის ღირებულების გაზომვა/შეფასების მეთოდოლოგია ყველა კომპანიისთვის და გაჩნდეს კანონით ვალდებულება კომპანიებმა უზრუნველყონ თანაბარი ღირებულების სამუშაოსთვის თანაბარი ანაზღაურება.
გატარდეს ღონისძიებები არაფორმალური დასაქმების ფორმალიზებისკენ;
გაძლიერდეს ინვესტირება ზრუნვის ეკონომიკაში;
გატარდეს ქალთა ეკონომიკური აქტიურობის წამახალისებელი ღონისძიებები“, - აღნიშნავს ირაკლი პეტრიაშვილი, რომლის კომენტარსაც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.