„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, რომელიც მთავრობის მრჩეველს წარმოადგენს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, მეცნიერების განვითარების ხელშეწყობასა და მის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენაზე მუშაობს. აკადემიის საქმიანობის ჩარჩოა სამეცნიერო მიღწევათა და მეცნიერული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.

სამეცნიერო დისკუსიების ორგანიზება, მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან და სამეცნიერო ცენტრებთან კავშირის დამყარება, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება - ეს არასრული ჩამონათვალია, რასაც აკადემია ახორციელებს.

უფრო ვრცლად, თუ რა ფუნქციის მატარებელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და როგორია მისი სამომავლო გეგმები, „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი ესაუბრა.

- თავდაპირველად დავიწყოთ საუბარი მეცნიერებათა აკადემიის როლსა და ფუნქციებზე. თუ შეგიძლიათ განმარტოთ, რა მიზანს ემსახურება ქვეყანაში მეცნიერების აკადემიის არსებობა? რა მიმართულებებს აერთიანებს? მისი ისტორიიდან და საქმიანობიდან გამომდინარე, რა წვლილი აქვს შეტანილი ქართული მეცნიერების განვითარებაში?

- საქართველო მეცნიერების ქვეყანაა, ამიტომ მეცნიერების ტრადიციებს შენახვა, შესწავლა და განვითარება უნდა. ჩვენ, ჯერ კიდევ IV-V საუკუნეებში გვქონდა კოლხეთის აკადემია, რომელსაც „ფაზისი“ ერქვა. იმდენად ცნობილი იყო საერთაშორისო მასშტაბით, რომ შემორჩენილი წყაროების მიხედვით, ცნობილი ფილოსოფოსები ამაყობდნენ იმით, რომ განათლება კოლხეთის აკადემიაში ჰქონდათ მიღებული.

მე-12 საუკუნის პირველ მეოთხედში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როდესაც 1106 წელს გელათის აკადემია დაფუძნდა. ეს აკადემია მხოლოდ სამეცნიერო არ იყო, სასწავლოც გახლდათ, რამაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. ევროპის ქვეყნებში, პირველი უნივერსიტეტები მხოლოდ მე-13 საუკუნეში დაფუძნდა, მანამდე არსებობდა ნაზიბინის უნივერსიტეტი, ბიზანტიაში, რომლის გარკვეული ქარგა გელათის აკადემიას აქვს აღებული.

ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ მეცნიერება დაკავშირებული იყო ქვეყნის პოლიტიკურ ვითარებასთან, კერძოდ, მე-15 საუკუნეში, როდესაც ერთიანი საქართველო ცალკეულ ფეოდალურ სახელმწიფოებად დაიშალა, მეცნიერებამაც განიცადა დეგრადირება.

თუმცა, მე-18 საუკუნიდან ახალი პერიოდი დაიწყო, რომელიც დაკავშირებული იყო ვახტანგ VI-ის აღორძინების ხანასთან. ამ დროს დაიწყო კულტურის და მეცნიერების აღორძინება. ასევე, ამ პერიოდში შეიქმნა ე.წ. სწავლულ კაცთა კომისია ბერი ეგნატაშვილის თავმჯდომარეობით. ეს კომისია სწავლობდა საქართველოს ისტორიას, კერძოდ, „ქართლის ცხოვრების“ რამდენიმე ვერსია არსებობდა. უფრო მეტიც, „ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე ათეული ხელნაწერი მოიპოვეს და ამის რედაქცია გაკეთდა. მეცნიერება კიდევ უფრო განვითარდა მე-19 საუკუნეში, როდესაც ქართველებს გასასვლელი მიეცათ ჩრდილოეთ ქვეყნებში. პეტერბურგის აკადემიაში შეიქმნა ქართველოლოგიური განყოფილება, სადაც ქართველები მოღვაწეობდნენ. აქ აღიზარდა ბევრი ქართველი, მათ შორის, ივანე ჯავახიშვილი. აქვე, კათედრის გამგე იყო ნიკო მარი, რომელიც წარმოშობით შოტლანდიელი იყო, თუმცა საქართველოში აღიზარდა, ქუთაისის გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული. ბევრი გააკეთა საქართველოსთვის, ივანე ჯავახიშვილის მასწავლებელიც იყო. ივანე ჯავახიშვილით იწყება მეცნიერების ახალი დონე. უნდა აღინიშნოს, რომ ამავე პერიოდში გამოიცა მისი ტრაქტატის ტიპის წერილი „მეცნიერება და მამულიშვილობა“. ივანე ჯავახიშვილს მიაჩნდა, რომ ისტორიული ფაქტების განდიდება არ იყო სწორი, ეს უნდა დაიწეროს ობიექტური, ჭეშმარიტი ისტორია. 1917 წელს გადაწყდა უნივერსიტეტის დაარსება, იწყება მეცნიერების სხვადასხვა დარგების განვითარება. აქ დაიწყო მოქმედება ქართველოლოგიურმა მიმართულებამ და 1918 წლის იანვარში დაფუძნდა კიდეც, რომელსაც ივანე ჯავახიშვილი ედგა სათავეში. დაიწყო ფსიქოლოგიის, ფიზიოლოგიის, მათემატიკის განვითარება. ამ სკოლებმა ფართო აღიარება მოიპოვეს. შეიქმნა საკავშირო აკადემიის ფილიალი საქართველოში, კერძოდ, ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა მეცნიერებათა აკადემიისთვის საფუძვლის ჩაყრაში.

40-იანები წლისთვის მომზადდა სრული ნიადაგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჩამოყალიბებისთვის. 1941 წლის თებერვალში მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაარსების შესახებ. უნივერსიტეტის 16-მა პროფესორმა დაუჭირა მხარი აკადემიის დაფუძნებას. ამასთან, ყველა დარგის დამოუკიდებლად შესწავლის შესაძლებლობა გაჩნდა.

- რომელ დარგებს მოიცავდა?

- ეს არის ტექნიკური მიმართულება, სოფლის მეურნეობა, ჰუმანიტარული მიმართულებები. ყველა დარგის განვითარება დაიწყო. მოგეხსენებათ, ამ პერიოდში, დიდი სამამულო ომი იყო, ამ დროს, ომის პერიოდშიც კი ვითარდებოდა საქართველოში მეცნიერება. ცალკეული ინსტიტუტების შექმნაც დაიწყო, მათემატიკური სკოლა განვითარდა, ფიზიოლოგიურმა სკოლამ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. უზნაძის განწყობის თეორიამ მთელი მსოფლიო მოიარა. ინსტიტუტები, მეცნიერების ეროვნული აკადემიის შემადგენლობაში შევიდნენ. ყველა დარგს საკუთარი ინსტიტუტი ჰქონდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აუცილებელი იყო ორგანო, რომელიც ყველა ინსტიტუტს გააერთიანებდა, შემაკავშირებელი იქნებოდა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სახით.

დღეს, კანონში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არის უძველესი ქართული აკადემიების – გელათისა და იყალთოს აკადემიების მემკვიდრე, სახელმწიფოს მაღალი დონის ინტელექტუალური განვითარების ინსტიტუცია, საქართველოს მთავრობის მეცნიერული მრჩეველი, საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო მიღწევებისა და მაღალი სამეცნიერო და სამოქალაქო ავტორიტეტის მქონე პირთა გაერთიანება.

დღევანდელი აკადემია განსხვავდება წინა 40 წლეულის აკადემიისგან. 2007 წელს გატარდა ე.წ. რეფორმა, რომლის მიხედვითაც აკადემიას გამოეყო ინსტიტუტები, ნაწილი სამინისტროებს გადაეცა, ზოგი კი უნივერსიტეტს. დღეს, აკადემიას აქვს ძალიან დიდი ფუნქცია, ყველა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, ყველა კვლევითი უჯრედი ანგარიშვალდებულია აკადემიასთან. ყოველ წელს გვაბარებენ ანგარიშს, რომელსაც განვიხილავთ და სათანადო დასკვნებს ვაკეთებთ.

- რამდენი სამეცნიერო განყოფილება ფუნქციონირებს აკადემიაში?

- აკადემიაში ფუნქციონირებს 9 სამეცნიერო განყოფილება: მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილება; დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილება; საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება; ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილება; ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილება; ფიზიოლოგიის და მედიცინის განყოფილება; სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა განყოფილება; საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილება; ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება.

თითქმის ყველა მიმართულებას გააჩნია სპეციალური კომისია, რომელსაც შესაბამისი დარგის აკადემიკოსი ხელმძღვანელობს. ეს კომისიები განიხილავენ ცალკეულ საკითხებს, რომელიც დარგის მიმართულებით დღის წესრიგში დგება. საკმაოდ აქტიური კომისიები გვაქვს. ჩვენ გვაქვს ეროვნული, ეკონომიკური პრობლემების კომისია. აქ შეისწავლება საჭირბოროტო საკითხები, მოსაზრებები კი საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს ეგზავნება.

- აღსანიშნავია ისიც, რომ მეცნიერებათა აკადემია წარმოადგენს მთავრობის მეცნიერული მრჩეველსაც. თუ გადავხედავთ სამთავრობო პროგრამას, აღნიშნულია, რომ ყოველწლიურად, ეტაპობრივად გაიზრდება მეცნიერების სახელმწიფო დაფინანსება,მეცნიერ-თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება და დაინერგება შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელი. როგორია კოორდინაცია მთავრობასთან? რა ერთობლივი ქმედითი ნაბიჯები იდგმება მეცნიერების განვითარების კუთხით?

- არის საკითხები, სადაც ხელისუფლება ერევა, რაც შეგვიძლია დადებითად შევაფასოთ. ხელისუფლების მხრიდან მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა აკადემიას და მეცნიერებას. დღეს გვაქვს არამხოლოდ სიტყვიერი წახალისება, არამედ მატერიალური. აკადემიის წევრებისთვის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიმდინარეობს ზრუნვა. ამას ვაფასებთ. თანამშრომლობის კუთხით მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკის საკითხებზე ძალიან სერიოზული წინადადებები წარვადგინეთ, რაც რიგ შემთხვევებში დაკმაყოფილდა. იცით, რომ ბოლო დროს მიწისძვრები და ღვარცოფები გახშირდა, შესაბამისად კატასტროფების სპეციალური კომისია მუდმივ რეჟიმში მუშაობს.

მინდა გითხრათ, რომ შოვის ტრაგედიის დროს ითქვა, თუ რას აკეთებს დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების სამსახური, ან ტექნიკა რას აკეთებდა... ჩვენ 5 წლის წინ გავაგზავნეთ ჩვენი წინადადებები, რომ საპრევენციო სამუშაოებია ჩასატარებელი. ეს არ ეხება შოვს, ვინაიდან ტრაგედიის აცილება შეუძლებელი იყო. ჩვენ ვაყენებთ საკითხს, რომ ყველგან ჩატარდეს მონიტორინგი ღვარცოფებსა და მიწისძვრაზე. წინასწარი შეტყობინება არ არსებობს, თუმცა, კატეგორიულად დავაყენეთ საკითხი, რომ პრევენციისთვის რაიმე ზომები მივიღოთ. აგვისტოში, პრემიერთან გვქონდა კონსულტაცია ამ საკითხზე და დადებითად შეფასდა ჩვენი წინადადებები. შეიქმნა კომისია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობით, სადაც ჩვენი 5 აკადემიკოსი მონაწილეობდა. ჩვენ გვყავს არაერთი აკადემიკოსი, რომელიც მიწისძვრების და ღვარცოფების პრევენციაზე მუშაობს. უფრო მეტიც, აღნიშნული მიზნით, დანადგარია შექმნილი, რომელიც მლეთაში დგას.

- კანონის თანახმად, მეცნიერებათა აკადემიის მიზნებს წარმოადგენს საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და საერთაშორისო ასპარეზზე მისი წარმოჩენა, ასევე ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერული კვლევების ხელშეწყობა. აღნიშნული მიმართულებით რა სამუშაოები გასწია აკადემიამ? რამდენად არის უზრუნველყოფილი მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და საერთაშორისო ასპარეზზე მისი წარმოჩენა?

- ჩვენ ვატარებთ საერთაშორისო კონფერენციებს, მათ შორის, სექტემბერში ჩავატარეთ კონფერენცია ბუნებრივ კატასტროფებზე, სადაც მოწვეული იყო სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერი. რეკომენდაციებიც მივიღეთ. ასევე ჩატარდა, შავი ზღვის აუზის წევრი ქვეყნების (BSEC) მეცნიერებათა აკადემიების პრეზიდენტების პირველი შეხვედრა. მე დავადასტურე BSEC-ის წევრი ქვეყნების წამყვან კვლევით და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მზაობა, რეგიონის წინაშე მდგარი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრის მიმართულებით.

იმისთვის, რომ უფრო შორს გავიტანოთ აკადემიის სახელი, არაერთი შეხვედრა გვაქვს უცხოელ კოლეგასთან, საერთაშორისო ინსტიტუტებთან და აკადემიებთან. ჩვენი ბევრი აკადემიკოსია საერთაშორისო აკადემიის წევრი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

უნდა აღვნიშნო ისიც, რომ საქართველოს ისტორიის გაყალბება ხდება. მნიშვნელოვანია ვუპასუხოთ ამ გამყალბებლებს. ნაწილი ქართველია, ზოგი კი უცხოელი. ამ ბოლო დროს პრობლემები გვაქვს აფხაზებთან და ოსებთან, მაგრამ ყველაფერი კეთდება ქართულ ისტორიოგრაფიაში, რათა ყველა საკითხზე იყოს პასუხი გაცემული, ამისთვის ისტორიკოსები ძალიან ბევრს მუშაობენ.

უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით შეიქმნა და ჩვენი ისტორიკოსების მონაწილეობით შეიქმნა „ქართული დიპლომატიის ისტორია“. ძალიან სოლიდური ნაშრომია, აქამდე, როგორც საგანი „დიპლომატიის ისტორია“ არ ისწავლებოდა, ახლა კი დაინერგა უნივერსიტეტებში. ასევე, დაიწერა „კავკასიის ისტორია“, რომლის ორი ტომი გამოიცა. მასში განხილულია კავკასიის როლი და ადგილი მსოფლიო ცივილიზაციათა უძველესი დროიდან დღემდე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველად შეიქმნა ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომი, სადაც კავკასიის ხალხთა ისტორია სრულად არის წარმოდგენილი. მონოგრაფიაში კავკასიის ისტორიის პრაქტიკულად არცერთი მნიშვნელოვანი საკითხი განხილვის გარეშე არ არის დარჩენილი.

- თქვენ შავი ზღვის აუზის წევრი ქვეყნების მეცნიერებათა აკადემიების პრეზიდენტების პირველ შეხვედრაზე აღნიშნეთ, რომ ადამიანის სასიცოცხლო გარემოს დაცვა, თანამედროვეობის ერთ-ერთი გლობალური გამოწვევაა. იმისთვის, რომ გარემო გაუმჯობესდეს, რა საქმიანობას ეწევიან საქართველოს მეცნიერები? როგორია კლიმატის გაჯანსაღების ხედვა? ასევე, აღნიშნეთ, რომ საქართველომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში აჩვენა მზარდი ინტერესი მწვანე ენერგეტიკის მიმართაც...

- საყოველთაოდ აღიარებულია, რომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნების წინაშე მრავალი საერთო გამოწვევა არსებობს. ჩვენ გვაქვს ინსტიტუტი, რომელიც სპეციალურად ამ მიმართულებით მუშაობს, კერძოდ, ნიადაგმცოდნეობის კუთხით. ასევე გვყავს ჯგუფი, რომელიც მდინარეებს სწავლობს. იყო პერიოდი, როდესაც მაღალ დონეზე იყო განვითარებული ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურები, ახლა იძულებულები ვართ ცოტა მეტი ყურადღება დავუთმოთ მონიტორინგს.

მაგალითად, მტკვარზე, არსებობდა ე.წ. სადგური, რომელიც მდინარის ხარჯებს, მოძრობას სწავლობდა. სამრეწველო და სასოფლო სამეურნეო ნარჩენების გადამუშავების პრობლემაა და ამ მიმართულებით ჩვენი მეცნიერები აქტიურად მუშაობენ. აქტიურად გვეხმარება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ერთობლივად ვმუშაობთ.

- და ბოლოს, როგორია მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამომავლო გეგმები?

- მეცნიერებათა აკადემია სახელმწიფო კანონის შესაბამისად მიჩნეულია ქვეყნის ხელისუფლების მრჩევლად, ექვემდებარება უშუალოდ მთავრობას. ყველა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ანგარიშვალდებულია მეცნიერებათა აკადემიის მიმართ. კანონის თანახმად, აკადემია ახორციელებს სხვადასხვა დაქვემდებარებაში მყოფი სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების სამეცნიერო საქმიანობის ექსპერტულ შეფასებას. გეგმაში გვაქვს სამეცნიერო დაწესებულებების საქმიანობას გავუწიოთ ექსპერტიზა, ღრმა კონტაქტში შევიდეთ თითოეულ კვლევით ჯგუფებთან. დღეისათვის აკადემიის სამეცნიერო ერთეულის ფუნქცია აქვთ სამეცნიერო განყოფილებებსა და აკადემიის პრეზიდიუმთან არსებულ დარგობრივ კომისიებს, რომლებიც ქვეყნისათვის არაერთ მნიშვნელოვან სფეროს მოიცავენ.

დაგეგმილი გვაქვს აქტიურად ვიმუშაოთ საყურადღებო თემებზე, როგორც გამოყენებით მეცნიერებაში, ისე ფუნდამენტურ და ჰუმანიტარულ დარგში, რაც ქვეყანას გამოადგება. ამ დროისთვის, გარკვეული ისტორიკოსთა ჯგუფი მუშაობს ნაშრომზე "საქართველო მე-20 საუკუნეში". თანამედროვე ისტორიის წერა რთული საკითხია, მეოცე საუკუნეში ჩანს ეპოქის კონიუქტურები, ამიტომ, დღის წესრიგში დადგა ისტორიის ობიექტური წარმოჩენა. რამდენიმე რთული რევოლუცია გავიარეთ, გამოსვლები, ეროვნული მოძრაობები, ყველაფერ ამას ახალი შეფასება სჭირდება. ობიექტური შეფასება სჭირდება ამ ყველაფერს.

ასევე, დღეს, უფრო მეტი ყურადღება ეთმობა საინჟინრო დარგებს. ერთი პერიოდი განელდა ყურადღება, თუნდაც სამშენებლო საქმეზე. ეპოქამ მოითხოვა ახალი მშენებლობები, ძალიან ბევრი უცხოელის ჩამოყვანა გვიწევს, კადრების დეფიციტია. ამიტომ, ჩვენ საქმის კეთების მარაგში მთელი რიგი მიმართულებებია. მაქსიმალურ ყურადღებას ვაქცევთ აკადემიკოსთა საქმიანობას, მათ ყოფით პირობებს.

თეონა ციხიშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ