ზურაბ გურიელიძის განცხადებით, ახალი ზოოპარკისთვის ჟირაფების, მარტორქების და ბეჰემოტების ჩამოყვანა იგეგმება

თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის განცხადებით, დედაქალაქის ახალი ზოოპარკისთვის ახალი ბინადრების ჩამოყვანა იგეგმება.

კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გურიელიძემ აღნიშნა, განაცხადი გაკეთებულია 5 ჟირაფზე, ასევე დაგეგმილია 3 მარტორქის და 3 ბეჰემოთის ჩამოყვანაც.

„ჟირაფი დიდ ინტერესს იწვევს, თუმცა სხვა სახეობების ჩამოყვანასაც ვაპირებთ, მაგალითად მარტორქების. ერთი მარტორქა გვყავს, მაგრამ კიდევ უნდა დავუმატოთ მარტორქები, ბეჰემოთები, ასევე ანტილოპები. არიან გადაშენების პირას მყოფი სახეობები, რომელიც შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ჟირაფი არის ვარსკვლავი სახეობა, ძალიან პოპულარული და რაც მთავარია, ხალხს ჟირაფის ნახვა უნდა. სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა, წავიდეს და ჟირაფი აფრიკაში ნახოს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ახალ ზოოპარკში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ჟირაფი იქნება. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ზოოპარკი „ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციის“ წევრია. შესაბამისად, როდესაც წევრი ხდები, გაქვს უფლება, წვდომა გქონდეს ისეთ ცხოველებზე, რომელიც ამ სივრცის გარეთ ძალიან რთული საშოვნელია, მათ შორის არის ასეთი ჟირაფი. პროცედურულად ცხოველების გადმოცემის თაობაზე აკეთებ განაცხადს, მათ ჰყავთ ჯგუფები, რომელსაც კომპეტენტური ადამიანები ხელმძღვანელობენ, მივმართავთ მათ და შემდეგ ისინი ჩვენს პირობებს შეამოწმებენ. საკმაოდ დიდი განაცხადია, სადაც დეტალურად არის აღწერილი, როგორ პირობებში იქნება ცხოველი და ვის, რა კვალიფიკაცია აქვს, დაწყებული დირექტორიდან, დამთავრებული მომვლელით. გარდა ამისა, მითითებულია როგორი შენობაა, კლიმატი როგორი გვაქვს. ყველაფრის აღწერა ყველა ცხოველზე დეტალურად ხდება, არა მხოლოდ ჟირაფზე. ჩვენ ამ მონაცემებს ვგზავნით და შემდეგ უკვე მოგვიძებნიან ცხოველს სხვადასხვა ზოოპარკში. სასურველია, სხვადასხვა ზოოპარკიდან იყოს, რომელსაც შემდეგ საქართველოში წამოვიყვანთ. ჯერჯერობით, ჩვენ განაცხადი გაკეთებული გვაქვს 5 ჟირაფზე, თუმცა, ჩვენი შენობა დაახლოებით 10 ჟირაფისთვის არის საკმარისი, თან ეს შენობა არ არის მათი ხანგრძლივი ყოფნისთვის განსაზღვრული იმიტომ, რომ ჩვენი კლიმატიდან გამომდინარე, ამის საჭიროება არ არის. ჟირაფის გარდა, გათვალისწინებული არის 3 მარტორქა და 3 ბეჰემოთი.

ზოგადად, ზოოპარკის ტრანსპორტირება საკმაოდ რთულია. არიან შესაბამისი კომპანიები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. ჩვენ ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს ერთ-ერთ ჰოლანდიურ კომპანიასთან, მათ შორის არიან ქართული კომპანიებიც. სწორედ მათი მეშვეობით ხდება ცხოველების ტრანსპორტირება, ჟირაფების შემთხვევაშიც ასე მოხდება. პროფესიონალები, რომლებიც ჩაერთვებიან, უზრუნველყოფენ იმას, რომ ყველანაირი წესები დაცული იყოს. ცხოველების გადაყვანას თავისი წესები აქვს. ალბათ, ჩვენს შემთხვევაში, საჰაერო გზით ჩამოვა ახალგაზრდა ჟირაფები, სიმაღლეც თვითმფრინავში შეზღუდულია და უნდა შეეტიოს. დაახლოებით 4 მეტრამდე ცხოველები არიან. მიუხედავად იმისა, რომ სატვირთო თვითმფრინავით ხდება ცხოველების ტრანსპორტირება, მას უნდა ჰქონდეს სათანადო პირობები იმისთვის, რომ ცხოველები გადაიყვანოს. ცხოველების ჩამოყვანა არცთუ იაფი სიამოვნებაა. მათი შესყიდვა საჭირო არ არის, უფასოდ ვიღებთ, მაგრამ ტრანსპორტირება დიდ თანხებთან არის დაკავშირებით. იყო შემთხვევა, განსაკუთრებით წყალდიდობის შემდეგ, როდესაც ავიაკომპანიებმაც ანგარიში გაგვიწიეს და დაბალი ფასები შემოგვთავაზეს“, - განაცხადა გურიელიძემ.

რაც შეეხება ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ზოოპარკის დირექტორმა აღნიშნა, რომ ადგილზე ორი მთავარი მიმართულება იქნება- კავკასიური და აფრიკული სავანა.

„დაგეგმარება მსოფლიო ბიოგეოგრაფიული ერთეულების შესაბამისად იქნება. ახალ ზოოპარკში ორი მთავარი მიმართულება იქნება - კავკასიური და აფრიკული სავანა. კავკასიის დიდი ნაწილი არის გადაყვანილი. ერთ-ერთი ძირითადი ექსპოზიცია სწორედ კავკასიის იქნება. გარდა ამისა, ჩვენ კავკასიაში ვცხოვრობთ და მიმაჩნია, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამყარო უნდა იყოს. მეორე ფაზა გახლავთ აფრიკული სავანის მშენებლობა, რომელიც ახლა მიმდინარეობს. აფრიკული სავანა განკუთვნილი არის დიდი ზომის ჩლიქოსნებისთვის და მსგავსი ცხოველებისთვის, იგულისხმება არასახიფათო ცხოველები. აქ ერთად იქნებიან განთავსებული ანტილოპები, ზებრები, ბეჰემოთები, მარტორქები და ჟირაფები. ზამთრის ვოლიერის მშენებლობა უკვე მთავრდება. თითქმის დასრულებულია ზებრებისა და ანტილოპების ზამთრის სადგომის აშენება. ჟირაფების, მარტორქებისა და ბეჰემოთების სადგომიც უკვე დასრულების პირასაა. ზაფხულის ვოლიერი ჯერ აშენებული არ არის. ჯერჯერობით, ზამთრის ვოლიერი შენდება და შემდეგ გარშემო უნდა ავაშენოთ ზაფხულის ვოლიერი. ახლა გვაქვს ასაშენებელი ძირითადი, ე.წ. ზაფხულის ვოლიერი. ჩვენი კლიმატი სრულიად მისაღებია იქაური ცხოველებისთვის, მაგრამ ზამთრის ვოლიერი მაინც საჭიროა. შემდეგი ეტაპი არის ზაფხულის ვოლიერის აშენება, რომელიც საკმაოდ დიდი იქნება, არ არის მარტივი ნაგებობა. მისი ფართობი დაახლოებით 8-9 ჰექტარი იქნება. როდესაც ადგილზე მოხდება დაგეგმარება და შემოღობვა, ალბათ, ზუსტი ფართობი მერე უფრო დაზუსტდება, მაგრამ რაც რუკაზე არის, 8- 9 ჰექტრამდე იქნება. ეს არის საკმაოდ დიდი ტერიტორია, სადაც პატარა ვოლიერები იქნება განთავსებული. მაგალითად, პრიმატებისთვის სხვადასხვა ვოლიერი იქნება. ცხოველები ნახევრად თავისუფალ პირობებში იქნებიან. პრიმატების კუნძულიც მალე დამთავრდება, გარკვეული შენობები აკლია. იმედი გვაქვს, წლის ბოლომდე დავასრულებთ. გარშემო იქნება დიდი ვოლიერი, სადაც ცხოველები იმოძრავებენ, მათ შორის ყოველი ცხოველი ერთად, როგორც ეს მაგალითად, აფრიკის სავანაშია. ეს არის მთავარი იდეა. გარდა ამისა, გვჭირდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება, როგორიც არის წყალარინების სისტემა, ელექტროდენის გაყვანა, ბილიკების მოწყობა, უსაფრთხოების ბარიერების მოწყობა და ა.შ. ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება, ახალი ზოოპარკი გაიხსნას. გარდა ამ სიახლეებისა, ადგილზე ვიზიტორებს ასევე დახვდებათ საცხენოსნო კლუბიც“, - განაცხადა გურიელიძემ.

მისი განმარტებით, ახალი ზოოპარკის გახსნა ფინანსებზეა დამოკიდებული. როგორც ზოოპარკის დირექტორი აღნიშნავს, ახალი ზოოპარკის გახსნისთვის დაახლოებით 7 მლნ ლარია საჭირო, ხოლო იმისთვის, რომ საბოლოო სახით განხორციელდეს პროექტი, დაახლოებით 40-50 მლნ ამერიკული დოლარი.

„მთლიანად, რომ ზოოპარკი გადავიდეს და საბოლოო სახე მიღოს, დაახლოებით 40-50 მლნ ამერიკული დოლარი არის საჭირო, მაგრამ ზოოპარკის გახსნისთვის აუცილებელი არ არის, რომ ყველა ექსპოზიცია იყოს. ზოოპარკი ყოველთვის შეიძლება განვითარდეს, სხვა შემთხვევაში, შეიძლება მოსაწყენიც გახდეს. მისი განვითარება გახსნის შემდეგაც არის შესაძლებელი. იმისთვის, რომ ახალი ზოოპარკი გავხსნათ, დაახლოებით 7 მლნ ლარია საჭირო“,-განაცხადა გურიელიძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო