ქეთევან თურაზაშვილი - სოციალური დახმარება ადამიანებზე ზეწოლის ინსტრუმენტად გადაიქცა „ქართული ოცნების“ ხელში

დასავლეთ საქართველოში ვიყავით საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქალაქში გვეუბნებოდნენ, რომ უფრო მეტ პენსიონერს უნდოდა შეხვედრაზე მოსვლა, განცხადების დაწერა, მაგრამ ეშინოდათ... ზოგს შვილმა დაუშალა, რადგან სოციალური დახმარების მოხსნის შეეშინდა - ეს კარგად აჩვენებს, რომ სოციალური დახმარება ადამიანებზე ზეწოლის ინსტრუმენტად გადაიქცა „ქართული ოცნების“ ხელში , - განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ქეთევან თურაზაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ქეთევან თურაზაშვილმა მმართველ გუნდს მიმართა და საპენსიო სესხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნისკენ მოუწოდა.

„წინა კვირის განმავლობაში ჩვენი გუნდის იურისტებთან ერთად ვიყავი ზუგდიდში, ფოთში, ლანჩხუთში და ბათუმში... „ლიბერთი ბანკს“ პენსიონერებთან ერთად მივმართე 400-მდე განცხადებით. არაერთი ადამიანი ცივი და ქარიანი ამინდის მიუხედავად, მადლობის სათქმელადაც იყო მოსული, რადგან ჩვენი რეკომენდაციებით, მათ დღეს ლიბერთის სესხი აღარ აქვთ...

ახალი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, საპენსიო სესხების მიმართულებით ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. 150 000 პენსიონერს ძველ აღებულ სესხებზე მარტიდან უნდა შეუმცირდეთ გადასახადი. რომ არა პარტია „მოქალაქეები“ და ჩვენი აქტიურობა, ყველა აქ მყოფმა ძალიან კარგად იცით, რომ ეს არ მოხდებოდა. თუმცა, ეს არ არის საკმარისი...

220 000 პენსიონერი გადასარჩენია, რადგან ამ ცვლილებამ ვერ მოაგვარა ავადსახსენებელი ოვერდრაფტის და პანდემიის დროს უსაშველოდ გახანგრძლივებული სესხები.

დასავლეთ საქართველოში შევხვდი ადამიანებს, რომელთა ისტორიებიც ძალიან ჰგავს ერთმანეთს, რადგან ყველა ერთნაირად მძიმე მოსასმენია. გავიცანი 3 მცირეწლოვანის პენსიონერი ბებია, რომელიც შეხვედრაზე კონტეინერებით მოვიდა, მას სოციალურ სასადილოში აგვიანდებოდა. გულისტკივილით აღნიშნა, როდესაც ბანკს ჩვენს გარეშე მიაკითხა, ამონაწერიც კი არ მისცეს და სამ სხვადასხვა ფილიალში გადაამისამართეს... ასე ექცევა და იცილებს თავიდან „ლიბერთი“ ბანკი ხანდაზმულ ადამიანებს.

სწორედ ამ ადამიანების საშველად, მოვითხოვ დაუყოვნებლივ შეიკრიბოს და დაიწყოს მუშაობა სამუშაო ჯგუფმა, რასაც ირაკლი კობახიძე აქ, ამ დარბაზში დაგვპირდა.

მეორე ამბავი და ვფიქრობ დემოკრატიული სახელმწიფოსთვის სრულიად შეუფერებელი - სხვადასხვა ქალაქში გვეუბნებოდნენ, რომ უფრო მეტ პენსიონერს უნდოდა შეხვედრაზე მოსვლა, განცხადების დაწერა, მაგრამ ეშინოდათ. ზოგს შვილმა დაუშალა, რადგან სოციალური დახმარების მოხსნის შეეშინდა. ეს კარგად აჩვენებს, რომ სოციალური დახმარება ადამიანებზე ზეწოლის ინსტრუმენტად გადაიქცა ,,ქართული ოცნების“ ხელში. ეს ყველაფერი მახსენებს ჩვენი ოკუპანტი მეზობლის ქვეყანაში არსებულ ვითარებას, სადაც ადამიანების დაშინება ჩვეულებრივი ამბავია“,- განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.

დეპუტატმა ქუთაისში დასახლებულ პუნქტთან არსებულ ნაგავსაყრელზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს დიდი პრობლემაა, რომლის მოსაგვარებლადაც არაფერი კეთდება.

„კიდევ ერთი საკითხია, ქუთაისის ნაგავსაყრელი, რომელიც საცხოვრებელი კორპუსების გვერდით არის. იმერეთს ჰყავს რწმუნებული, მერი, მაჟორიტარი დეპუტატი. დავიჯერო, თვალში არ გხვდებათ ის შემზარავი სანახაობა, რაც მე ვნახე 3 დღის წინ? მაია ბითაძემ განაცხადა, რომ წელს შესაფუთი ნარჩენების საკითხი უნდა მოგვარდეს, რაც კარგია, მაგრამ რეალურად არაფერი კეთდება ამ მიმართულებით. სამუშაოები საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით უნდა დაიწყოს“, - აცხადებს ქეთევან თურაზაშვილი.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ