„საქართველოს ბანკის“ ცნობით, ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მათთვის დამატებითი ღირებულების მქონე სხვადასხვა სერვისის, თუ პროდუქტის შეთავაზებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.
მათი ცნობით, იმ შედეგების გასაზიარებლად, რაც „საქართველოს ბანკისა“ და USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პარტნიორობის შედეგად იქნა მიღწეული, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
„ღონისძიების მიზანი იყო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და „საქართველოს ბანკის“ 3 წლიანი თანამშრომლობის შედეგების გაზიარება დონორებისთვის, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისა და ბენეფიციარებისთვის.
პარტნიორობის შედეგად, გაიმართა B2B ფორუმი, რომელშიც 120-მდე მცირე და საშუალო ზომის კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ფორუმის შედეგად, შედგა რამდენიმე ახალი თანამშრომლობა და კომპანიებმა ახალი პარტნიორები მოიძიეს;
განხორციელდა Biz Link - ის პროექტი, რომლის მიზანი მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა იყო. პროექტის ფარგლებში, ჩატარდა სემინარები და "ვორკშოპები", რის შედეგადაც, მონაწილე კომპანიებმა ბიზნესის გაფართოებისთვის დამატებით 18 მილიონის ინვესტიცია მოიზიდეს, რამდენიმე კომპანიამ კი საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანა შეძლო;
განხორციელდა სავაჭრო მისიები უზბეკეთში, რომლის ფარგლებში 40 კომპანია ადგილობრივ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შედეგად, 4 კომპანია უკვე ოპერირებს უზბეკეთის ბაზარზე, ხოლო 7 კომპანია ბაზარზე შესვლის პროცესშია.
განხორციელდა ბუღალტერიის განვითარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რეგიონებში, ადგილობრივ მეწარმეებთან, ბუღალტერიის მოწესრიგების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე შეხვედრები გაიმართა;
13 ასოციაციას „საქართველოს ბანკი“ ბიზნესის, 4B-ის, შეხვედრებისა და ღონისძიების სივრცეებზე მიეცა წვდომა. მხარდაჭერის მიზანს მათი ეფექტურობის ხელშეწყობა წარმოადგენდა;
„საქართველოს ბანკისთვის“, ბიზნესების მხარდაჭერა, მათი წახალისება და მათთვის დამატებითი ღირებულების მქონე სერვისებისა თუ პროდუქტების მიწოდება, თანაც მათთვის ხელსაყრელ არხებში, მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან არაერთი პროდუქტი თუ სერვისი შევქმენით. სწორედ ამ შედეგების გაზიარება გვინდოდა დონორებისთვის, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისა და პროექტებში ჩართული მხარეებისთვის. აღსანიშნავია, რომ სამწლიანი თანამშრომლობის შედეგად გვაქვს საკმაოდ კარგი შედეგები. ერთობლივად 10 - მდე პროექტის წარმატებით განხორციელება შევძელით, მათ შორის იყო B2B ფორუმები, რომელშიც ჯამურად 200-ზე მეტმა ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, ექსპორტის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, 30-ზე მეტმა ადგილობრივმა მეწარმემ 3 დღიან "ვორქშოფში" მიიღო მონაწილეობა. 16 ქართველი მეღვინე კი კორეელ ბაიერებს შეხვდნენ. აღსანიშნავია, ისიც, რომ უზბეკეთში სავაჭრო მისიების შემდეგად, 4 - მა ქართულმა კომპანიამ შეძლო ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის შეტანა, ხოლო 7 კომპანია ბაზარზე შესვლის პროცესს განაგრძობს, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ბიზნესების ხელშეწყობისთვის ჩვენს პარტნიორებთან ერთად ახალი შესაძლებლობების შექმნას“ - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების პროექტების უფროსი მენეჯერი, ოლღა ნაკაშიძე.
„USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისთვის ღირებული და ფასდაუდებელია „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) ზრდისა და განვითარების ხელშეწყობაში. მრავალი ინიციატივა განვახორციელეთ ერთობლივად და წარმატებით დავეხმარეთ ბიზნესებს განევითარებინათ საკუთარი შესაძლებლობები თუ სერვისები, როგორებიცაა: ბუღალტრული აღრიცხვის დიგიტალიზაცია, ბუღალტრული აღრიცხვის აუთსორსინგი და საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდა. გარდა ამისა, ჩვენმა ერთობლივმა ძალისხმევამ ხელი შეუწყო სტრატეგიულ ინვესტიციებს MSME-ებში. უფრო მეტიც, უზბეკეთში სავაჭრო მისიების ფარგლებში, შევძელით დავხმარებოდით ბიზნესებს, ექსპორტზე გაეტანათ საკუთარი სერვისები და დაეარსებინათ ადგილობრივი წარმომადგენლობები. და ბოლოს, ‘’ბიზნესი და მდგრადი განვითარება’’ - ვიდეო კურსის შემუშავებით, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია „საქართველოს ბანკის“ შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმაზე - businesscourse.ge, ჩვენ ვაგრძელებთ ქართული ბიზნესის მწვანე ტრანსფორმაციის ხელშეწყობას, რაც ხაზს უსვამს „საქართველოს ბანკთან“ ჩვენი თანამშრომლობის ტრანსფორმაციულ გავლენას“, - აღნიშნავს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი, მარიკა შიოშვილი.