ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნატო ხუჯაძემ მიიღო.

დღევანდელ პროცესზე ასევე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. სასამართლომ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები საქმეს სრულად დაურთო.

სხდომაზე ბრალდების მხარე საქმის სასამართლოსთვის არსებითად განსახილველად გადაცემას შუამდგომლობდა.

პროკურორ მიხეილ სადრაძის განმარტებით, საქმეზე არაერთი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რაც აჩენს მოლოდინს, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოტანილი.

დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატ ლევან მახარაშვილის განმარტებით, რა ქმედების ჩადენასაც ბრალდებულს ედავებიან, დანაშაულს არ წარმოადგენს.

სასამართლო პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილიც.

„მთელი ცხოვრება ბიზნესში ვარ, ფინანსები მაქვს დამთავრებული და შემიძლია ძალიან მარტივად ვთქვა, რას საქმიანობს ინვესტორი. ამ საქმიანობას შენი და შენი კომპანიის სახელზე ახორციელებ. ცოტა გაოგნებული, გაკვირვებული ვისმენ ახლა(პროკურორისგან), ყველაფერი რაც საქართველოში და საქართველოს გარეთ ხდებოდა, ჩემს სახელზე იყო განხორციელებული. არ ვიცი ამ ყველაფრის წარმოჩენა როგორ შეიძლება, თითქოს, რაღაცას ვმალავდი. რაც შეეხება ინვესტორს, ჩემმა კომპანიამ "ქართუ ბანკიდან" აიღო სესხი, ბანკის პროცენტები გავისტუმრე და ეს ურთიერთობა დავასრულე",- განაცხადა ბაჩიაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში