ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების სპეციალისტს, ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.

- ბატონო ანდრო, ლუქსემბურგთან ჩვენი ნაკრების თამაშამდე ვისაუბრეთ და დავგეგმეთ მასალაზე ფიქრი. საბერძნეთის ნაკრებთან მოგებული მატჩის შემდეგ ქვეყანაში ისეთი განწყობაა, დარწმუნებულიც კი ვარ, რომ სამუშაო ფორმაში ჩადგომას ბევრი ვერ ახერხებს.

თქვენთან შეხმიანებამდე თვალი მოვკარი სოციალურ ქსელში თქვენს სტატუსს და გამახსენდა რომ უნდა შეგხმიანებოდით. მითუმეტეს, რომ თქვენ თქვენსავე სტატუსში ისეთ თემებზე გაამახვილეთ ყურადღება, რომ მათზე მსჯელობა აქტუალურია და ნამდვილად ღირს კიდეც.

იმ ვითარებაში, რომელშიც ვართ, საბერძნეთის ნაკრებთან საქართველოს ნაკრების გამარჯვება, ფეხბურთში გამარჯვებაზე გაცილებით მეტი რომ აღმოჩნდა, ფაქტია. თუ თქვენვე დაგესესხებით - „ვიდრე პოლიტიკოსების მერკანტილური მიზნებით დაგეგმილ სიძულვილში გადავეშვებით, იქნებ რამე სასარგებლოც ვისწავლოთ ამ გამარჯვებიდან.

რისი მაგალითი მოგვცეს გულანთებულმა ნაკრების წევრებმა? რა შეიძლება ისწავლოს საბერძნეთის ნაკრებთან გამარჯვებიდან ნაკრების ქომაგი ახალგაზრდებისაგან საზოგადოებამ და პოლიტიკურმა კლასმა?

- პირველ რიგში, ვისარგებლებ შემთხვევით და სრულიად საქართველოს მივულოცავ ამ გამარჯვებას. საზეიმო განწყობა რომ არ ცხრება, ესეც მოწმობს, რომ 26 მარტს უფრო მნიშვნელოვანი რამ მოხდა, ვიდრე ევროპის ჩემპიონატის თუნდაც ძალიან პრესტიჟულ და თაობების მიერ ნანატრ ტურნირზე მოხვედრაა.

ბოლოსდაბოლოს, ქართველ სპორტსმენებს უკანასკნელ წლებში უამრავი მაღალი რანგის სპორტული ჯილდო აქვთ მოპოვებული. საქმე ის გახლავთ, რომ ჯერ ერთი, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა რაღაც ფორმით, როგორც ჩანს, ევროპულ ინტეგრაციასთან და გამარჯვებასთან ასოცირდა და მეორეც, როგორღაც შედგა ის ერთიანობა მიზნის გარშემო, რომელსაც მართლაც მონატრებულია საქართველოს თითოეული მოქალაქე. ამიტომ გასცდა ეს გამარჯვება ფეხბურთის თუნდაც მრავალრიცხოვან გულშემატკივართა არმიას და იქცა საერთოეროვნულ ზეიმად.

26 მარტს უფრო მნიშვნელოვანი რამ მოხდა, ვიდრე ევროპის ჩემპიონატის თუნდაც ძალიან პრესტიჟულ და თაობების მიერ ნანატრ ტურნირზე მოხვედრაა

თუკი ამ ყველაფერს უსაფრთხოების პოლიტიკის პრიზმაში შევხედავთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მხოლოდ ეროვნული მიზნის გარშემო კონსოლიდაციით ხდება შესაძლებელი გამარჯვების, ამ შემთხვევაში, სრული დასავლური ინტეგრაციის მიღწევა, რაც, თავის მხრივ, უამრავ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ სარგებელთან ერთად, დეოკუპაციის და უსაფრთხოების ქოლგის შექმნის წინაპირობაა.

სწორედ ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლელი პარტნიორები, რომ ახლა პოლარიზაცია, დახლეჩა, პოლიტიკური, ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური თუ სხვა ნიშნით დაყოფა კონტრპროდუქტიულია და მხოლოდ რუსეთს უადვილებს ამოცანას, მოსწყვიტოს საქართველო დასავლურ ორბიტას და მიუერთოს მენტალურად და სამართლებრივადაც „რუსულ სამყაროს“.

სწორედ ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლელი პარტნიორები, რომ ახლა პოლარიზაცია, დახლეჩა, პოლიტიკური, ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური თუ სხვა ნიშნით დაყოფა კონტრპროდუქტიულია და მხოლოდ რუსეთს უადვილებს ამოცანას, მოსწყვიტოს საქართველო დასავლურ ორბიტას და მიუერთოს მენტალურად და სამართლებრივადაც „რუსულ სამყაროს“

როგორც ჩანს, ამ არჩევნებზე ანტიდასავლური განწყობების გაღვივება სწორედ „ლგბტ პროპაგანდაზე“ ფოკუსირდება, ამიტომ ამომრჩეველს მკაფიოდ უნდა განემარტოს, რომ დასავლეთი ჩვენი ინტიმური მისწრაფებების განსაზღვრას კი არ ცდილობს, არამედ გვთავაზობს ქვეყნის თავდაცვასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში საზოგადოების ყველა ფენა თუ ჯგუფი ჩავრთოთ განურჩევლად ეთნიკური, რელიგიური სექსუალური, სოციალური იდენტობისა. პრინციპში ნებისმიერი გონიერი ხელისუფლების ტაქტიკაც ეს უნდა იყოს.

- დიახ, შეუძლებელია არ დაგეთანხმოთ - ეს მატჩი ჩვენს თანამედროვე ისტორიას ბევრი საინტერესო და დამამახსოვრებელი კადრით დაამახსოვრდება, მათ შორისაა საქართველოს ნაკრების გამარჯვებისთვის მლოცველი ტუნისელი მუსლიმი, ნაკრების ფრანგი მწვრთნელი სანიოლის საქართველოსთვის დაღვრილი ცრემლები და გულწრფელი ემოცია, რომელიც მართლმადიდებელი სულაც არაა. ან კათოლიკეა ან პროტესტანტი.

თუ სწორად მახსოვს, ადიგენის რაიონში აჭარელ მიგრანტებს რომ ლოცვას უკრძალავდნენ. ამ თემაზე მომზადებულ სიუჟეტში ისმოდა მართლმადიდებელი ქართველის ხმა - თურქეთში გადადი და იქ ილოცე!

უნებლიეთ მეფე დავით მეოთხე აღმაშენებელი გამახსენდა მეჩეთში რომ დადიოდა და რელიგიურ დღესასწაულებს ჩვენს მუსლიმებს ულოცავდა. დარწმუნებული ვარ, ეს იმ ქართველმა არ იცის, მაგრამ, მას რომ თუ არ ექომაგებიან, მაგრამ ქართველ მუსლიმებს რომ თავის საკუთრებაში ლოცვას უკრძალავენ, წესით იმათ ხომ უნდა იცოდნენ?

რატომაა ასეთ შემთხვევებში ხელისუფლების ქმედებები არაეფექტური და საბოლოო ჯამში ქვეყნისთვის დამაზიანებელი?

- პოლიტიკური ბრძოლა, განსაკუთრებით არჩევნების წელს ბევრ აკრძალულ ილეთს, წელს ქვემოთ დარტყმებს გულისხმობს, თუმცა ასეთ დროსაც კი არსებობს წითელი ხაზები და მნიშვნელოვანია არ დაზარალდეს მთავარი - სახელმწიფო.

სამწუხაროდ, საქართველოში ეს ზრუნვა, სახელმწიფო ინტერესების პრიორიტეტულობა ნაკლებად შეიმჩნევა. მაგალითად, ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილის მხრიდან სრულად აუხსნელია საერთაშორისო ფორუმზე რეზოლუციის დარეგისტრირებაში მონაწილეობისგან თავის შეკავება. ამან, ბუნებრივია, თავად ოპოზიციაც დააზარალა, მაგრამ უპირველესად ქვეყნის ინტერესები შეილახა.

ჩვენი დასავლელი პარტნიორები ინტეგრაციასთან და ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენგან მრავალპარტიულ პოზიციას ელიან და არა ერთმანეთის განადგურების მცდელობებს.

პოლიტიკური ბრძოლა, განსაკუთრებით არჩევნების წელს ბევრ აკრძალულ ილეთს, წელს ქვემოთ დარტყმებს გულისხმობს, თუმცა ასეთ დროსაც კი არსებობს წითელი ხაზები და მნიშვნელოვანია არ დაზარალდეს მთავარი - სახელმწიფო

ყველაზე მეტს ამ მხრივ ცხადია ხელისუფლება სცოდავს და პასუხისმგებლობის დიდი წილიც მასზეა, რაც არ უნდა ეცადოს ამ პასუხისმგებლობის ოპოზიციაზე გადატანა. პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი, რაც, მეტწილად, ეროვნული იდენტობის, დომინანტი რელიგიური ჯგუფის რელიგიური გრძნობების, ოჯახის, ტრადიციების დაცვის და სხვა მგრძნობიარე თემებზე სპეკულირებით ხდება.

პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი, რაც, მეტწილად, ეროვნული იდენტობის, დომინანტი რელიგიური ჯგუფის რელიგიური გრძნობების, ოჯახის, ტრადიციების დაცვის და სხვა მგრძნობიარე თემებზე სპეკულირებით ხდება

საინტერესოა, ევროპის კავშირში გაწევრიანებული რომელი ქვეყნის მაგალითზე დაინახა ხელისუფლებამ, რომ საქართველოს ამგვარი საფრთხე შეიძლება დაემუქროს? ბუნებრივია, ეს აბსურდული კამპანიები მხოლოდ და მხოლოდ ხმებზე ნადირობაა და კიდევ, იმ დასავლეთის მარგინალიზაციის და დისკრედიტაციის მცდელობა, რომელიც აუცილებლად მკვეთრად და ნეგატიურად გამოეხმაურება არჩევნებზე ზემოქმედების ნებისმიერ მცდელობას.

სავარაუდოდ, სწორედ ამისთვის სჭირდება მმართველ ძალას ეს რიტორიკა, რომ შემდგომ თავი ისე წარმოაჩინოს, თითქოს ეროვნული იდენტობის დაცვისთვის სჯის „ფსევდოლიბერალური“ და „აღვირახსნილი“ დასავლეთი. პარტიული ბენეფიტებისათვის უშეცდომო ტაქტიკაა, მაგრამ რამდენად აზარალებს ეს ყველაფერი საქართველოს, მკითხველმა განსაჯოს.

ამას უწოდებენ დასავლეთში ფსბ-ის სახელმძღვანელოს, რადგან ეს მეთოდიკა ახალი არ არის და ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყენებდა „დასავლეთის გამხრწნელი ზემოქმედების“ ასალაგმად, თანამედროვე რუსეთმა კი ეს მისწრაფებები მემკვიდრეობით ჩაიბარა.

- ამ მატჩამდე სულ რამდენიმე დღით ადრე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მოლაპარაკე თავი ამტკიცებდა, - „თუ გადაგვარდი, სარწმუნოება და ტრადიცია წაგართვეს, არ მოგცეს საშუალება შვილს ქალიშვილი, ვაჟიშვილი დაუძახო, დედას - დედა, მამას - მამა, რა ჯანდაბად გვინდა ევროკავშირში და დანარჩენ გაერთიანებაში“.

მეტიც, მმართველმა გუნდმა დააანონსა ლგბტ თემთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრება. უფრო სწორად,, მათივე თქმით - „ადამიანის უფლებების დაცვის პროპაგანდისგან განცალკევება“.

ცხადია, რომ ამ ტიპს ინიციატივები და ანტიდასავლური განცხადებები ჩვენი საზოგადოების ნაწილში, რომელიც ევროსკეპტიკურადაა განწყობილი, წინასაარჩევნოდ კარგად მუშაობს.

მაგრამ, გაუგებარია, რატომ ცდილობს ამ ხალხის წინასაარჩევნოდ მობილიზებას მმართველი გუნდი, რომელიც ამბობს, რომ მისი მიზანი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაა.

იყო მოლოდინი, რომ ასეთ განცხადებებს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილი „ხალხის ძალის“ ლიდერები გააკეთებდნენ. მაგრამ ვხედავთ, რომ ამ ტიპის განცხადებებს „ქართული ოცნების“ ლიდერშიფის წარმომადგენლებიც ხშირად მიმართავენ.

ვითარებაში, როცა პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება ყველას გამაერთიანებელი პლატფორმის შექმნასა და საგარეო კურსის გასწორებას უნდა ცდილობდეს, პრაქტიკულად, სულ სხვა სურათს ვადევნებთ თვალს.

სავარაუდოდ, რატომ ცდილობს ხელისუფლება საზოგადოების დაყოფას, პრაქტიკულად მთელი ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური რადიკალებად გამოცხადებას, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მარგინალიზაციას?

- პირველ რიგში, სწორად უნდა გვესმოდეს, რას გულისხმობს ქვეყნის უსაფრთხოების პრიზმაში ნებისმიერი უმცირესობის უფლებების დაცვა. თუკი ინდივიდი ან პირთა ჯგუფი ვერ ახდენს საკუთარი მიზნების რეალიზაციას, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მისი უფლებების და თავისუფლებების დაცვას, მაშინ ასეთი ჯგუფი მატერიალიზდება, შესაძლოა ანტაგონისტურ ჯგუფადაც ჩამოყალიბდეს და ის აღარ მონაწილეობს სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში.

ზოგჯერ, ამგვარი ანტაგონისტური განწყობების ხარჯზე მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეცსამსახურები ან ტერორისტული ორგანიზაციები ამგვარი ჯგუფების ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ჩათრევასაც ახერხებენ.

საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობა, მისი ჩრდილოელი მეზობლისა და რთული გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, მჭიდროდაა დაკავშირებული თავდაცვასთან. მოგეხსენებათ, თავდაცვა მარტო შეიარაღებული ძალები არ გახლავთ.

სწორედ ამას გვეუბნებიან ჩვენი პარტნიორები: ავაშენოთ სახელმწიფო ყველამ ერთად და ერთად გავასწროთ სამშვიდობოს ჩვენს საუკუნოვან მტერს, რუსეთს მანამ, სანამ შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა

საქართველო ისედაც მცირერიცხოვანი ქვეყანაა, თავდაცვის რესურსი ისედაც მწირი გვაქვს, ამიტომ არ გვაქვს ფუფუნება, რომელიმე ჯგუფი ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური თუ სხვა ორიენტაციის ნიშნით გამოვთიშოთ ამ საქმიანობიდან, არადა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩასახული პოლარიზაცია და ანტაგონიზმი პრაქტიკულად გამორიცხავს კრიზისულ ვითარებაში საჭირო ერთიანობას.

სწორედ ამას გვეუბნებიან ჩვენი პარტნიორები: ავაშენოთ სახელმწიფო ყველამ ერთად და ერთად გავასწროთ სამშვიდობოს ჩვენს საუკუნოვან მტერს, რუსეთს მანამ, სანამ შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა.

რა უფრო მნიშვნელოვანია, ებრძოლო მითური ინცესტის ჰიპოთეზურ საფრთხეს. საფრთხე რომ ჰიპოთეზურია, ამას ინიციატორებიც არ უარყოფენ, და „დასავლურ ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას“ თუ საზოგადოების მდგრადობა გამოიმუშავა რეალური რუსული საინფორმაციო ომის წინააღმდეგ?

- ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ლამის ყოველ მეორე დღეს გვიმეორებს, რომ „საქართველოსთვის ევროპის კარი ღიაა და ახლა ჩვენზეა დამოკიდებული როდის შევაღებთ ამ კარებს.“

ვხედავთ, რომ მოსამართლეების მიერ კეთილსინდისიერების ტესტის გავლა აქტუალური თემაა. იმავე ელჩმა ამ თემაზე განაცხადა - „თუ მივუბრუნდებით გაფართოების პირველ ანგარიშს, რომელიც ევროკომისიამ შეუმუშავა, დავინახავთ მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხარისხის საჭიროებას - ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით“.

ამ თემაზე ხელისუფლების პოზიცია რომ ერთმნიშვნელოვნად უარყოფილია, ვიცით. მოსამართლეთა კონფერენციაზეც მოვისმინეთ თავად მოსამართლეების მოსაზრებები, მათ შორის ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის.

ამავე თემაზე უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა - „ვეტინგის თემა დახურულია. საქართველოში უცხოელები ვერ შეამოწმებენ ქართული შტოების წარმომადგენლების კეთილსინდისიერებას, გამორიცხული ამბავია“.

ამ თემაზე ლამის ყოველ დღე გვესმის მსჯელობები. დარწმუნებული ვარ, ამ თემაზე მოვლენათა განვითარებას ყურადღებით ადევნებენ თვალს ჩვენი დასავლელი პარტნიორები. სავარაუდოდ, როგორ აღიქვამენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მოსამართლეების მხრიდან კეთილსინდისიერების ტესტის გავლაზე უარის თქმას? ასევე ამავე საკითხში ხელისუფლების პოზიციას?

- არ მაქვს ინფორმაცია სხვა ქვეყნებში ვეტინგის შედეგებთან დაკავშირებით, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, სათანადო ნება და ერთსულოვნება რომ არსებობდეს, შესაძლებელი იქნებოდა როგორც ამ სისტემით მოქმედება, ისე სხვა, უფრო მისაღები ფორმის მოძებნაც იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოხსნილიყო შეკითხვები ქართული სასამართლოს მიმართ.

ისევ და ისევ, აქაც ხდება მანიპულირება ქვეყნის სუვერენიტეტით, თითქოს ამას ვინმე ემუქრებოდეს რუსეთის გარდა. დასავლეთს სწორედ ერთსულოვანი მისწრაფების ხილვა სურს, დანარჩენი ტექნიკის საკითხია და მოდელი უამრავია.

ხდება მანიპულირება ქვეყნის სუვერენიტეტით, თითქოს ამას ვინმე ემუქრებოდეს რუსეთის გარდა. დასავლეთს სწორედ ერთსულოვანი მისწრაფების ხილვა სურს, დანარჩენი ტექნიკის საკითხია და მოდელი უამრავია

ზოგ ქვეყანაში ეს მოდელი ამართლებს, სხვაგან -სხვა, თუმცა საჭიროებაზე და არა არსებულ რეალობაზე მორგებული მოდელის მოძებნა ყოველთვის შეიძლება, თუკი აქტორების სურვილი გულწრფელია, მოდელი კი სახელმწიფო ინტერესზეა მორგებული და არა რომელიმე პარტიის მუდმივად ხელისუფლებაში ყოფნაზე.

ევროპელი ან ამერიკელი პოლიტიკოსის თვალით შევხედოთ, რა ხდება ჩვენთან 30 წლის მანძილზე: პარტია, რომელიც ხელისუფლებისგან იდევნებოდა და მხოლოდ დასავლური მხარდაჭერით გადაურჩებოდა ხოლმე მძიმე რეპრესიებს, მოდის რა ხელისუფლებაში, ხარჯავს დასავლეთის გადასახადის გადამხდელის ფულს არა ქვეყნის დემოკრატიზაციასა და სისტემურ რეფორმაზე, არამედ ოპოზიციური პარტიების განადგურებასა და სამუდამოდ ხელისუფლებაში დარჩენის სისტემის მშენებლობაზე.

ევროპელი ან ამერიკელი პოლიტიკოსის თვალით შევხედოთ, რა ხდება ჩვენთან 30 წლის მანძილზე: პარტია, რომელიც ხელისუფლებისგან იდევნებოდა და მხოლოდ დასავლური მხარდაჭერით გადაურჩებოდა ხოლმე მძიმე რეპრესიებს, მოდის რა ხელისუფლებაში, ხარჯავს დასავლეთის გადასახადის გადამხდელის ფულს არა ქვეყნის დემოკრატიზაციასა და სისტემურ რეფორმაზე, არამედ ოპოზიციური პარტიების განადგურებასა და სამუდამოდ ხელისუფლებაში დარჩენის სისტემის მშენებლობაზე

ცხადია, ათწლეულების მანძილზე შენარჩუნებული ეს ტენდენცია დასავლელ ამომრჩეველში სკეპტიციზმს აჩენს, ხომ არ არის ეს ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა? ხომ არ არის დემოკრატია ჩვენთვის უცხო და მიუღებელი რამ? ზოგიერთ შემთხვევაში ამ აზრის გამყარებას ხელისუფლებებიც უწყობენ ხელს, რადგან ეს მათ ხელს აძლევს და პირდაპირ სთავაზობენ ქმედებებით დასავლეთს: ან მიგვიღეთ როგორებიც ვართ ან აქვეა რუსული სამყარო.

ამომრჩეველი რომ არ შეცდეს, უნდა აღინიშნოს, რომ „რუსულ სამყაროში“ ხელგაშლით არავინ გველის, კრემლის რეჟიმმა პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს, ისევე, როგორც უკრაინას, როგორც სახელმწიფოს არც კი განიხილავს.

ამომრჩეველი რომ არ შეცდეს, უნდა აღინიშნოს, რომ „რუსულ სამყაროში“ ხელგაშლით არავინ გველის, კრემლის რეჟიმმა პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს, ისევე, როგორც უკრაინას, როგორც სახელმწიფოს არც კი განიხილავს

თუ საბჭოთა კავშირის დროს საქართველო სახელმწიფოებრივ წარმონაქმნად მაინც იყო თუნდაც ქაღალდზე წარმოდგენილი, ახლა კრემლი მხოლოდ თბილისის და ქუთაისის გუბერნიას ხედავს. ამ რეალობასთან მიმართებაში თითიდან გამოწოვილი ლგბტ საფრთხით მანიპულირება რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია.

- ყველა ასეთ და ამგვარ თემებზე საუბრისას, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვისმენთ ერთი და იმავეს - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის სტატუსი, მისივე მმართველობისას ქვეყანამ მიიღო ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, გასული წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

ეს ყველაფერი მართლაც ასე რომაა, ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ სწორედ „ქართულმა ოცნება“ ახალი რედაქციის კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ ქვეყნის მიზანი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაა.

ძნელი დასაჯერებელია, რომ ჩვენი კონსტიტუციის ახალი რედაქციის ავტორ მმართველ „ქართული ოცნების“ გუნდს, 2016 წელს არ სცოდნოდა, რომ ევროკავშირის წევრობა ბრიუსელისთვის გარკვეული ფუნქციების ნებაყოფლობით დელეგირებასაც ნიშნავს.

გასაგებია, რომ 2016 წელს პარლამენტში არ იყვნენ წარმოდგენილი „ხალხის ძალის“ ყველა წარმომადგენელი. არც დეპუტატი ზარქუა, რომელიც ხშირად გამოირჩევა ანტიდასავლური განცხადებებით. მაგრამ, გვახსოვს, რომ 2016 წელს „ქართული ოცნების“ სახე იყო ირაკლი კობახიძე, რომლის ავტორობითაც დაიწერა კონსტიტუციის ახალი რედაქცია.

თქვენი დაკვირვებით, ახლა რა ხდება? უფრო სწორად, რატომ დგამს ხელისუფლება ისეთ ნაბიჯებს, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატობის წევრი ქვეყანა წესით არ უნდა დგამდეს?

- მიზეზი ისევ და ისევ ვიწროპარტიული ინტერესია. მმართველი პარტიისთვის უფრო კომფორტულია მოასუფთაოს პოლიტიკური ველი, მოახდინოს ყველა აქტორის მარგინალიზაცია და თავად შესთავაზოს საკუთარი თავი დასავლეთს, როგორც მოცემულობა ალტერნატივის გარეშე.

მმართველი პარტიისთვის უფრო კომფორტულია მოასუფთაოს პოლიტიკური ველი, მოახდინოს ყველა აქტორის მარგინალიზაცია და თავად შესთავაზოს საკუთარი თავი დასავლეთს, როგორც მოცემულობა ალტერნატივის გარეშე

მმართველი პარტია ფიქრობს, რომ დასავლეთს თუკი აქვს რეგიონისადმი ინტერესი, იგი არ კონცენტრირდება საქართველოში არსებულ დემოკრატიის ხარვეზებზე, მითუმეტეს, რომ წინა ხელისუფლებასთან შედარებით სახეზეა მნიშვნელოვანი პროგრესი რამდენიმე მიმართულებაზე.

თუმცა, მმართველი პარტია არ აცნობიერებს, რომ ის უკვე 12 წელია ხელისუფლებაშია, საქართველოს ახლა დასავლეთთან პარტნიორობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და შესაბამისად, მოთხოვნებიც ქვეყნის მიმართ გაცილებით სხვაა.

- ამ ცოტა ხნის წინ საპარლამენტო ფრაქცია „ხალხი ძალამ“ განაცხადა, რომ მალე პარტიას დააფუძნებს და 2024 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ეს რომ ძნელი სავარაუდო არ იყო, ამაზე ბევრი საუბრობდა. „ხალხის ძალის“ ამ განცხადებას წინ უძღოდა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის საიმიგრაციო სამსახურმა მოსკოვში ჩაფრენილი „ალტ ინფოს წარმომადგენლები ქვეყანაში არ შეუშვა.

თქვენ როგორ შეაფასებდით 2024 წლის არჩევნებზე „ხალხის ძალის“ შანსებს? და სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ალტ ინფოს“ წარმომადგენლების რუსეთში არშეშვების ფაქტი?

- განვითარებულმა მოვლენებმა მრავალგზის აჩვენა, რომ რუსულ პარტიას, რუსულ კანონს, რუსულ ცხოვრების წესს საქართველოში მხარდამჭერი და დასაყრდენი არ ჰყავს.

ჩვენ არ ვიცით“ალ ინფოს“ წევრების არშეშვების ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი თუ არა, თუმცა, თუ ამგვარი რამ მართლაც მოხდა, სავსებით შესაძლებელია რომ ეს ყოფილიყო საბჭოთა სუკის მეთოდიკით განხორციელებული შენიღბვა, თითქოს რუსეთი აღარ სწყალობს „ალ ინფოს“ და ეს უკანასკნელი რუსული პარტია კი არ არის, არამედ, მხოლოდ ქართულ ტრადიციებისა და იდენტობის დაცვაზეა ორიენტირებული.

განვითარებულმა მოვლენებმა მრავალგზის აჩვენა, რომ რუსულ პარტიას, რუსულ კანონს, რუსულ ცხოვრების წესს საქართველოში მხარდამჭერი და დასაყრდენი არ ჰყავს

არც ის არის გამორიცხული, რომ რუსეთი რესურსების ოპტიმიზაციას ახდენდეს. ცნობილია, უკრაინაში „მეხუთე კოლონის“ ფორმირების ჩავარდნამ რუსულ სპეცსამსახურებში განტევების ვაცის ძიება, ოპერატიული სახსრების სერიოზული რევიზია და „პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე“ პასუხისმგებელი პირების დასჯა განაპირობა, და საქართველოში ერთ მიმართულებაზე ამდენი სუბიექტი, მითუმეტეს წარუმატებელი, არ სჭირდებოდეს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო