მაიორ შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით ადვოკატებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართეს

მაიორ შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით ადვოკატებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განუცხადა, შალვა თათუხაშვილის საქმის შესახებ მიმდინარე წლის მარტში ექსპერტიზის ახალი დასკვნა დაიდო, რაც ბევრ საეჭვო გარემოებას ავლენს. შესაბამისად, ადვოკატის განმარტებით, ახლა ამ განცხადებით ითხოვენ, რომ შალვა თათუხაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება გაუქმდეს, რაც რეალურად, გამოძიების განახლებას ნიშნავს. ამასთან, ადვოკატების მოთხოვნაა, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნას გარდაცვლილის მამა და მას საქმის მასალების გაცნობის უფლება მიეცეს.

„საქმეში ექსპერტიზის ახალი დასკვნა დაიდო, რაც ბევრ საეჭვო გარემოებას ავლენს.

რაც შეეხება შალვა გარდაცვალებას, ექსპერტიზის დასკვნაში რამდენიმე ნაწილი ამ მიმართულებითაც არის. მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნა ამბობს, რომ სამხარაულის დასკვნა, რომელიც გამოძიების დროს დაიდო, არასრულია და ხშირ შემთხვევაში, სანდოობა ეჭვის ქვეშ დგას. თავად ეს ახალი დასკვნა მიმდინარე წლის მარტში მომზადდა. გამოიკვეთა რამდენიმე გარემოება. ამასთან, სრულად არ ჩატარებულა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და გამოკვლევები, სრულყოფილად გამოკვლეული არ ყოფილა მის სხეულში არსებული სხვადასხვა პრეპარატი იმიტომ, რომ დაზარალებულის მხარეს ეჭვი აქვს, რომ შალვა თათუხაშვილზე ხორციელდებოდა გარკვეული ზეწოლა, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური და მათ შორის, შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო გარკვეული პრეპარატებიც. ამას ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნის შედეგად მის სხეულში აღმოჩენილი „დიაზეპამის“ ჯგუფის ზოგიერთი ე.წ. გამაბრუებელი საშუალება. ასევე, მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ თვითონ პროკურატურის თქმით, შალვა თათუხაშვილი იმყოფებოდა სპეციალური დაცვის ღონისძიების ქვეშ, ანუ მას სპეციალური სამსახური იცავდა და უცებ გაქრა. პროკურატურა ამბობს, რომ არ იცის, როგორ გაქრა, თვითონ მიატოვა დაცვის სამსახურიო. ეს ნაწილი კი, ცოტა არაბუნებრივია, რადგანაც გისოსებიანი, კონფიდენციალური ბინიდან, რომელსაც სპეციალური დაცვის სამსახური იცავდა, როგორ გაექცათ ის ადამიანი, რომლის დაცვაც ევალებოდათ? მერე ამბობენ, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ვიპოვეთ ლილოს ბაზრობასთან ახლოს და პოლიციამ მთავარ პროკურატურაში ჩვენების მისაცემად გადაიყვანაო, რაც ასევე არასწორია იურიდიულადაც, რადგანაც ჩნდება კითხვა - დაკავებული იყო? თუ რას ნიშნავს „გადმოიყვანეს“ პოლიციაში? ის არცერთი წუთით არ ყოფილა დაკავებული. რეალურად კი არის ის, რომ შალვა თათუხაშვილი იძულებით წამოიყვანეს და ამ ფაქტს არქმევენ, „გადმოვიყვანეთო“. ასევე მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ გარდაცვლილის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები, რომელიც სიცოცხლის დროს არის მიყენებული, მათი ადგილმდებარეობა და დაზიანების ხარისხის ემთხვევა მისი დაკითხვებზე სიარულის დროს. დაზიანების ხარისხი და მიყენების მექანიზმები, ექსპერტის თქმით, ეჭვის საფუძველს იძლევა, ხომ არ ჰქონდა მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადგილი.

აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ აღნიშნული გამოძიება პროკურატურის კაბინეტებში საიდუმლო საქმედ არ დარჩეს, დაზარალებულის საქმის მასალების გაცნობის უფლება უნდა მიეცეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს. ეს არის მისი მამა, რომელსაც უფლება აქვს იცოდეს, როგორ მიმდინარეობს გამოძიება და რა დადგინდება. ვიდრე ე.წ. ფარდა არის ჩამოფარებული და პროკურატურა საიდუმლოებით მოსავს, ბუნებრივია, ეს ეჭვები იარსებებს და ჩვენ ამ ეჭვების გაქარწყლება გვინდა. რადგანაც პროკურატურა ამ ეჭვების გაქარწყლებას ასე ეწინააღმდეგება, ცხადია, გვგონია, რომ ეს როგორც ჩანს, დაკავშირებულია მათთვის გარკვეულ რისკებთან და ეს რისკები შეიძლება იყოს მათ შორის ის, რომ მაიორ თათუხაშვილზე მიმდინარეობდა ზეწოლა“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

შეგახსენებთ, შალვა თათუხაშვილი დათა ახალაიას, კერძოდ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე პროკურატურის ერთ-ერთი მოწმე იყო. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 2014 წლის 24 მარტს გავრცელდა. ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა შალვა თათუხაშვილის ცხედრის ფოტოსურათებიც გაავრცელა, რომელზეც დაზიანებები აღინიშნება. იმ დროს გავრცელებული ინფორმაციით, შალვა თათუხაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა. ოჯახის წევრების განცხადებით, მასზე, სასურველი ჩვენების მოპოვების მიზნით, გამომძიებლებისგან ზეწოლა განხორციელდა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ