აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილება, მრავალი წელია, რაც დარგის განვითარებაზე მუშაობს, განყოფილების წევრი აკადემიკოსები და წევრ-კორესპონდენტები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო ღონისძიებებში, რაც ეხმარება ქვეყანას მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე მუდმივად იყოს წარმოდგენილი.

როგორ მუშაობს განყოფილებასთან არსებული მათემატიკის, ფიზიკის და ბირთვული ენერგიისა და რადიაციული უსაფრთხოების საკითხების შემსწავლელი კომისია, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში საბუნებისმეტყველო კვლევების ეროვნული ცენტრის არსებობა და რამდენად მზარდია ინტერესი ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანს გიორგი ჯაფარიძეს ესაუბრა.

- 2019 წლიდან ხელმძღვანელობთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილებას. როგორ შეაფასებთ განვლილ ხუთ წელს, რა სამუშაოები გასწია ამ სამეცნიერო განყოფილებამ და რა ფუნქცია-მოვალეობების მატარებელია ის?

- მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილებას, ისევე როგორც მთლიანად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიას, როგორც მთავრობის მრჩეველს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. აკადემია, კერძოდ, მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილება კონცენტრირებულია იმ ამოცანაზე, რომ თავისი შესაძლებლობათა ფარგლებში იყოს ხელისუფლების ეფექტური პარტნიორი ქართული მეცნიერების აღმშენებლობის საქმეში.

ძირითადი ამოცანები, რომლითაც განყოფილების საქმიანობა შეიძლება შევაჯამოთ, პირველ რიგში არის სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების ყოველწლიური საქმიანობის შეფასება. უნდა გითხრათ, რომ ეს უაღრესად დელიკატური პროცესია, რომელიც ერთი მხრივ მოითხოვს ყურადღებას და პატივისცემას იმ კოლექტივების მიმართ ვის საქმიანობასაც აფასებ და მეორე მხრივ, აუცილებლობას, იყო გულწრფელი რეალური ვითარების შეფასებისას, დაინახო და წარმოაჩინო ის პრობლემები რომლის წინაშეც ვდგავართ.

მოგეხსენებათ, რომ მათემატიკა და ფიზიკა მეცნიერების წამყვანი დარგებია და ქართული მათემატიკისა და ფიზიკის სკოლები აღიარებულია მსოფლიოში. არსებული უნიკალური პოტენციალის შენარჩუნება და განვითარება არის განყოფილების ძირითადი ამოცანა. ამავე პრობლემასთან არის ძირეულად დაკავშირებული განყოფილების საქმიანობის მეორე მიმართულებაც - ზრუნვა ახალგაზრდა ნიჭიერ თაობაზე, მათი მეცნიერული ზრდის ხელშეწყობა და აგრეთვე, უცხოეთში მყოფ თანამემამულეებთან კავშირი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ, ვინც დროებით ან მუდმივად არის უცხოეთში დასაქმებული, არ დაკარგონ კავშირი მშობლიურ ინსტიტუტებთან. მერწმუნეთ, ეს არ არის ფორმალური სამუშაო და საკმაოდ რთულად განსახორციელებელია. დრო მიდის, თოვლის გუნდასავით გვადნება ხელში დიდი ტრადიციების მქონე სამეცნიერო პოტენციალი და ვფიქრობ აუცილებელია რადიკალური ნაბიჯების გადადგმა ამ პოტენციალის შესანარჩუნებლად.

- როგორც ჩვენთვის ცნობილია, განყოფილებასთან არსებული ბირთვული ენერგიისა და რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა შემსწავლელი კომისია, როგორც აკადემიის სტრუქტურული ერთეული, წარმოდგენილია ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოში...

- ეს დიდი ტრადიციების მქონე კომისიაა, რომელიც მეცნიერებათა აკადემიაში ატომური კომისიის სახელით ფუნქციონირებდა გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან. თავისი ამჟამინდელი სახით კომისია აღსდგა 2010 წელს, რაც განპირობებული იყო როგორც საქართველოში, ასევე, ჩვენს უახლოეს სამეზობლოში ბირთვული ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივებით. უნდა გითხრათ, რომ უკანასკნელი წლების პოლიტიკურმა რეალობამ ეს პრობლემატიკა კიდევ უფრო აქტუალური გახადა.

მიმაჩნია, რომ ჩვენ გვაქვს კარგი და საქმიანი ურთიერთობები საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსთან. ჩვენ ვთანამშრომლობთ იქაურ კოლეგებთან, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციებს ვუწევთ მათ, ერთად ვმონაწილეობთ საინტერესო პროექტების ექსპერტიზაში, კონფერენციებშიც.

რაც შეეხება ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობას, ეს დიდი სახელმწიფო სტრუქტურაა, გამიზნული ოპერატიული გამოწვევების შემთხვევაში კოორდინირებული მოქმედებების უზრუნველსაყოფად. ცხადია, ჩვენი მონაწილეობა მის მუშაობაში უაღრესად მორიდებულია. ჩვენ ამოცანას ვხედავთ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზში, გლობალური ხასიათის უახლესი გამოწვევების იდენტიფიცირებასა და მათ შესახებ საზოგადოების თუ კოლეგების ინფორმირებაში.

- რას იტყოდით მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების წევრთა სამეცნიერო საქმიანობის შესახებ? როგორც ვიცით, განყოფილების წევრი აკადემიკოსებისა და აკადემიკოს-მდივნების რედაქტორობით, რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალი გამოდის საქართველოში. განყოფილების წევრები სისტემატურად მონაწილეობთ და ასევე, ორგანიზებას უკეთებთ საერთაშორისო კონფერენციებს, რას გვეტყოდით ამის შესახებ.

- ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია, მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში. უდიდესი სიამაყის და ეროვნული ღირსების საგანია ის, რომ საქართველოში განყოფილების წევრთა რედაქტორობით გამოდის ხუთი მაღალი დონის ინგლისურენოვანი მათემატიკური ჟურნალი. მერწმუნეთ, ეს არაჩვეულებრივი კულტურული ფენომენია, რაც ქართული მათემატიკური სკოლის სიძლიერესა და აღიარებაზე მეტყველებს.

განყოფილების წევრებმა 100-ზე მეტი ნაშრომი გამოაქვეყნეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ხოლო იმავე პერიოდში, მათი ნაშრომების ჯამური ციტირების ინდექსი 6000-ს აღემატება. ეს კარგად მეტყველებს განყოფილების პოტენციალზე.

რაც შეეხება კონფერენციებს, მათი საქართველოში ჩატარება კვლავ და კვლავ ემსახურება ჩვენი ადგილის დამკვიდრებას საერთაშორისო სამეცნიერო სისტემაში. ეს არის საშუალება უცხოელ კოლეგებთან კავშირების დამყარების. ჩვენი რწმენით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობის განვითარება. სამეცნიერო კავშირების განვითარება ჩვენს მეზობლებთან არის, არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის ქვეყნების მეცნიერული პოტენციალის ზრდის საფუძველი.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში საბუნებისმეტყველო კვლევების ეროვნული ცენტრის არსებობა? რატომ არის აუცილებელი ის ქვეყნისთვის?

- თანამედროვე სამეცნიერო სისტემაში სტრუქტურული ინტეგრირება მოითხოვს შესაბამისი სტანდარტების კვლევითი ინფრასტრუქტურის არსებობას, თავისი აპარატურით, ტექნოლოგიური, საკონსტრუქტორო და საინჟინრო ბაზით და ლაბორატორიებით. დღეს ამ მიმართულებით დიდი ჩამორჩენაა, საჭიროა რესურსების კონცენტრაცია რათა ჩამორჩენა დავძლიოთ. თავის მხრივ, ასეთი კვლევითი ცენტრი მიიზიდავს ახალგაზრდებს, მისცემს მათ საშუალებას სხვაგან შეძენილი ცოდნა და უნარები ქვეყნის სასიკეთოდ სამშობლოში გამოიყენონ. ვიქრობ, ეს სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანაა, რომლის გადაწყვეტის გარეშე ის სამეცნიერო პოტენციალი რაც დღეს გაგვაჩნია შემოგვეცლება და მეცნიერებაში მაჩანჩალები ვიქნებით, რასაც საქართველო ნამდვილად არ იმსახურებს.

- და ბოლოს, ხშირად არის საუბარი ახალგაზრდა კადრების პრობლემასა და დეფიციტზე, რა ვითარება გვაქვს იმ კუთხით, იმ მიმართულებაში რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ? ასევე, საინტერესოა თუ მუშაობთ სტუდენტებთან, ახალგაზრდებთან, რათა გაიზარდოს დაინტერესება მეცნიერებისადმი, ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით?

- ეს ყველაზე რთული კითხვაა. ნაწილობრივ მასზე უკვე ზევით გიპასუხეთ. ამ პრობლემას ორი ასპექტი გააჩნია, პირველია - ფიზიკასა და მათემატიკაში კადრების ზოგადი დეფიციტი ევროპასა და ამერიკაში. ამიტომ, დასავლეთის უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები სიამოვნებით იყვანენ ჩვენს ახალგაზრდებს, რადგან მათ, უნივერსიტეტებიდან წამოღებული კარგი საბაზისო მომზადება გააჩნიათ. მეორე კი ისაა, რომ მეტი ყურადღება და მხარდაჭერა უნდა მივმართოთ მიზნობრივად იმ ახალგაზრდების მიმართ, ვინც საქართველოში რჩება. უნდა შემუშავდეს მათი წინსვლისთვის და საკარიერო ზრდის მექანიზმები. დარწმუნებული ვარ, რომ ფუნდამენტური მეცნიერებების მიმართულებით ნაციონალური კვლევითი ცენტრის შექმნა ამ საქმესაც დიდად წაადგება.

არეგ კოჩინიანი - „ზანგეზურის კორიდორის“ საკითხში მოსკოვის პოზიცია აღმოჩნდა საკვანძო, რის გამოც არა მარტო გართულდა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები, არამედ სომხეთმა თავის საგარეო პოლიტიკაში სერიოზული კორექტივები შეიტანა
ქართული პრესის მიმოხილვა 11.04.2024
მირიან მირიანაშვილი - ივანიშვილი რუსეთის დაშოშმინებას ცდილობს, კანონის მიღება ხელს არ შეუშლის საქართველოს ევროპისკენ სვლას, რადგან დასავლეთის ინტერესშია საქართველოს ევროკავშირის წევრობა
„SOCAR Team“ ტურნირი „პეტრას განძის“ გამარჯვებული გახდა
იგრძენი გაზაფხული – იცხოვრეთ ალერგიის გარეშე
კავკასიის უნივერსიტეტში NATO 75 საზეიმო სხდომა გაიმართა და ირაკლი წერეთლის სახელობის ნატოს კვლევითი ცენტრი გაიხსნა
TNET-ისა და Visa-ს ერთობლივი გრანდიოზული გათამაშება იწყება
გონიო, ბათუმი: საინვესტიციო შესაძლებლობები და ურბანული განვითარება
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კირილ ზდანევიჩის გამოფენით გაიხსნება