დავით უსუფაშვილი - „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მთავარი პრობლემა პოლიტიკური თვალთმაქცობაა

“საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მთავარი პრობლემა პოლიტიკური თვალთმაქცობაა - მისი რეალური დანიშნულება ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანაა, რომელიც დელეგატად წოდებულ დეპუტატს ისეთივე მაჟორიტარად წარმოიდგენს, ვისთანაც მას მანამდე ურთიერთობა ჰქონდა, - აღნიშნული შეფასება პარლამენტის ტრიბუნიდან “ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

უსუფაშვილის განცხადებით, კანონში დაგეგმილი ცვლილებების საფუძველზე მმართველი პარტია შეეცდება, რეგიონებში დელეგატის სტატუსით მივლენილი “შეძლებული პირების“ მეშვეობით, რომლებიც წარსულში მაჟორიტარები იყვნენ, მეტი ხმები და“საარჩევნო ხეირი“ მიიღონ.

მან ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონში დაგეგმილი ცვლილებები რეალურ ცხოვრებაში არაფერს ცვლის და დეპუტატს, რომელსაც საარჩევნო სიაში “დელეგატი“ ეწერება, არავითარი დამატებითი იურიდიული თუ ადმინისტრაციული უფლებამოსილება არ ექნება.

“ეს არის განწირული სულისკვეთება, რომ იქნება აქაც რაღაცა მოვციცქნოთ და უკეთესი შედეგი მივიღოთ, ამისთვის ამომრჩეველი შეცდომაში შევიყვანოთ და ყოფილი მაჟორიტარებისგან მაქსიმუმი ამოვწუროთ - არაფერ შუაშია აქ ამომრჩევლისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის ინტერესი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით იხილავს.

პროექტის თანახმად, პარტია უფლებამოსილი ხდება, პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს. ასეთ შემთხვევაში, პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატის გასწვრივ იმ საარჩევნო ოლქის ნომერი მიეთითება, რომელი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატადაც ის არის წარდგენილი.

ამავე ცვლილების თანახმად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. ამით საკრებულოს მაჟორიტარების ასარჩევად დადგენილი 40%-იანი ბარიერი უქმდება და არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება.

როგორ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ განაცხადა, დაგეგმილი ცვლილებით მოსახლეობას ექნება გარკვეული განცდა, თუ რომელი დეპუტატობის კანდიდატთან შეიძლება ჰქონდეს ბმა და ამ შემთხვევაში რაიმე ფორმით მაჟორიტარული სისტემის აღდგენაზე საუბარი არ არის.

კანონპროექტის ავტორია ფრაქცია “ქართული ოცნება“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე