„სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სს „სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა მომხმარებელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ელექტრონულ ასლებზე უკანონო წვდომა განახორციელა, რის შემდეგაც არალეგალური გზით მათ ინტერნეტ სივრცეში რეალიზაციას ცდილობდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის - სს „სილქნეტის“ კუთვნილ ვებ-პლატფორმაზე უნებართვო შეღწევის გზით, კომპანიის მომხმარებელთა მიერ სიმბარათის შეძენის, ცვლილების ან პორტირებისას საკუთარი პიროვნების ვერიფიცირების მიზნით გამოყენებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ელექტრონულ ასლებზე უკანონო წვდომა განახორციელა, რის შემდეგაც არალეგალური გზით მათ ინტერნეტ სივრცეში რეალიზაციას ცდილობდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 ნაწილით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევა, ჩადენილი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა