რუსთავში ავტომატური მონიტორინგის სისტემა უკვე 32 საწარმოში მუშაობს

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რუსთავის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ჰაერის მართვის გეგმის მიხედვით განხორციელებული სამუშაოს ანგარიში წარადგინა.

„რუსთავის მერიის გუნდმა, საქართველოს პარლამენტში წარვადგინეთ ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რაც საპარლამენტო და სამთავრობო გუნდთან ერთად განვახორციელეთ რუსთავის ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ბოლო ორი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოს შედეგები პოზიტიურ დინამიკას გვაძლევს. რუსთავში უკვე 32 საწარმოში მუშაობს თვითმონიტორინგის სისტემა, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ჯერ კიდევ ვდგავართ ბევრი ისეთი გამოწვევის წინაშე, რაც საფრთხეს უქმნის რუსთავის ეკოლოგიას. მუნიციპალიტეტი თავის მხრივ ეტაპობრივად ასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც ჰაერის მართვის გეგმის მიხედვით აქვს აღებული. ბოლო 2 წელიწადში, ახალი რეკრეაციული ზონები შეიქმნა, გატარდა მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმა და ქალაქს 40 ერთეული ევროსტანდარტის შესაბამისი ავტობუსი ემსახურება, დაწყებული გვაქვს მუშაობა ჭალის ტყის განვითარებაზე. ამ პროექტზე, გარემოს დაცვის სამინისტროსთან და შვედეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად ვმუშაობთ. ხორციელდება მასშტაბური ენერგოეფექტური და ეკოპროექტები, დავიწყეთ მრავალწლიანი პროექტი ქალაქის ტექნიკური წყლით უზრუნველსაყოფად. შეხვედრაზე ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე და ჯერ კიდევ გადაუჭრელ იმ გამოწვევებზე, რომლებიც საპარლამენტო და სამთავრობო მხარდაჭერით უნდა განვახორციელოთ, რომ ჩვენს ქალაქს ჰაერის ხარისხის პრობლემა აღარ ჰქონდეს და რუსთაველებმა, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ვიცხოვროთ”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტის, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ აღნიშნა, რომ ატმოსფერული ჰაერის დაცვა, ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელზეც კომიტეტი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და მუნიციპალიტეტებთან ერთად მუშაობს.

მისივე თქმით, კომიტეტი კვლავ გააგრძელებს რუსთავის მერიასთან თანამშრომლობას, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტის და გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მოსმენის შემდეგ, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა, იმ საწარმოების ნუსხის გაზრდის საჭიროებაზე ისაუბრა, რომლებშიც გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონის შესაბამისად, თვითმონიტორინგის სისტემა უნდა მოქმედებდეს.

„დროა უკვე მივიდეთ იქამდე, რომ ყველა საწარმოში, სადაც ეს კანონით არის განსაზღვრული, ამუშავდეს მონიტორინგის სისტემა. ასეთი აქტიური როგორიც ახლაა გარემოს დაცვის დეპარტამენტი, წინა წლებში ნამდვილად არ ყოფილა და პოზიტიური დინამიკაც ნამდვილად თვალსაჩინოა, მაგრამ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ. ვფიქრობ, რომ უნდა გაიზარდოს იმ საწარმოთა ნუსხა, რომლებიც მონიტორინგს დაექვემდებარებიან“, - განაცხადა პარლამენტარმა ალექსანდრე დალაქიშვილმა.

როგორც რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა განაცხადა, რუსთავის შემოგარენში არსებული ზოგიერთი საწარმო, გარდა იმისა, რომ ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის ქალაქს, მის ეკონომიკურ განვითარებასაც უშლის ხელს.

„რუსთავს აქვს ძალიან დიდი დეველოპერული პოტენციალი და ამ პოტენციალს საფრთხეს უქმნიან ის საწარმოები, რომლებიც არ იმყოფებიან რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში. მაშინ როდესაც ჩვენ ახალ ინვესტორს ვესაუბრებით რუსთავის განვითარებაზე, ნამდვილად არ არის პრეზენტაბელური ის სურათი, რასაც ეს საწარმოები ქმნიან აბსოლუტურად ხილული გამოფრქვევებით, რაც ცენტრალური მაგისტრალიდანაც კარგად ჩანს. ამიტომ ჩვენი დიდი თხოვნა იქნება, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ამ საკითხს”, - განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.

კანონი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის მარტში მიიღო. ამავე პერიოდში დამტკიცდა რუსთავის ჰაერის მართვის გრგ-მაც, რომელიც ერთ-ერთი პირველი ასეთი დოკუმენტი იყო, რომელიც საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის შეიქმნა. რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, რუსთავის მერია და არასამთავრობო სექტორი ერთობლივად მუშაობენ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში