ნარკოლოგი - საქართველოში ნარკოპოლიტიკის ბოძი - პრევენცია გვაკლია, ამ მიმართულებით სახელმწიფომ სტრატეგია დაამტკიცა, სადაც კარგი რაღაცები წერია, მაგრამ ნელა, ან საერთოდ არ კეთდება

ჩვენს კლუბებში და ფესტივალებზე ბევრი ახალგაზრდა მოიხმარს ნარკოტიკს იმისთვის, რომ უკეთესი დრო ატაროს და როგორც წესი, რამდენიმე ნარკოტიკულ საშუალებას ერთმანეთში ურევს, რაც ძალიან ცუდია და დოზის გადაჭარბებისა და ინტოქსიკაციის რიკს ზრდის, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ექიმ-ნარკოლოგმა დავით ოთიაშვილმა განაცხადა.

როგორც ოთიაშვილი აღნიშნავს, ნარკოტიკთან ერთად ალკოჰოლის მიღებით ყველა რისკი მნიშვნელოვნად იზრდება, მათ შორის, ინტოქსიკაციის. ექიმ-ნარკოლოგის თქმითვე, თუ მძიმე შემთხვევაა, მოწამვლა სიკვდილით სრულდება.

„როცა კლუბურ ნარკოტიკზე ვსაუბრობთ, რამდენიმე ნარკოტიკს გულისხმობენ, თუმცა, ეს პირობითი ტერმინია - „კლუბური“, რადგან მის გარეთ შეიძლება უფრო მეტად მოიხმარენ, ვიდრე კლუბში, უბრალოდ, კლუბურ გარემოს უხდება. ხშირად იღებენ „ექსტაზს“, რამდენიმე სხვა სტიმულატორს, „ამფეტამინს“, „ალფა პვპს“, „მეფედრონს,“ „კეტამინს“, „LSD-ს“. ძირითადად, ამ ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარენ, კანაფს უმატებენ და ალკოჰოლს. ჩვენს კლუბებში და ფესტივალებზე ბევრი ახალგაზრდა მოიხმარს ნარკოტიკს იმისთვის, რომ უკეთესი დრო ატაროს და როგორც წესი, ზემოთ ჩამოთვლილ საშუალებებს ერთმანეთში ურევენ, რაც ძალიან ცუდია, შერევა დოზის გადაჭარბებისა და ინტოქსიკაციის რიკს ზრდის. როცა დოზის გადაჭარბებას ვამბობთ, ამას ვიგებთ ხოლმე, როცა სიკვდილით მთავრდება, სინამდვილეში კი, დოზით გადაჭარბება უფრო მეტი ხდება და ეს არავის ყურამდე არ მიდის, რადგან შველიან, მდგომარეობიდან გამოჰყავთ. ეს რამდენად ხშირად ხდება, ვერ გეტყვით... ალკოჰოლიც ფსიქოაქტიურია, ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ლეგალურია, ალკოჰოლის შედეგები რომელ ნარკოტიკზე ნაკლებია? ნარკოტიკთან ერთად ალკოჰოლის მიღებით კი, ყველა რისკი მნიშვნელოვნად იზრდება, მათ შორის, ინტოქსიკაციის, თუ მძიმე შემთხვევაა, ეს მოწამვლა სიკვდილით მთავრდება, ანუ მთავარი რისკი რაღაცების არევაა. ორი ძირითადი გამოწვევაა - რაღაც როცა არის შერეული და მომხმარებელმა არ იცის და მეორე, როცა ნარკოტიკულ საშუალებებს ერთმანეთში ურევენ. ადამიანი ამას რომ არ აკეთებდეს, სახლში ჯანმრთელი დაბრუნდებოდა“, - განაცხადა ოთიაშვილმა.

მისივე განმარტებით, ნარკომომხმარებლებთან მიმართებაში საჭიროა განსხვავებული მიდგომები.

„ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონმდებლობა გვაქვს, ამის გამკაცრება ვერ წარმომიდგენია, მაშინ ავტომატებით უნდა იარონ და ქუჩაში დახვრიტონ ეს ადამიანები. ეს პოლიტიკა შედეგიანი არ არის, არც საქართველოს პირობებში და არც სხვა ქვეყნების პირობებში, ამის მიზეზი ბევრი ფაქტორია. ერთი მიზეზი ისაა, რაზეც ვისაუბრეთ - გლობალიზაცია და პროცესი, რომელსაც ვერც ერთი პოლიციური სტრუქტურა ვერ აღუდგება - ინტერნეტით გაყიდვები და არა პიდაპირი ურთიერთობა. ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა დააკავო, ეს ნამცეცია მთელ სურათზე. როცა ადამიანი ნარკოკანონს არღვევს იმით, რომ ნარკოტიკს შეიძენს მისი ან მისი მეგობრების მოხმარებისთვის, იმის ალბათობა, რომ ის პოლიციამ დაიჭიროს, იმდენად დაბალია, ეს, როგორც შემაკავებელი და დამცავი ფაქტორი, არ მუშაობს, რადგან სასჯელი მაშინ მუშაობს, როცა ორი ელემენტია, ერთი, მისი სიმკაცრე და მეორე, გარდაუვალობა. გარდაუვალობა იმდენად დაბალია, რომ აზრი არ აქვს არანაირ გამკაცრებას. ეს ბევრი ქვეყნის მაგალითმაც გვითხრა. ამ პირობებში, რაც შეიძლება გაკეთდეს, ორი რამეა, ერთი, მეტ-ნაკლებად კეთდება - ვისაც პრობლემა შეექმნება, ამ პრობლემის გადაჭრაში უნდა დავეხმაროთ, ამ მიმართულებით, ამ ქვეყანაში რაღაცები კეთდება, მეორე, მნიშვნელოვანი მიმართულება, სადაც უზარმაზარი ღიობია და პრაქტიკულად არაფერი კეთდება - ახალგაზრდების მომზადება, განათლება და ცოდნით, უნარებით აღჭურვაა, რომ იდეალურ შემთხვევაში, არასდროს გასინჯონ ნარკოტიკი, მასზე ყოველთვის უარი თქვან, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ 100%-იან შემთხვევაში ამას ვერ მივაღწევთ, ვიღაც მაინც გადაწყვეტს, რომ გასინჯოს, აი, თუ ამას გადაწყვეტს, ჩვენს მიერ უნდა იყოს მომზადებული, იცოდეს, რა არ უნდა გააკეთოს, რა რასთან არ უნდა აურიოს, რომ ნარკოტიკს ყანწებით სასმელი არ უნდა დააყოლოს, მერე საჭესთან არ დაჯდეს და ა.შ. ამას ჰქვია პრევენცია, რომელიც უნდა ტარდებოდეს, როგორც სისტემური ჩარევა, მათ შორის, სკოლებში და სახელმწიფოს აქ კრიტიკული და წამყვანი როლი აქვს, სხვა ამას ვერავინ გააკეთებს. მე, მკვლევარი, ექიმი, 2500 საჯარო სკოლაში ვერ შევალ და ვერ ვასწავლი ყველა პედაგოგს, იქ რა უნდა გააკეთონ.

საუბარი არ არის, რომ პოლიციაზე უარი ვთქვათ და მხოლოდ ეს ვაკეთოთ. საერთაშორისო შეთანხმება ნარკოპოლიტიკის 4 საყრდენზეა: საპოლიციო ღონისძიებები, რომელიც იმას ემსახურება, რომ ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა შემცირდეს, პირველადი პრევენცია, რომ ახალგაზრდებმა მოხმარება არ დაიწყონ, ან გვიან დაიწყონ, ან თუ დაიწყებენ, იცოდნენ, ცოცხლები და ჯანმრთელები როგორ დარჩნენ, ასევე მკურნალობა და ზიანის შემცირება. ნორმალურ ქვეყანაში, ეს ოთხივე ფაქტორი უნდა მუშაობდეს, ჩვენთან პრევენცია არ მუშაობს, დანარჩენი მეტ-ნაკლებად, ნარკოპოლიტიკის ბოძი - პრევენციის ბოძი გვაკლია, ამ მიმართულებით რაღაც მოძრაობები არის, მაგალითად, სახელმწიფომ შეიმუშავა და დაამტკიცა პირველადი პრევენციის ეროვნული სტრატეგია, სადაც კარგი რაღაცები წერია, მაგრამ ნელა, ან საერთოდ არ კეთდება, რაც იქ წერია.

საინფორმაციო პორტალი არის ასეთი www.cpr.ge. ეს პორტალი ევროკავშირის დაფინანსებითაა გაკეთებული და საინფორმაციო პორტალია, რაც ახალგაზრდებს, მშობლებს, პედაგოგებს დაეხმარება. მათ შეუძლიათ შევიდნენ და ნახონ კონკრეტული ნივთიერებები, რა ეფექტები, რა რისკები აქვს, კომბინაციაც შეუძლიათ ნახონ, ჩვენი ვებგვერდი ეტყვის, თუ რა საფრთხეები აქვს, როგორ არ უნდა მოიქცეს და როგორ მოიქცეს. ეს არის ის, რაც ქართულ სივრცეში არ ყოფილა, ძალიან აკლდა და ძალიან სასარგებლოა, ბევრ ადამიანს დაეხმარება რაღაცების გარკვევაში, შეფასებაში“, - აცხადებს ოთიაშვილი.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ