თინა ბოკუჩავა ანრი ოხანაშვილს - კომიტეტის სხდომის მედიასაშუალებების წარმომადგენლებისგან ჩაკეტვა სიმართლეს ვერ შეცვლის

საპარლამენტო ოპოზიციამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომლითაც ტელევიზიების გარდა, მედიასაშუალებების დანარჩენ ნაწილს პარლამენტში შესვლის და მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევა.

„ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს მიმართა მოთხოვნით, საზოგადოებას მიაწოდონ სრული ინფორმაცია, რომელ მედიასაშუალებებს, მათ შორის რომელ ონლაინპლატფორმებს ჰქონდათ სხდომის გაშუქების სურვილი და ამ ორგანიზაციების რა ნაწილი დაუშვეს პარლამენტში.

“წარმოადგინეთ დასაბუთება, თუ რატომ არ არიან ონლაინ მედიაპლატფორმების და ახალი ამბების სააგენტოების წარმომადგენლები დაშვებული - გვჭირდება დასაბუთება, რატომ არ არიან!“, - მიმართა ოხანაშვილს ანა ნაცვლიშვილმა.

პროტესტი, ასევე, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გამოხატა, რომლის თქმით, კომიტეტის სხდომის “ჩაკეტვა“ სიმართლეს ვერ შეცვლის.

“საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს, რომ თქვენ ძალიან ბევრ მედია ორგანიზაციას, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას, როლებსაც უშუალოდ ეხებათ კანონპროექტი, სხდომაზე დასწრების უფლება არ მიეცით. წარმოდგენილი არ არის “ინტერპრესნიუსი“ - ნათია ინაური, რომელიც თქვენზე და ჩემზე დიდი ხანია ამ პარლამენტში მუშაობს, იმის მიუხედავად, რომ მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ. წარმოდგენილი არ არის “რადიო თავისუფლება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თავად სხდომის წამყვანის ანრი ოხანაშვილის მტკიცებით, სხდომათა დარბაზი სავსეა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებით.

“დარბაზი სავსეა არასამთავრობო ორგანიზაციებით, რომელთაც აქვთ პრეტენზია იმისა, რომ ისინი კომპეტენტურ აზრს ქმნიან. დარბაზი სავსეა და იძახით, რომ ხალხი არ არის დაშვებული. აქეთა მხარე ჟურნალისტებით არის სრულად ათვისებული“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, პარლამენტის შენობაში შესვლისა და დაგეგმილი სხდომების ადგილზე გაშუქების უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს მიეცათ - არც ერთი სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტი, მათ შორის "ინტერპრესნიუსის" აკრედიტებული კორესპონდენტები საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება