ადვოკატის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირებს კისრის, თავისა და წელის მიდამოებში დაზიანებები აღენიშნებათ - უფლებადამცველი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირებს დაზიანებები აღენიშნებათ, ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულების ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განუცხადა.

ის 4 პირის უფლებებს იცვას, რომლებიც დროებითი მოთავსების იზოლატორში ტყეშელაძემ ცოტა ხნის წინ მოინახულა.

ადვოკატის თქმით, დაკავებულებზე პოლიციელების მხრიდან ფიზიკური ძალადობა, როგორც დაკავების მომენტში, ასევე სამართალდამცავების ე.წ. კორიდორში გავლისას განხორციელდა.

„ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფებმა განმიცხადეს, რომ მათზე ძალადობა განხორციელდა, მათ კისრის, თავის, წელის მიდამოებში სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებათ. ერთ-ერთ დაკავებულს ტანსაცმელი მთლიანად აქვს შემოხეული, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ყველა დაკავებული აღნიშნავს, რომ დაკავებისას ე.წ. კორიდორის გავლისას ურტყამდნენ და ძალადობდნენ. როცა იზოლატორში შეიყვანეს, დაათვალიერეს და ოფიციალური დოკუმენტი არსებობს, სადაც ამ ადამიანებს დაზიანებები აღენიშნებათ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს განცხადებით მივმართავ, რათა აღნიშნულ ქმედებებზე გამოძიება დაიწყონ.

სამართალდამცავების მხრიდან განხორციელდა ეს ქმედებები, ერთი მხრივ, როცა დაკავება ხდებოდა, მეორე მხრივ, როცა პოლიციელების ე.წ. კორდონში შეათრევდნენ, მაშინ ხდებოდა მათზე ძალადობა, დაკავებულებმა ასე განმიცხადეს“, - აცხადებს ტყეშელაძე.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, სადაც პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას აპროტესტებდნენ, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით 14 პირი დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ