ლევან იოსელიანი - თუ საჭირო იქნება, პარლამენტთან მეც მივალ, მაგრამ ამ წუთში საქმეს უფრო ეფექტურად ვაკეთებ იქ, სადაც ვარ - რაც შეეხება ირაკლი კუპრაძის დაკავებას, მივმართავ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ფაქტზე გამოძიება დაიწყოს

ჩვენ პირველივე წუთიდან დავიწყეთ აქციაზე დაკავებულებთან კონტაქტზე გასვლა და ვცდილობთ დადგენას, თუ სად არიან, რადგან შემდეგ დავიწყოთ მათ საქმეებზე რეაგირება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები წავიდნენ მათ შორის, "ლელოს" გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის სანახავადაც, რომელიც ასევე, დღევანდელ აქციაზე დააკავეს.

„ჩვენ პირველივე წუთიდან დავიწყეთ ამ ადამიანებთან [აქციაზე დაკავებულებთან] კონტაქტზე გასვლა და ვცდილობთ დადგენას თუ სად არიან, რადგან შემდეგ დავიწყოთ ამ საქმეებზე რეაგირება. მათ შორის, აპარატის თანამშრომლები წასულები არიან ირაკლი კუპრაძის სანახავადაც. ყველაფერზე გვექნება ინფორმაცია და, რა თქმა უნდა, ამას გამოვაქვეყნებთ და მივაწოდებთ საზოგადოებას. რაც შეეხება ირაკლი კუპრაძეს, ამაზეც მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

სახალხო დამცველის თქმით, მათ ჯერ არ აქვთ ინფორმაცია დაკავებულთა რაოდენობის შესახებ, ვინაიდან ამ წუთებში მიმდინარეობს მათი ე.წ. შესახლების პროცესი. მისივე თქმით, როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, მათ ექნება ინფორმაცია და ამას საზოგადოებას გაუზიარებენ.

კითხვაზე, დაეკონტაქტა თუ არა ის შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, მან აღნიშნა, რომ მისი მოადგილე ვახტანგ გომელაურის მოადგილესთან კონტაქტზეა და ცდილობენ, რომ ეს საკითხი გაარკვიონ.

„ვართ კონტაქტზე შსს-სთან და ვცდილობთ, რომ ეს ინფორმაცია მოვიპოვოთ. ჩემი მოადგილე მის [ვახტანგ გომელაურის] მოადგილესთან კონტაქტზეა და ვცდილობთ, რომ ეს საკითხი გავარკვიოთ. თუ საჭირო იქნება გომელაურსაც დავაკავშირებთ, უბრალოდ, მის მოადგილესთან გვაქვს კონტაქტი და ამ ინფორმაციის მიღების პროცესში ვართ“, - განაცხადა იოსელიანმა.

რაც შეეხება კითხვას, სად არის სახალხო დამცველი მაშინ, როცა დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე დაძაბული ვითარებაა, ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ახლა აქციაზე არიან და თუ საჭირო გახდება, ის თავადაც მივა საქართველოს პარლამენტთან.

„სწორედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი შევაფასოთ ადეკვატურად, მნიშვნელოვანია, რომ სრული ინფორმაცია გვქონდეს. იქ არიან ჩვენი აპარატის თანამშრომლები, თუ საჭირო იქნება მეც მივალ, მაგრამ ამ წუთში ამ საქმეს უფრო ეფექტურად ვაკეთებ კონკრეტულად იქ, სადაც ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი იქ ყოფნა რაიმე პრობლემასთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ