ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024

კანონი პირველი მოსმენით მიღებულია - პრემიერი კვლავ დაჟინებით დისკუსიის გამართვას ითხოვს

როგორი იქნება პროტესტის დინამიკა 17 მაისამდე - რაზეა დამოკიდებული ხალხის რაოდენობის ზრდა და კლება

ემზადება თუ არა რუსეთი ფართომასშტაბიანი შეტევისთვის და ვისი იმედი აქვს უკრაინას შეიარაღების მწვავე დეფიციტის პირობებში

* * *

კანონი პირველი მოსმენით მიღებულია - პრემიერი კვლავ დაჟინებით დისკუსიის გამართვას ითხოვს

“მინდა გავაფრთხილო ყველა, თავი შეიკავონ ძალადობისგან და პროვოკაციებისგან, ყველა სამართალდამრღვევი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს, განსაკუთრებით მკაცრად მოეთხოვებათ პასუხი იმათ, ვინც კულისებში იმალებიან. სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვას და კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ” - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპაციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საპარლამენტო განხილვამ “კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არც ერთი და არავითარი არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ”. მისივე თქმით, “სინამდვილეში, კანონი არის სწორედ ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას - ეს არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება”. როგორც პრემიერი ამბობს, “ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების განცხადებებში ვნახეთ ნული არგუმენტი - უარგუმენტო განცხადებები კი ვერ გახდება “ოცნების” გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კანონი პირველი მოსმენით მიღებულია - პრემიერი კვლავ დაჟინებით დისკუსიის გამართვას ითხოვს.

“„ევროპულთან ერთად ეს კანონპროექტი არის ქართული, გამომდინარე იქიდან, რომ იცავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმთავრეს პრინციპს - ეს არის საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტი. კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - ეს არის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების მიერ მიღებული და დახარჯული ფულის ყოველწლიური დეკლარირება. ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. ყველას მოგეხსენებათ, რომ გამჭვირვალობის ამაზე ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტი მოქმედებს აშშ-ში, ასევე ევროკომისიამ მოიწონა ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტების მქონე კანონპროექტი, და ასევე ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში მოქმედებს ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტის შესაბამისი კანონები”, - აღნიშნა კობახიძემ. მისი თქმით, გამჭვირვალობა ვერ იქნება ვერავის წინააღმდეგ მიმართული და ყველაზე თანაბრად ვრცელდება - მტერზეც და მეგობარზეც. “ჩვენი ამოვიღეთ 7 ყველაზე მდიდარი ენჯეოების მონაცემები და გაირკვა, რომ ამ ორგანიზაციების ფინანსები მაქსიმუმ 18 % იყო არა გამჭვირვალე, არამედ ხელმისაწვდომი სახელმწიფო უწყებებისთვის. რაც შეეხება საჯაროობას, ამ თანხების ნული პროცენტია საჯარო”, - თქვა კობახიძემ, რომლის აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი თავს იკავებს საკუთარი ფინანსების გასაჯაროებისგან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“2020-2022 წლებში “ენჯეოებს” საქართველოში რევოლუციის მოწყობის 2 მცდელობა ჰქონდათ - მაშინ რომ ემოქმედა კანონს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ენჯეოები ამ ყველაფერს ვერ გაბედავდნენ”, - ამტკიცებს კობახიძე. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო “უმკაცრესად დაუპირისპირდება” პროვოკაციების მომწყობებს. “ჩვენ ვიცით “ნაცმოძრაობის” ხელწერა: ისინი არიან ყველაფრის მკადრებლები. ყველაფერი უკადრებიათ წარსულში, ყველაფერი აქვს ნაკადრები ამ პარტიას, რაც კი შეიძლებოდა ეკადრა. ეს ორგანიზაციები, რომლებიც დღეს გამოდიან და მაღალ მატერიებზე გვესაუბრებიან, ბოლომდე ფუთავდნენ “ნაცმოძრაობის” ქმედებებს, პატიმრების წამების და მკვლელობის ჩათვლით. აბა, გაიხსენეთ, 26 მაისს, როცა უტიაშვილმა ჯიხურების თავზე განათავსა ცხედრები, რამდენად მკაცრი იყო ამ “ენჯეოების” განცხადებები? მაშინ ისინი იყვნენ ე.წ. გონგოები, ანუ სამთავრობო “ენჯეოები”. დღეს სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ და ამიტომ არის გამჭვირვალობა მთავარი. საბოლოო ჯამში, გამჭვირვალობა გააჯანსაღებს პროცესს და, პირველ რიგში, ამ ენჯეოებს. თუ მათი საქმიანობა აქამდე არ იყო ჯანსაღი, გამჭვირვალობა ხელს შეუწყობს ამ ორგანიზაციების საქმიანობის გაჯანსაღებას”, - მიიჩნევს კობახიძე, რომლის თქმით “ნაცმოძრაობას” არ გაუვა ის, რაც გასდიოდა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში”, - განაგრძობს გამოცემა.

“ოთხშაბათს პარლამენტმა 83 ხმით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”კანონპროექტი პირველი მოსმენით პროტესტის ფონზე მიიღო. კენჭისყრას აქციის მონაწილეებისგან შეძახილები მოჰყვა, სადაც წაკითხულ იქნა სრული სია, რომლებმაც მხარი დაუჭირეს “აგენტების კანონს”, რომელთა შორის არიან “ოცნების” 73 დეპუტატი, “ხალხის ძალის” - 9, “ევროპელი სოციალისტების”- 1. პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, უმრავლესობის დეპუტატებმა პარლამენტი აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე დატოვეს, ოპოზიციონერი დეპუტატები კი შენობის გარე პროტესტს შეუერთდნენ. საკანონმდებლო ორგანოსთან ოთხშაბათის დილიდან კვლავ მობილიზებული იყო პოლიცია. ოპოზიციამ 17 აპრილს 19:00 საათზე აქცია კვლავ დააანონსა და საქართველოს რეგიონებს გამოსვლისკენ მოუწოდა. სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ, აქციას შეუერთდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები: სალომე სამდაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, თინა ბოკუჩავა, თაკო ჩარკვიანი, თამარ კორძაია, გიორგი ვაშაძე, რომან გოცორიძე, გიორგი ბოტკოველი, პაატა მანჯგალაძე, დავით კირკიტაძე, დევი ჭანკოტაძე და სხვები. მათ მოქალაქეებს მიმართეს, რომ ჯერ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და შემდეგ, “ჩვენთან ერთად დაიცავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები”, - დასძენს გამოცემა.

“ამასთან, 14:00 საათისთვის ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად, საქართველოში ევროკავშირის ოფისის ხელმძღვანელი, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები შეიკრიბნენ. განსახილველი საკითხები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი და ინიციატივის საპროტესტოდ თბილისში განვითარებული მოვლენები იყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა ელჩებს მიმართა, რომ მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის და განაგრძონ ეს მხარდაჭერა. შეხვედრიდან გამოსულმა ევროკავშირის ელჩმა აველ ჰერჩინსკიმგანაცხადა, რომ “ეს კანონი, მისი მიღების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში ვერ დაეხმარება”. ამასთან, გავრცელდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელისა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი ოლივერ ვარჰეის განცხადებაც, სადაც “ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა, საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაათმობინოს - ის გზა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს”. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი “ბიბისისთან” საუბარში აღნიშნა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, გამოიყენებს მის წინააღმდეგ ვეტოს დადების უფლებას იმის მიუხედავად, რომ “ოცნებას” აქვს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა”, - წერს სტატიის ავტორი.

“როგორც პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა, კანონის ხელმოწერით 83-მა დეპუტატმა ღალატს მოაწერა ხელი. “რაც აქ ხდება, კატასტროფაა, ქვეყნის გაყიდვა. 83-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა ქვეყნის გაყიდვას და ისინი სამარცხვინო სიაში უნდა შევიყვანოთ”, - განაცხადა კორძაიამ. “ლელოს” დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა მოქალაქეებს მიმართა, რომ ჯერ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და შემდეგ, “ჩვენთან ერთად დაიცავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები”. “ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გააგრძელებენ ძალიან მძლავრ ზეწოლას და ამიტომ არის, რომ ახლა თან იღებენ კანონს, რომ ბიძინა დაიცვან სანქციებისგან, იმიტომ, რომ სანქციები არის ფაქტობრივად, გზაში”, განაცხადა სამადაშვილმა. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ არავის არ მიეცემა ქვეყანაში რადიკალური ნაბიჯებით სვლის უფლება. მისი თქმით, “მათ უფლება აქვთ მშვიდობიანად გააპროტესტონ. ხელისუფლება ამას დაიცავს, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” ამ ხელისუფლებაში მოყვანას და მეორედ მოსვლას, რა თქმა უნდა, არ დაუშვებს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

როგორი იქნება პროტესტის დინამიკა 17 მაისამდე - რაზეა დამოკიდებული ხალხის რაოდენობის ზრდა და კლება

“ოცნება” ფიქრობს, რომ საპროტესტო გამოსვლები გარკვეული ჯგუფების მიერ მართულია. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, 16 აპრილის აქციაზე იყვნენ ჯგუფები, რომლებსაც “ჰქონდათ პირდაპირ ამოცანა, რომ პროვოცირება მოეხდინათ და ძალადობისკენ გადასულიყვნენ”, - ოპოზიცია კი პირიქით “ოცნებას” მშვიდობიანი აქციის დარბევაში ადანაშაულებს. ანალიტიკოსთა ნაწილი “ოცნების” პოზიციას იზიარებს, ნაწილი კი აცხადებს, რომ მმართველი პარტია ილუზიის შექმნას ცდილობს იმ ხალხისთვის, ვისაც ჯერ არ გადაუწვეტია პროტესტში მონაწილეობა მიიღოს თუ არა. ასევე, მცდელობაა იმის, რომ ჩამოაშორონ ისინი, ვისთვისაც პოლიტიკური ჯგუფების ჩართვა მიუღებელია. უნდა აღინიშნოს, რომ პროცესი შესაძლოა ერთი თვე გაგრძელდეს, რადგან საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორი იქნება პროტესტის დინამიკა 17 მაისამდე - რაზეა დამოკიდებული ხალხის რაოდენობის ზრდა და კლება.

“პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ დევი ჭანკოტაძის განცხადებას ეხმიანება, სადაც ჭანკოტაძემ თქვა, რომ “ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს აქციაზე, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება”. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჭანკოტაძის განცხადება იყო წამოცდენა, რომელიც მიანიშნებდა, თუ ვისგან შეიძლება, მოდიოდეს აგრესია. მისი თქმით, ძალადობისკენ აქციის მონაწილეებს ისევ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები მოუწოდებდნენ. “ისინი რომ ხედავენ, რომ არის საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი აქცია, იმ წამსვე გადადიან მოწოდებაზე, რომ მოხდეს ალყის დარტყმა, პიკეტირება, პირდაპირ ძალადობისკენ წასვლა”. “დიმიტრი ჩიქოვანი და ალექსანდრე ზიბზიბაძე, გუშინ ეს ბიჭები რაციებით მოძრაობდნენ, ჯგუფებს ანაწილებდნენ და ხალხი ვერ აიყოლიეს პროვოკაციაში” - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ორი ადამიანი მეთაურობს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდები პროვოკაციაზე წამოაგონ და პოლიციის კორდონებთან დაპირისპირებაში შეიყვანონ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გუშინ ყვავილებით მორთული და საქართველოს თავისუფლებაზე მომღერალი გოგო-ბიჭების დაუნდობელმა დარბევამ ნათლად გამოაჩინა სინამდვილეში “რუსული კანონის” რეალური მიზანი და ხელისუფლების სახე. ამ კანონის მიზანია საქართველო მოწყვიტოს ცივილიზებულ მსოფლიოს და დაგვტოვოს რუსულ ჭაობში”, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. “არჩევანი მარტივია: ერთ მხარეს არიან მსოფლიო ლიდერები, მეორე მხარეს არის “ქართული ოცნების” და ზარქუას მსგავსი მასხარების განცხადებები, რომ თითქოს ეს კანონი არის ამერიკული და ევროპული”, თქვა მანჯგალაძემ. კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ “ოცნება” ილუზიის შექმნას ცდილობს, თითქოს პროტესტი მართულია, თუმცა არავითარი რეალური არგუმენტი არ აქვს. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი საუბარში აღნიშნავს, რომ ვიზუალური მასალებიდან ჩანს, რომ პროტესტის ყოველი დღის დამამთავრებელი ეტაპი ძალადობრივია, რაც ეჭვს ბადებს, რომ მართულია”, - განაგრძობს გამოცემა.

“ოცნებას” არავითარი არგუმენტი არ აქვს, ამიტომ ცდილობენ იმის ილუზია შექმნან, რომ თითქოს პროტესტი მართულია, რათა საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ჩამოყალიბებული არაა იმაში მიემხროს თუ არა ამ აქციებს - მათ შეუქმნან განცდა, რომ ეს მართულია, ნუ მოხვალთ და ნუ ჩაერთვებით. ეს უსუსური ხელისუფლების უსუსური ქცევაა, აბრალებენ იმას, რაც სინამდვილეში არაა. აქციაზე ვიყავი და ვნახე - იქ არიან გულანთებული ახალგაზრდები, რომელთა მართვა შეუძლებელია. ბედნიერი ვარ, დავდივარ ქუჩაში და ვერავინ ვერ მცნობს. ბრწყინვალეა, რადგან სულ სხვა თაობაა მოსული, რომელსაც არ ადარდებ არც შენ, არც ხელისუფლება, არც რომელიმე პოლიტიკოსი, მას მხოლოდ საქართველო ადარდებს. “ოცნებას” საქართველო არ ადარდებს, მას უნდა როგორმე სხვები ამ აქციებიდან ჩახსნას. თავის დროზე შევარდნაძეც და “ნაციონალური მოძრაობაც” ამას აკეთებდა. “ოცნებას” ეშინია ხალხის ზვავის, ამიტომ ვინც გამოდის, ცდილობს მათ დააბრალონ უსინდისოდ ის, რაც არ არსებობს ბუნებაში. ხალხი გამოდის თავისი სინდისით და არაფერი საერთო არ აქვს ვინმესთან, მათ არავინ არ ურეკავს და ფულს არავინ არ აძლევს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ოცნებას” ამაზე აქვს გათვლა, რომ პროტესტი მილევადი იყოს, ჯერჯერობით არავითარი მილევადობა არ ჩანს, უფრო და უფრო მეტი ხალხია. 17 მაისამდე პროცესის გაწელვას თავისი ლოგიკა აქვს, ამ დღით არის ჰომოფობიოასთან ბრძოლის დღე და შესაძლოა დაამთხვიონ, რომ აჰა, შენ ლგბტ საზოგადოების მომხრე ხარ?! და ამით საზოგადოებაში გარკვეული ეჭვები შეიტანონ. ამიტომაც 17 მაისს ყველა უნდა გამოვიდეს და თქვას არა, ჩვენ თანასწორობის, ევროპის და თავისულების მომხრე ვართ. ხალხის ზღვა - ოკეანე უნდა გამოვიდეს, რათა “ოცნება” მიხვდეს, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა და მაშინ ალბათ ივანიშვილი ხელმეორედ ნაბიჯს უკან გადადგამს და ალბათ კობახიძის და ზოგიერთი პოლიციელის “თავებს გააგორებს”, რათა საოზოგადოებას აჩვენოს, რომ ვიღაცეები რაღაცეებში შეცდნენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არადამაჯერებელი იქნება, რომ მომავალში კიდევ ამ ტიპის უმსგავსოება არ განახორციელონ. საზოგადოების ისეთი მკაფიო სუნთქვა იგრძნობა, რომ კრიტიკულ დღეს მემგონი ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი გამოვა, ამაში დარწმუნებული ვარ”, - დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.

“აქციის უამრავი ვიზუალური მასალიდან ჩანს, რომ პროტესტის ყოველი დღის დამამთავრებელი ეტაპი არის ძალადობრივი, მართული და ორკესტრირებული. აშკარად ჩანს, რომ წინა ფლანგზე მყოფი აგრესიული ახალგაზრდების ნაწილი საკმაოდ მომზადებულია, ასევე ამას პროპაგანდისტულ გუნდრუკს უკმევს ის, რომ თითქოს ეს არის მშვიდობიანი. შერჩევით ვიდეოკადრებს ვხედავთ - პროტესტის აგრესიული გამომხატველები ხელებაწეულები დგანან სპეცრაზმელების წინაშე, თითქოს ეს მშვიდობიანია, მაგრამ ამავე დროს, ხდება პოლიციელებზე მიწოლა, მათი უშვერი გინება და დაბულინგება, ფიზიკურად შეხება, გარკვეული ნივთების სროლა და შემდეგ გაქცევა. მეინსტრიმ მედია, რომელიც თავის თავს კრიტიკულად მოიაზრებს, ამას არ აჩვენებს და აჩვენებენ მხოლოდ იმას, რომ სადღაც ჩიხში თუ სხვა ქუჩაზე პოლიციელებმა ძალისმიერად დააკავეს პროტესტის ესა თუ ის გამომხატველი და ეს საღდება, როგორც დარბევა და ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან, რაც ძალიან დიდი ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა იმგვარად, როგორც თითქოს ეს კანონპროექტი რუსულია”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“დე ფაქტო პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციის წყარო დასავლეთშია და არა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან. ამის მიუხედავად, პარლამენტი, რომელსაც შიგნიდან და გარედან აბულინგებენ, ამ კანონპროექტს მაინც დაამტკიცებს. პროტესტი რაც უფრო მეტად ძალადობრივი იქნება, ეს არანაირად არ დაიმალება, რაც არ უნდა ტელემანიპულაციები იყოს, მით უფრო ნაკლები ექნება მას ჯანსაღი საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა. ვერანაირად ვერ ვიტყვი, რომ იქ შეკრებილი ადამიანები არიან “ნაცსექტანტები” და ა.შ. იქ ზოგიერთები არიან ისეთები, რომლებმაც კანონპროექტის არსი და შინაარსი არ იციან და შეცდომაში არიან შეყვანილი და მეორენი არიან ისინი, რომლებსაც მმართველი პარტია არ მოსწონთ და ეს ბუნებრივია ნებისმიერ ქვეყანაში და შესაბამისად, აპროტესტებენ ნებისმიერი საბაბისა და მიზეზის გამიყენებით ხელისუფლების ქმედებებს. პროტესტი მილევადი იქნება, თუ ასეთი აგრესიული ქმედებები გაგრძელდება. დიდი ალბათობით, ბურთი და მოედანი აგრესიული, დაზომბირებულ-დატრეინინგებული ახალგაზრდების მხარესა, რომელთა ინსტრუქტორები და პოლიტიკური მენტორები, რომლებიც იმალებიან არა მხოლოდ ვიდეო და ფოტოკადრებიდან, არამედ იმ კონკრეტული ლოკაციებიდან, როდესაც პოლიციელთა მხრიდან უკვე კანონიერი ძალის გამოყენება ხდება”, - დასძენს გია აბაშიძე.

ემზადება თუ არა რუსეთი ფართომასშტაბიანი შეტევისთვის და ვისი იმედი აქვს უკრაინას შეიარაღების მწვავე დეფიციტის პირობებში

“უკრაინის ფრონტზე სიტუაცია კვლავ დაძაბულია და რუსეთი ქალაქების და დასახლებული პუნქტების დაბომბვას აგრძელებს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი უკვე ღიად ალაპარაკდა იმაზე, რომ ასეთი შეიარაღების პირობებში, როცა ოკუპანტი ქვეყანა მათ ბევრად აღემატება და ერთ ჭურვზე რუსეთის 10 ჭურვი მოდის, ხოლო ერთ თვითმფრინავზე კი - 30, გამარჯვების შანსები არ არსებობს. ამიტომ ის პარტნიორებისგან სასწრაფოდ დახმარებას ითხოვს. რაც შეეხება ვითარებას უშუალოდ ფრონტის ხაზზე - გასულ ღამით ოკუპანტებმა ხერსონის, ბახმუტის, ავდიივკას და ნოვოპავლივკას დასახლებები დაბომბეს. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში ცხრა რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე გაზაფხულისა და ზაფხულისთვის რუსეთის სამხედრო გეგმების შესახებ საგარეო და სამხედრო დაზვერვის ანგარიშები მოისმინა”, - წერ გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ემზადება თუ არა რუსეთი ფართომასშტაბიანი შეტევისთვის და ვისი იმედი აქვს უკრაინას შეიარაღების მწვავე დეფიციტის პირობებში.

“ორი მნიშვნელოვანი სადაზვერვო ანგარიში - საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროს ივაშჩენკოსა და მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროს ბუდანოვისგან - გაზაფხულსა და ზაფხულში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. რისთვის უნდა ვიყოთ მზად შესაძლო მტრული ქმედებების ყველა ფორმატში. აშკარაა, რომ კრემლში სიგიჟე კვლავ ძლიერია, ოკუპანტი შეეცდება გააძლიეროს თავდასხმა და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ”, - აღნიშნა ზელენსკიმ. შტაბის სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩასივ-იარისთვის ბრძოლებს, პოკროვსკის და კუპიანსკის მიმართულებით. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უახლოეს კვირებში უკრაინის პრიორიტეტი პარტნიორებთან მუშაობისას საჰაერო თავდაცვა და ფრონტის ხაზზე სამხედროებისთვის იარაღის მიწოდების საკითხები იქნება. უკრაინისთვის უკვე მილიონზე მეტი ჭურვი ვიპოვეთ, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ვილნიუსში “სამი ზღვის ინიციატივის” სამიტის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ჩეხეთის მიზანია უკრაინას უმოკლეს ვადებში რაც შეიძლება მეტი საბრძოლო მასალა მიაწოდოს. ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების მოძიებაზე პრაღის ინიციატივა ერთადერთი არ არის. უკრაინა საბრძოლო მასალის დიდ რაოდენობას საჭიროებს, ვინაიდან ზაფხულის თვეებში რუსეთის შეტევას ელის. პაველმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მეორეხარისხოვანია, საიდან იქნება საარტილერიო ჭურვები და ვინ დააფინანსებს მათ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინასთან მიმართებაში ბრძოლის ტაქტიკა შეცვალა და ის ახლა ძირითადად ქალაქების და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვაზეა კონცეტრირებული. მაისაია მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი ის არის, რომ რუსეთი ცდილობს უკრაინის ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება გაჩნდეს და ომით გადაღლილ მოსახლეობას პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ პროტესტი გაუჩნდეს. “რა თქმა უნდა, ახლა უკრაინას არა აქვს კარგი სიტუაცია ფრონტის ხაზზე, რადგან შეიარაღების გარეშე მათ ბრძოლა უჭირთ და ეს დასამალი აღარავისთვის არის. იმ ფონზე, როცა ამერიკას ყურით მოთრეული მიზეზით შეჩერებული აქვს უკრაინის დახმარება და “ლენდლიზი 2”-ით გათვალისწინებუ დახმარებას ვერ იღებენ, სიტუაცია მძიმეა. უკრაინელებს ბრძოლის ველზე ტყვია წამლის და სხვა საბრძოლო საშუალებების დაზოგვა უწევთ”, ამბობს მაისაია. მისივე თქმით, “მართალია ევროპამ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ აუცილებელია მესამე ქვეყნის დახმარებით იარაღის შეძენა, მაგრამ ეს მხოლოდ ლაპარაკია და რაიმე ქმედითი ნაბიჯები არ ჩანს. რომც მოხდეს ამ იარაღის მოძიება, მას არა ექნება იმხელა ეფექტი, როგორიც ამერკის დახმარებას”, - დასძენს გამოცემა.

“მით უმეტეს საჰაერო თავდაცვით საშუალებებს უკრაინა ამერიკისგან იღებს. სწორედ ეს იყო ზელენსკის პირდაპირი განცახდების მიზეზი და ღია დაიწყო იმაზე საუბარი, რომ დახმარების გარეშე არსებული სიტუცია კიდევ უფრო რთული გახდება... ევროპას არა აქვს იმხელა სამხედრო რესურსი, რაც ამერიკას აქვს. ეს ძალიან კარგად იცის რუსეთმა, რომელიც ყველანაირი მხრიდან ცდილობს უკრაინის შევიწროვებას. ის რა თქმა უნდა, კონტრშეტევაზეც გადავა და ამის შესაძლებლობა ნამდვილად აქვს. ევროპას აქვს თავისთვის განსაზღვრული და მცირე შეიარაღება, ამიტომ ამბობს ზელენსკი უკვე სათქმელს ღიად, რომ დახმარება დროზე გაუწიონ. რაც შეეხება ტრამპის ხელისუფლებაში შესაძლო დაბრუნებას და იმაზე საუბარს, რომ ის ამ ომს 24 საათში დაასრულებს, არარეალურია. ერთია რას ამბობს ის წინასაარჩევნდ და მეორე, როცა პრეზიდენტი გახდება მას ამის საშუალებას მისცემენ თუ არა. ამერიკის პოლიტიკა მხოლოდ ტრამპის სურვილზე არ არის დამოკიდებული. ამიტომ მისი საუბარი მხოლოდ წინასაარჩევნოდ განსაზღვრული დაპირებებია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი