რომან გოცირიძე - ნებისმიერ უცხოელს, ბინ ლადენის ბიძაშვილიც რომ იყოს, თავისუფლად შეეძლება ოფშორიდან საქართველოში აქციების შემოტანა, შეეძლება შპს 2 ლარად დააფუძნოს - ამაზე საშინელი ფულის გარეცხვის მექანიზმის გამოგონება წარმოუდგენელია!

2028 წლამდე, ნებისმიერ პირს ოფშორიდან საქართველოში წილის, აქციების შემოტანა შეეძლება, შეეძლება შპს 2 ლარად დააფუძნოს და ამ შპს-ში წილის 100% გადმოიტანოს - ამაზე საშინელი ფულის გარეცხვის მექანიზმის გამოგონება წარმოუდგენელია! – ასე განმარტა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების იმ ნაწილი, რომელიც ოფშორულ კომპანიებს შეეხება.

როგორც გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ნებისმიერ უცხოელს - “ბინ ლადენის ბიძაშვილიც რომ იყოს“, თავისუფლად შეეძლება ოფშორიდან საქართველოში წილის გადმოტანა და ნებისმიერ ბიზნესში ჩადება.

“შეღავათს ერთი ადამიანისათვის აკეთებთ, რადგან იძულებული ხართ, რომ ეს გააკეთოთ. ამით ქვეყნის საფინანსო სისტემას უზარმაზარი რისკის წინაშე აყენებთ.

კანონის მიღება გეჩქარებათ, რადგან ბიძინა ივანიშვილი გრძნობს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ თავშესაფრად უკვე ოფშორებიც არ გამოდგება. დემოკრატიის ძალა და დემოკრატიული სახელმწიფოების მსახვრალი ხელი ყველგან მისწვდა სანქციების სახით, მათ შორის მისწვდა ოფშორებს. ამიტომ მას ყველა აქტივის გადმოტანა უნდა - უნდა დაარეგისტიროს “ქართუს“ ან “ელიტა ბურჯის“ ბალანსზე, არ გადაიხადოს გადასახადები და საქართველო თავის ციხე-სიმაგრედ შექმნას. არის სანქციების მოლოდინში, მათ შირის აგენტების კანონიდან გამომდინარე - თქვენც დაელოდეთ სანქციებს! ასე მარტივად ვერ გადარჩებით!“ - განაცხადა გოცირიძემ უმრავლესობის მისამართით.

პარლამენტი მუხლობრივად “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს იხილავს, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს.

ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.

პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან.

საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.

“საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები პარლამენტის წევრებმა: - პაატა კვიჟინაძემ, ანტონ ობოლაშვილმა, ირაკლი კირცხალიამ, ბეჟან წაქაძემ, ზაალ მიქელაძემ, ირაკლი ზარქუამ და გოგი მეშველიანმა წარადგინეს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ