აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ არქეოლოგიურ სემინარს დაესწრო.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სემინარი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და ცნობილ არქეოლოგებს ამირან კახიძესა და შოთა მამულაძის ხსოვნას მიეძღვნა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ტრადიციად იქცა ბათუმში კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სემინარი, რომლის მასშტაბი და ფორმატი ყოველწლიურად ფართოვდება.
„ტრადიციად იქცა ბათუმში კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სემინარი, რომლის მასშტაბი და ფორმატი ყოველწლიურად ფართოვდება. სამწუხაროა, რომ წელს ორი გამოჩენილი მეცნიერი ამირან კახიძე და შოთა მამულაძე დაგვაკლდა, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათი სახელების უკვდავსაყოფად, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს მიენიჭოს ამირან კახიძის, ხოლო სამეცნიერო კვლევით ცენტრს, შოთა მამულაძის სახელი, რაც კიდევ ერთხელ აღნიშნავს მათ წვლილს და დამსახურებას ამ დარგში.
ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა ნამდვილად არის სიმდიდრე, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ვამაყობთ. როცა ჩვენ გვაქვს მისწრაფება ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი წევრობის, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, ჩვენი მემკვიდრეობა არის იმ იდენტობის განმსაზღვრელი, რომელიც იდენტურია ევროპულ კულტურასთან და ეს არის კიდევ ერთი ძალიან ძლიერი არგუმენტი თუ რატომ ვიმსახურებთ გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი” - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა, სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროგრამებზე და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„სემინარში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა ჯემალ სურმანიძემ და აკაკი ძნელაძემ, როგორც ბათუმის, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მკვლევრებმა, მეცნიერებმა.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება. მიმდინარეობს აჭარაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაცია, მუზეუმ-ნაკრძალების ინფრასტრუქტურის მოწყობა, არქეოლოგიური კვლევა-ძიება და ძეგლების მარკეტინგული მხარდაჭერა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.