შალვა პაპუაშვილი - ევროპელმა პოლიტიკოსებმა ქართველი ხალხი გაგვწირეს არეულობისთვის, შემდეგ ფეხი ფეხზე გადაიდეს და ახლა რეზოლუციებით უნდათ კრიმინალი ციხიდან დაიხსნან

ევროპელმა პოლიტიკოსებმა ქართველი ხალხი გაგვწირეს არეულობისთვის. შემდეგ ფეხი ფეხზე გადაიდეს და ახლა რეზოლუციებით უნდათ კრიმინალი ციხიდან დაიხსნან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლებაზეა საუბარი.

მისივე თქმით, პოლიტიკური კორუფციის ნათელი მაგალითია, როდესაც კრიმინალს რამდენიმე მფარველი ჰყავს ევროპაში.

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ პოლიტიკურ კორუფციას, რომელსაც, სამწუხაროდ, ვხედავთ, მათ შორის ევროპარლამენტში. პოლიტიკური კორუფციის ნათელი მაგალითია, როდესაც კრიმინალს და ადამიანს, რომელმაც ანტიდემოკრატიული წამების სისტემა შექმნა, რამდენიმე მფარველი ჰყავს ევროპაში. თავის დროზე, ის, სასჯელმისჯილი ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდა, ბრიუსელის სხვადასხვა კაბინეტში იღებდნენ კიდეც, შემდეგ წაახალისეს შემოპარულიყო, გაგვწირეს ქართველი ხალხი. ამ ევროპელმა პოლიტიკოსებმა ქართველი ხალხი გაგვწირეს არეულობისთვის. შემდეგ ფეხი ფეხზე გადაიდეს და ახლა რეზოლუციებით უნდათ კრიმინალი ციხიდან დაიხსნან. სამწუხაროდ, ამ დონეზე არის დასული ამ კონკრეტული ჯგუფის საქმიანობა. პირადი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ ტრიბუნას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაც შეაფასა საერთო ოპოზიციურ სიასთან დაკავშირებით და აღნიშნა : „გააკეთონ ერთიანი სია და ნახავენ, რა პასუხსაც მიიღებენ“.

„სია ტექნიკურად ერთიანი იქნება, თუ არა, მგონი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგზე ერთი გუნდია, რომელიც სტრუქტურულად ხანდახან სხვადასხვა გუნდად წარმოგვიჩნდება ხოლმე. სინამდვილეში, ერთი სიაა. ძალიან კარგია, თუ ერთი სია იქნება, მოქალაქეებისთვისაც ადვილი იქნება არჩევანის გაკეთება. ასე, რომ შეუერთდნენ ამ მოწოდებას, გააკეთონ ერთიანი სია და ნახავენ, რა პასუხსაც მიიღებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტი „საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ“ მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც გუშინ შესწორებებით დაამტკიცა, მოუწოდებს, განიხილონ ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება. ამასთან, ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული ნიშნით და დაუშვას მისი საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა. გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ შესწორებაში ასევე საუბარია ლგბტქ+ შესახებ კანონპროექტის შესახებ. კიდევ ერთი შესწორებით, ევროპარლამენტი თვლის, რომ კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც ხმა მისცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის სასარგებლოდ.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება