პრეზიდენტი - იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე, მოკავშირე არაა, იგივეა, რაც იმის უარყოფა, რომ დედა დედაა და მამა მამაა

იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე, მოკავშირე არაა, იგივეა, რაც იმის უარყოფა, რომ დედა დედაა და მამა მამაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველას გვევალება მოვძებნოთ ერთიანობის გზა, ვაჩვენოთ გამძლეობა, მხნეობა, შემართებისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი.

მასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვინც თესავს დაპირისპირებას და პროვოკაციას, ის საკუთარი ჯარისა და სამშობლოს წინააღმდეგაა.

„ვინ თუ არა ქართულმა ჯარმა იცის, ვინ ჩაგვიტარა წვრთნები, ვინ მიიღო ჩვენი სტუდენტები სხვადასხვა სამხედრო აკადემიაში, ვინ გაგვამხნევა, როცა გვიჭირდა და როცა გვჭირდებოდა აღჭურვა და სხვა მრავალი რამ. დღესაც ვინ დგას ჩვენს გვერდში სწორედ იმ დროს, როცა ქვეყანა გზაგასაყარზეა და ყველაზე ეგზისტენციალური არჩევანი უნდა გააკეთოს იყოს ან არ იყოს, რამეთუ თავისუფლების გარეშე ყოფნა, არსებობა არაა. ჩვენ ყველას გვევალება მოვძებნოთ გზა ერთიანობის, ვაჩვენოთ გამძლეობა, მხნეობა, შემართებისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი, ხოლო ვინც თესავს დაპირისპირებას და პროვოკაციას, ის საკუთარი ჯარისა და სამშობლოს წინააღმდეგაც არის. ვინც ქადაგებს ერთობას, ის ქვეყნის მომავალზე, ახალგაზრდობაზე დებს ფსონს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა წარსულისთვის და ხვალინდელი გამარჯვებისთვის.

„თქვენი და ჩვენი გამარჯვება არა ომზე, არამედ მშვიდობაზე გადის. მშვიდობიანი საქართველო მხოლოდ ევროპის წიაღში და თანასწორუფლებიან თანამეგობრობაში მოიაზრება, თქვენ ამ მომავლის სადარაჯოზე დგახართ. გაუმარჯოს საქართველოს ჯარს, თავდაცვის ძალებს, თითოეულ ჯარისკაცს, გაუმარჯოს იმ გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენობას და თავისუფლებას შეეწირა, მათი ხსოვნა უკვდავია. გაუმარჯოს ყველას, ვინც საუკუნეების განმავლობაში იქ იდგა, სადაც თქვენ დღეს დგახართ, ვისაც სწამდა ის, რაც თქვენ გწამთ დღეს და ვინც დაიცავს ხვალინდელ ძლიერ, ერთიან, ევროპულ საქართველოს. გაუმარჯოს საქართველოს, გილოცავთ დღევანდელ დღეს!“-განაცხადა პრეზიდენტმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს