შალვა პაპუაშვილი - გუშინ ვნახეთ, რომ პოლიტიკური უმცირესობის აქცია ძალადობის ახალ დონეზე ავიდა და მოქალაქეებზე ძალადობის ხასიათი მიიღო. ძალადობრივი აქციის მშვიდობიანად შეფასება ახალისებს რადიკალიზმს

საქართველოს კონსტიტუციით პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვა უზრუნველყოფილია ყველასთვის. ყველა უნდა ჩაეტიოს მშვიდობიან ფორმაში და ამან არ უნდა მიიღოს ძალადობრივი ფორმა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, ძალადობრივი პროტესტი არ არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით, ამიტომ, ვისაც სურს, გამოთქვას თავისი პროტესტი თუ მოსაზრება, ამისთვის არსებობს მშვიდობიანი ფორმა.

„აქცია როდესაც არის ძალადობრივი და ხდება მისი შეფასება, თითქოს მშვიდობიანია, ეს ხელს უწყობს და ახალისებს რადიკალიზმს, ძალადობას. ვნახეთ, რომ პირველი დღის შემდეგ, როდესაც იყო მსგავსი განცხადებები, შემდეგ ჯერზე მეტი ძალადობა მოჰყვა. გუშინ იყო მხარდამჭერი განცხადებები და გუშინ საღამოს ვნახეთ, რომ ძალადობრივი აქციები უკვე შემდეგ ეტაპზე გადავიდა. მანამდე ძალადობა თუ გამოხატული იყო პოლიციელების, პარლამენტის შენობის მიმართ და პოლიცია ყველანაირად ცდილობდა, თავშეკავებული ყოფილიყო, გუშინ ვნახეთ, რომ პოლიტიკური უმცირესობის აქცია ძალადობის ახალ დონეზე ავიდა და მოქალაქეებზე ძალადობის ხასიათი მიიღო. გუშინ გადაიკეტა ქალაქის ერთ-ერთი მთავარი არტერია. მოქალაქეებს არა მხოლოდ დისკომფორტი შეექმნათ, არამედ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, რომ ადამიანებს ესაჭიროებოდათ სამედიცინო დაწესებულებებში მისვლა, ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს სჭირდებოდათ გავლა, მაგრამ არავის ატარებდნენ. ეს უკვე არის პირდაპირ ძალადობა საქართველოს მოქალაქეებზე. შესაბამისად, გარკვეულწილად, სწორედ ეს არის სპირალი, რომელშიც შეჰყავთ, მათ შორის, უცხოელ აქტორებს თავიანთი განცხადებებით, რომლითაც თვალს ხუჭავენ ძალადობაზე, რომელიც ხდება აქციაზე და ამით ახალისებენ მეტ ძალადობას. ზუსტად ეს არის შედეგი ამგვარი განცხადების, რომელიც ახალისებს ძალადობას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება