საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა მიშელ მუსხელის მოღვაწეობის ამსახველ, დღემდე უცნობ დოკუმენტაციას მიაკვლიეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო გრანტის - „საქართველოში და საზღვარგარეთ ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევა“, ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფმა, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ედიშერ ჯაფარიძის, მიხეილ მუსხელიშვილის სახელობის დიპლომატიური ოსტატობის სასწავლო-პრაქტიკულ ლაბორატორიის მკვლევრის, ასოცირებული პროფესორის ვაჟა შუბითიძისა და რეგიონალიზმის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ლელა სარალიძის შემადგენლობით, საფრანგეთში ოთხ ლოკაციაზე - სტრასბურგის უნივერსიტეტის არქივში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სახელმწიფო არქივსა და სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის და საერთაშორისო ფაკულტეტის სახელმწიფო არქივში, მოიძიეს და შეისწავლეს მიხეილ მუსხელიშვილის (მიშელ მუსხელი) მოღვაწეობის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტები.

სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ედიშერ ჯაფარიძის თქმით, მეცნიერთა ჯგუფმა სტრასბურგის შემდეგ, საარქივო მასალების მოძიება „ლევილის მამულში“ გააგრძელეს, სადაც გაეცნენ იქ არსებულ და დღემდე შემორჩენილ საარქივო მასალებს.

„საარქივო მასალების გაცნობის პარალელურად, ჩვენს ვიზიტს სხვა დატვირთვაც ჰქონდა. ევროპის საბჭოსთან არსებობს მიშელ მუსხელის საკვირაო სკოლა, სადაც 90-მდე ქართული წარმოშობის ემიგრანტი სწავლობს. საკვირაო სკოლაში წავიკითხეთ საჯარო ლექციები თემაზე - ,,სამშობლოს მნიშვნელობა და მიხეილ მუსხელიშვილის ევროინტეგრაციის ღვაწლი“. ამასთანავე, საკვირაო სკოლას საჩუქრად გადავეცით ქართველი მეცნიერების საავტორო წიგნები და მონოგრაფიები. სტრასბურგის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მიზნით, მემორანდუმის გაფორმების სურვილი გამოთქვეს. სამომავლოდ საინტერესო ღონისძიებები იგეგმება, როგორც სამეცნიერო, ასევე, გაცვლითი პროგრამების მიმართულებით. მიხეილ მუსხელიშვილი იყო პირველი და ერთადერთი ქართველი, რომელიც მონაწილეობდა ევროპის ფედერალური კონსტიტუციის პროექტის შექმნაში, რაც თანამედროვე ევროკავშირის სამართალს დაედო საფუძვლად. შეხვედრა გვქონდა საფრანგეთში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ქალბატონ თამარ ტალიაშვილთან. დიდი მადლობას ვუხდით ქალბატონ თამარ ტალიაშვილს და მის ყველა თანამშრომელს გულთბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს ქართული სახელმწიფოებრივი საქმის მხარდაჭერისათვის და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორს თეიმურაზ დოჭვირს“, - აცხადებს ედიშერ ჯაფარიძე.

სტუ-ის რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტის თაოსნობით და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, სტუ-ის მეცნიერებმა არაერთი ეროვნული პროექტი განახორციელეს, რომელთა შორის პროექტი - „საქართველოში და საზღვარგარეთ ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევა“, გამორჩეულია, იმდენად, რამდენადაც, ის მოიცავს საზღვარგარეთ ქართველ მეცნიერთა მოღვაწეობის დღემდე უცნობი ფაქტების მოძიებასა და ანალიზს. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთია, სადაც სტუდენტებისა და მათი პედაგოგების ჩართულობით, ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული პროექტები ხორციელდება.

,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი მისია ვროპულ ღირებულებებზე და კულტურაზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტებში, სტუდენტთა და მეცნიერთა აქტიური ჩართვაა, რათა ჩვენი მომკავალი თაობა გაეცნოს საქართველოში და უცხოეთში მოღვაწე იმ ქართველი მამულიშვილების საქმიანობასა და ღვაწლს, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოს ემსახურნენ პირნათლად, არამედ ღირსეული კვალი დატოვეს ევროპული და ტრანსატლანტიკური ცივილიზაციების განვითარებაზე. მიხეილ მუსხელიშვილმა დიდი გავლენა იქონია ევროპის მომავლის შესახებ იმჟამად მიმდინარე პოლიტიკურ და სამეცნიერო დისკუსიებზე. ევროგაერთიანებების ჩამოყალიბებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში მისი წვლილი უდავოდ მნიშვნელოვანია. ამდენად, ჩვენ არ გვაქვს უფლება მომავალ თაობებს ამ დიდი მამულიშვილის ღვაწლი არ გავაცნოთ. სწორედ ამ მიზნით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2022 წლის 19 მაისს „მიშელ მუსხელის გეოპოლიტიკური და ევრო-ატლანტიკური კვლევის ცენტრი“ დავაარსეთ, ხოლო 2023 წლის 25 სექტემბერს სტუდენტებმა მიშელ მუსხელის კლუბი ჩამოაყალიბეს, სადაც ამ დიდი ქართველის იდეების თანამოზიარე ახალგაზრდები გაერთიანდნენ. ისინი მსჯელობენ, კამათობენ, სწავლობენ და თანატოლებს უზიარებენ მოსაზრებებს, მიღებულ ცოდნას. პროექტის - „საქართველოში და საზღვარგარეთ ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევა“, ფარგლებში გამოცემული მემუარები, კიდევ მეტად აამაღლებს ახალგაზრდების ცნობიერებას. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს მეცნიერებს, მკვლევრებს, სტუდენტებს და შევახსენო მიშელ მუსხელის სიტყვები - „ჩვენ მხოლოდ პატარა კოცონი დავანთეთ, დიდი ცეცხლი ახლა სტრასბურგში უნდა გაჩაღდეს, რომ ევროპული გულებიც აინთოს", - აცხადებს დავით გურგენიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, პროექტი - „საქართველოში და საზღვარგარეთ ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევა“, სამწლიანია და მისი მიზანია მიხეილ მუსხელიშვილის არქივების გაცნობა, ანალიზი და დღემდე უცნობი დოკუმენტების შესწავლა.

ვახტანგ ხმალაძე - „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური ველიდან იმდენადაა გასული, ამის შემდეგ მისგან კიდევ ბევრ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს ვნახავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით