ელენე ხოშტარია - რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის შოკისმომგვრელი იყო, თუ რამდენად ღია ტყუილს ამბობს პაპუაშვილი - დიახ, იქნება პასუხი!

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელი განცხადება შოკისმომგვრელი იყო.

როგორც ხოშტარიამ მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი მხრიდან ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე პასუხი აუცილებლად იქნება და ამის შესახებ თავად ისაუბრებენ.

"მინისტრების ჩამოსვლა უკვე ნიშნავს ძალიან განსაკუთრებულ ყურადღებას იმ კრიზისის მიმართ, რაც ქვეყანაში ხდება. ეს საქართველოს ყველა მოქალაქის დამსახურებაა. ადამიანები არიან ქუჩაში და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან, ეს არის ის, რაც ჩვენი ევროპელი პარტნიორების ყურადღებას იპყრობს. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, მათ აქვთ ძალიან მკაფიო წარმოდგენა, რა ხდება. პაპუაშვილის განცხადება შოკისმომგვრელი იყო მათთვის, თუ რამდენად ღია ტყუილს ამბობს პაპუაშვილი. პროპაგანდის ის მეთოდები, რასაც ცდის ხოლმე „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, მათზე არ მოქმედებს, პირიქით, ეს აყალიბებს აზრს, თუ რა ტიპის მთავრობასთან აქვთ საქმე. მესამე, რა თქმა უნდა, რეაგირება იქნება, ამაზე თავად უნდა ისაუბრონ, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ. ის, რომ ევროპა და აშშ არიან განუზომლად უფრო ძლიერები, ვიდრე „ქართული ოცნება“ და რუსეთი, ამაზე ორი აზრი არ არის. შესაბამისად, დიახ, იქნება პასუხი. ეს პასუხი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე „ქართული ოცნება“ თავისი უმცირესობით, რაც მათ გააჩნიათ, მაგრამ კონკრეტულად რა იქნება, ამაზე თავად ისაუბრებენ“, - განაცხადა ხოშტარიამ.

მან საქართველოში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო’ბრაიენის ვიზიტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარტნიორებს ქვეყანაში არსებული ვითარების სიმძიმე ძალიან კარგად ესმით.

ცნობისთვის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურებიან, რომელშიც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ყველანი შეთანხმდნენ, რომ მმართველმა პარტიამ სწორი გააკეთა, როდესაც მათ ევროპელ კოლეგებს არ მოუსმინეს, რუსეთს სანქციები არ დაუწესეს და მიხეილ სააკაშვილი არ გაათავისუფლეს.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შესახებ არსებული დაბნეულობის საპასუხოდ ვფიქრობ, აუცილებელია განვმარტო, რომ ჩვენ არ შევთანხმებულვართ, რომ საქართველო მართალი იყო, როდესაც ევროპული რჩევები და ღირებულებები უგულებელყო. ჩვენ უკიდურესად მტკიცე შეხედულებები გამოვხატეთ და არა „გარკვეული შეშფოთებები“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ზე.

„ნება მომეცით განვმარტო, რომ ჩვენ არც ერთ მათგანზე არ შევთანხმებულვართ. ჩემი მესიჯი საპირისპიროა: საქართველო სწორი მიმართულებით არ მიდის“, - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგნუს ცაჰკნა X-ზე.

ემილ ავდალიანი - ის, რაც დღეს ხდება საქართველოში თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, რუსეთს უნდა აწყობდეს, რადგან ასეთი შედარებით ქაოტური ვითარება მოსკოვს ბევრ საშუალებას აძლევს
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 24.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება
„თიბისის“ მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი - ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
BTU-ს AI-ს საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა