ლონდა თოლორაია - ჯერ კანონი ამოქმედებული არ არის და დაიწყო არასამთავრობოების წარმომადგენლების დევნა, საზოგადოების დაყოფა, იარლიყების მიწებება - ეს კანონი დღის წესრიგში დააყენებს საკითხს, საერთოდ ხომ არ გავქრეთ

ჯერ კანონი ამოქმედებული არ არის და უკვე დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დევნა, დაიწყეს საზოგადოების დაყოფა, იარლიყების მიწებება,- ამის შესახებ ყოფილმა სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც თოლორაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, კანონის მიღებით არსებობას შეწყვეტენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიები, საიდანაც კრიტიკული ხმა ისმის.

„ეს კანონი ბოლო ნაბიჯია იმისათვის, რომ გააქრონ ორგანიზაციები, საიდანაც კრიტიკული ხმა ისმის. მედიები, საიდანაც კრიტიკული ხმა ისმის და ა.შ.. რატომ არის ეს კანონი რუსული? - იმიტომ, რომ ეს კანონი საფრთხედ მიიჩნევს არა რეალურ მტერს, არამედ პარტნიორებს. მაშინ, როდესაც ყველა პარტნიორი გეუბნება, რომ ასეთი კანონი არსად არ არის მიღებული და ის კანონები, რომლებიც ჩვენთან არის ებრძვის რეალურ მტრებს და არა სტრატეგიულ პარტნიორებს.

ჯერ კანონი ამოქმედებული არ არის და უკვე დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დევნა, დაიწყეს საზოგადოების დაყოფა, იარლიყების მიწებება.

ეს კანონი იძლევა იმის საშუალებას, რომ ნებისმიერ დროს შეუვარდნენ ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას“,- განაცხადა თოლორაიამ.

მან ასევე ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მე-8 მუხლზე, რომელიც პერსონალურ მონაცემებს ეხება და აღნიშნა, რომ კანონპროექტის ყველა მუხლი პრობლემურია, ხოლო კონკრეტულად მე-8 მუხლი ითვალისწინებს ორგანიზაციის არა მხოლოდ ფინანსურ შემოწმებას, არამედ პერსონალური ხასიათის ინფორმაციის ამოღებასაც.

„ამ კანონს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და , ცხადია, რომ მე-8 მუხლიც არის ძალიან დიდი პრობლემა. პირდაპირ წერია, რომ იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს, ყველანაირ საფუძვლის გარეშე, წინარე ისტორიის გარეშე, შეუძლია გადაწყვიტოს რომელი ორგანიზაცია შეამოწმოს. შემოწმება კი არა მარტო ფინანსურ ინფორმაციას გულისხმობს, არამედ პერსონალურსაც, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებშია.

პერსონალური სახის ინფორმაცია გულისხმობს, ვის გაუწია დახმარება, რა ტიპის დახმარება გაუწია, ამასთან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, აბსოლუტურად ყველაფრის ნახვის უფლება ექნება სახელმწიფოს“,- განაცხადა თოლორაიამ.

მისივე თქმით, თუ საუბარია კანონის სხვა ფორმით მიღებაზე, კანონი უნდა იყოს თავიდან დაწერილი.

„ყველა მუხლშია პრობლემა. ხელისუფლებას, რომ მხოლოდ დეკლარაციების წარდგენა სურდეს, ამისთვის ჩვენ გვაქვს სხვა კანონი „გრანტების შესახებ“. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ამ კანონის სხვა ფორმით მიღებაზე, ეს უნდა იყოს ახალი გადაწერილი კანონი“,- განაცხადა თოლორაიამ.

კითხვაზე, შესაძლებელია რომ მართლაც ყველა ორგანიზაციამ შეაჩეროს მუშაობა, თოლორაიას თქმით, „ამ რეალობის წინაშე ნამდვილად ვდგავართ“.

„არავის უნდა რომ ყოველ დილით სახლთან დახვდეს პლაკატები, რომ არის მოღალატე, ქვეყნის აგენტი მაშინ როდესაც, ეს რეალობას არ შეესაბამება. ეს კანონი, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დააყენებს საკითხს, რომ საერთოდ ხომ არ გავქრეთ“, - აღნიშნა მან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო