პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მომიტინგე - მომიტინგეებს ურტყამდნენ, „აბრტყელებდნენ“, თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა - პატივცემულს ბოდიშს მოვუხდი, თუმცა მანამდე პოლიციისგან არაპროპორციული ძალის გამოყენება იყო

მგონია, რომ ჩემს თავს და გარშემო ხალხს ვიცავდი, - ამის შესახებ პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულმა გიორგი ოკმელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

ოკმელაშვილის თქმით, ნარკოტიკი, რომელიც მისი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს, 2 წლის წინ, კლუბში აჩუქეს.

"იმ დღეს, რუსულ კანონს მშვიდობიანად ვაპროტესტებდით. პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა ნიღბებით და მშვიდობიან მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ". თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა და ხელს ვკრავდი. პატივცემულს ბოდიშს მოვუხდი, თუმცა, მანამდე ალექსანდრესგან [დაზარალებული პოლიციელი] ძალიან დიდი - არაპროპორციული ძალის გამოყენება იყო. მგონია, რომ ჩემს თავს და გარშემო ხალხს ვიცავდი.

რაც შეეხება ნარკოტიკს, ეს ნარკოტიკი ერთ-ერთი კლუბის შესასვლელში, 2 წლის წინ მაჩუქეს და რადგან მომხმარებელი არ ვარ, თაროზე მედო, დამავიწყდა", - განაცხადა ოკმელაშვილმა.

პროკურატურა ოკმელაშვილის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვისა დარტყმით პოლიციის თანამშრომელს სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

უწყების ცნობით, ოკმელაშვილი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ძალადობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვისაა ნასამართლევი.

ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელია.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა