აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს, რომელსაც პოლიციელზე, ალექსანდრე ოხანაშვილზე თავდასხმას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიიღო.

მოსამართლის განმარტებით, საქმეში ვიდეომასალა, ასევე ნარკოტიკებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები არსებობს. მისივე თქმით, ბრალდებული კანონთან კონფლიქტში 2022 წელსაც იყო, მისთვის ძალადობრივი ქმედება პირველი არ არის და ეს მის პიროვნულ მახასიათებელზე მეტყველებს.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურა ოკმელაშვილის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა. ამასთან, ადვოკატი, პატიმრობის სანაცვლოდ სასამართლოს დაკავებულის მიმართ სხვა შემზღუდავი ღონისძიებების, თუნდაც, ელექტრონული მონიტორინგის გამოყენებას სთავაზობდა.

ადვოკატ ჯუმბერ ქათამაძის განცხადებით, ბრალდებული პოლიციელს თავს არ დასხმია და ეს იყო საკუთარი თავისა და სხვა პირების დაცვის მცდელობა.

ადვოკატის თქმით, არსებობს ვიდეომტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ ოკმელაშვილს მიზნად ვინმეზე თავდასხმა არ ჰქონია და ის ცდილობდა ნიღბიანი ადამიანებისგან, რომელთაც პოლიციელის აღმნიშვნელი არანაირი ნიშანი არ ჰქონდათ, მოქალაქეები დაეცვა.

პროკურორის განმარტებით, ბრალდებული მოულოდნელად მივიდა დაზარალებულ პოლიციელთან და სახის არეში დაარტყა, რის შემდეგაც ის წაიქცა. სახელმწიფო ბრალმდებლის განცხადებით, აღნიშნულის დამადასტურებელი ვიდეომასალაც და ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს.

პროკურორის თქმით, ოკმელაშვილის საცხოვრებელი სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერება ექსპერტიზით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალებაა.

სახელმწიფო ბრალმდებლის განცხადებით, დაკავებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს, რის გამოც, მის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო.

გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით პოლიციის თანამშრომელს სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

უწყების ცნობით, ოკმელაშვილი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ძალადობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვისაა ნასამართლევი.

ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში