საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 1923 წელს ვაკის პარკში დახვრეტილი კონსტანტინე აფხაზისა და 14 ოფიცრის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება - “წარსული უკეთესი აწმყოსა და მომავლისათვის”, გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, სტუ-ის ადმინისტრაციისა და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა არტილერიის გენერალ-მაიორის კონსტანტინე აფხაზის და მასთან ერთად 1923 წლის 20 მაისს ჩეკისტების მიერ დახვრეტილი 14 ოფიცრისა და ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, უნივერსიტეტის რექტორმა, სტუდენტებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა 1923 წლის 20 მაისს დახვრეტილთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, ხოლო დეკანოზმა ლევან ფირცხალაიშვილმა დაღუპულთა სულის მოსახსენებლად პანაშვიდი გადაიხადა. ღონისძიება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაგრძელდა, სადაც ამ დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა - “წარსული უკეთესი აწმყოსა და მომავლისთვის” გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, დიდი ილია ჭავჭავაძის დისწულის კონსტანტინე აფხაზის და მასთან ერთად დახვრეტილი “სამხედრო ცენტრის” 14-ვე წევრის: გენერლების - ალექსანდრე ანდრონიკაშვილის და ვარდენ წულუკიძის, ოფიცრების - როსტომ მუსხელიშვილის, გიორგი ხიმშიაშვილის, ელიზბარ გულისაშვილის, ალექსანდრე მაჭავარიანის, დიმიტრი ჩრდილელის, სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელის, ფარნაოზ ყარალაშვილის, ლევან კლიმიაშვილის, ნიკოლოზ ზანდუკელის და ივანე ქუთათელაძის, იასონ კერესელიძისა და სიმონ ჭიაბრიშვილის, ცხოვრება და მოღვაწეობა, თაობებისთვის სამაგალითოა. რექტორის თქმით, კონსტანტინე აფხაზმა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება სამშობლოს უკეთეს მერმისზე ფიქრსა და ბრძოლაში გაატარა და საბოლოოდ ზვარაკად შეეწირა მას.

„ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში, ქართული სახელმწიფოებრიობის რენესანსის პერიოდში შოთა რუსთველმა ბრძანა „წინა კაცი უკანასი, ხიდია“, ილია ჭავჭავაძემ კი განავრცო და თქვა, რომ რუსთველის ნააზრევის გათვალისწინების გარეშე, ვერ გავაცნობიერებთ, თუ „საიდამ მოვდივართ და საით მივდივართ“. კონსტანტინე აფხაზი ერთ-ერთი მათგანია, ვინც სამშობლოსთვის იღვაწა. მის სახელს უკავშირდება ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, დიდია მისი როლი პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების და ქართული ეროვნული არმიის შექმნაში. ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტს, რომელიც ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისს მიიღო, სხვებთან ერთად, კოტე აფხაზიც აწერდა ხელს. როდესაც კონსტანტინე აფხაზი და სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრი ჩეკისტებმა დახვრიტეს მისი უკანასკნელი სიტყვები იყო - „ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!“ ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა იცხოვრო სამშობლოსთვის. დღეს, ქართველი პატრიოტების დახვრეტიდან 101 წლის შემდეგ, მომავალი თაობებისათვის მუდამ ზნეობრივ გაკვეთილად დარჩება ჯალათების წინაშე უდრეკად მდგომი 15 ქართველის გმირობა. სწორედ ასეთი სულისკვეთებაა “მამული, ენა და სარწმუნოება”, რომელიც ჩვენ, პედაგოგებმა უნდა ვასწავლოთ მომავალ თაობებს. მათ უნდა იცოდნენ წარსული და პატივი სცენ წინაპრებს, რათა მშვიდობიან გარემოში ააშენონ საქართველოს მომავალი. ეს არის ჩვენი უმთავრესი მისია. დღეს ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც 15 ქართველი სამშობლოს სიყვარულისთვის დახვრიტეს. 1923 წლის 20 მაისიდან 100 წლის შემდეგ, მთავრობისა და თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს ჩართულობით, აქ მემორიალი გაიხსნა. მსგავსი მიდგომა მიუთითებს რაოდენ ძვირფასია ქვეყნის მმართველი ძალისთვის საქართველოს ისტორია, წარსული, რომელიც უკეთეს აწმყოსა და მომავალს ქმნის”, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა გიორგაძემ. მისი თქმით, 20 მაისი საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული დღეა.

“15 მამულიშვილი შეეწირა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეას, ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლას. ჩეკისტებმა ისინი სასტიკად აწამეს, მაგრამ ჯალათებმა ვერც ერთი ვერ დააჩოქა. დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა პატივი მიაგეს სამშობლოსათვის თავდადებულთა ხსოვნას. მათგან ასეთი დამოკიდებულება გვაიმედებს, რომ საქართველოს უკეთესი მომავლი ელის. ჩვენ კი ახალგაზრდებს ყოველთვის უნდა შევახსენოთ, ვინ იყვნენ ჩვენი წინაპრები, როგორ იცავდნენ სამშობლოს და როგორ სწირავდნენ თავს. დაე, არასდროს დაგვჭირვებოდეს მამულიშვილთა ზვარაკად შეწირვა და სახელმწიფო სტაბილურ ვითარებაში გვეშენებინოს”, - განაცხადა მამუკა გიორგაძემ.

შეხვედრაზე - “წარსული უკეთესი აწმყოსა და მომავლისთვის”, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი წერეთელმა.

“პოლიტიკაში აღმატებული ღირებულება თავისუფლება და დამოუკიდებლობაა. ყველა ადამიანის ისტორია, რომელთა ცხოვრება უკავშირდება დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც ის მომავალი თაობებისთვის სამაგალითოა. 70 წელი იბოგინა საქართველოში ანექსიამ და წინაპრები თავისუფლებისათვის ბრძოლაში დიდი სტიმული იყო და იქნება მომავალი თაობებისთვისაც. მადლობა მინდა მოვახსენო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რექტორს, იმისთვის, რომ არ ივიწყებენ გმირებს”, - განაცხადა ირაკლი წერეთელმა.

ცნობისთვის, კონსტანტინე აფხაზი და მასთან ერთად დახვრეტილი მისი 14 თანამებრძოლი გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდნენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო