თბილისის საქალაქო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესები გაიმართა.
აქტივისტების განცხადებით, მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, გზის უკანონო გადაკეტვას ედავებიან. მათი ნაწილის სასამართლო პროცესები გადაიდო, ხოლო აქტივისტები დააჯარიმეს.
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრის, ბორის ჩელე ყურუას განცხადებით, ის 500 ლარით დააჯარიმეს. მისივე თქმით, ადმინისტრაციულ სასამართლოს „ქართული ოცნება“, ტრადიციულად, იყენებს იმისთვის, რომ პოლიტიკოსებისა და აქტიური მოქალაქეების რეპრესირება მოახდინოს.
„ჩემი პროცესი ძალიან მალე დასრულდა. 500 ლარით დამაჯარიმეს, ეს მაქსიმუმია, რასაც 174-ე პრიმა მუხლი ითვალისწინებს. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ჰქონდათ ერთი ფოტო, სადაც მე ვჩანვარ და არ ჩანს, სად ვარ და ერთი ვიდეო, რომელშიც უბრალოდ გზაზე გადავდივარ. მაქსიმუმი, რასაც ეს ამტკიცებს, არის ის, რომ ვიყავი აქციაზე და გზა უკანონოდ გადავკვეთე. არ ამტკიცებს იმას, რომ გზის გადაკეტვაში მონაწილეობა მივიღე. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ადმინისტრაციულ სასამართლოს „ქართული ოცნება“, ტრადიციულად, იყენებს იმისთვის, რომ პოლიტიკოსებისა და აქტიური მოქალაქეების რეპრესირება მოახდინოს. მეორე, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმ ადამიანების თვალთვალზე, ვინც აქციაზე იმყოფება და პოზიციას აქტიურად გამოხატავს, მაგრამ არ მუშაობს ჩვენზე თავდამსხმელები რომ დააკავონ და ისინი ამოიცნონ. ჯერაც არ გაურკვევიათ, ვინ აწამა და ვინ მოეპყრო დავით ქაცარავას არაადამიანურად. ჩვენი ხელისუფლების მთელი ძალა მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ჩვენი აზრის ასე საჯაროდ თქმა ვეღარ მოვახერხოთ. როგორც ხედავთ, ჩვენდა საბედნიეროდ, ამას ვერ ახერხებენ და ვერც მოახერხებენ“, - აღნიშნა ბორის ჩელე ყურუამ „მთავარ არხთან“.
გარდა ამისა, როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა, ლაზარე ორდენიძემ განაცხადა, ერთადერთი მტკიცებულება, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს, არის ის, რომ აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ.
„ერთადერთი მტკიცებულება ის აქვთ, რომ აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ. პირადად მე საერთოდ არ ვჩანვარ კადრებში. გვეუბნებიან, რომ არ ჩანს მსვლელობა, მაგრამ მსვლელობაც რომ გამოჩენილიყო და იმ დღეს იყო მსვლელობა ევროპის მოედნისკენ, ისინი გვეტყოდნენ, რომ ფეხით სავალ ნაწილზე (ტროტუარზე) უნდა გავნაწილებულიყავით ჯაჭვის სახით და წავსულიყავით. ხელისუფლება ცდილობს, ადამიანები დაგვაჯარიმოს და ამით შეგვაშინოს, რათა აღარ გავიდეთ აქციებზე“, - აღნიშნა მან.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, მისი და იმ მოქალაქეების სასამართლო პროცესები, რომლებიც ერთ დარბაზში უნდა ჩატარებულიყო გადაიდო და მათ იციან, რომ სასამართლო მათთვის გამამართლებელ განაჩენს არ მიიღებს.
„არ ვიცი 24 აპრილს რა დავაშავე. დღესაც მაგისთვის მოვედი, რომ გამეგო, ვიყავი თუ არა დამნაშავე, მაგრამ მე და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ერთ დარბაზში გვქონდა სასამართლო, პროცესები გადაგვიდეს, ისე, რომ არც დაწყებულა. ვიცით, რომ ჩვენთვის გამამართლებელი და რეალური განაჩენი არ გამოვა, მაგრამ აუცილებლად დავესწრები პროცესს და იმას მაინც მოვისმენ, რა დავაშავე 24 აპრილს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან.