2023 წელს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 21 613 პირის მიმართ დაიწყო. გასული წლის განმავლობაში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი “სისხლის სამართლის კოდექსის“ 177-ე (ქურდობა), 260-ე (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) და 151-ე (მუქარა) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე დაფიქსირდა.
აღნიშნული მონაცემები ასახულია გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი წლების მიხედვით შემდეგია: 2013 წელი - 18 781; 2014 წელი - 19 298; 2015 წელი - 17 823; 2016 წელი - 16 085; 2017 – 15 789; 2018 – 16 820; 2019 წელი - 19 114; 2020 წელი - 15 625; 2021 – 19 744; 2022 – 22 365; 2023 – 21 613;
რაც შეეხება 2022 წლის მონაცემებს, გენერალური პროკურორის ინფორმაციით, 2022 წელს პირველ ადგილზე იყო “სისხლის სამართლის კოდექსის“ 177-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე დაწყებული დევნის მაჩვენებლები, მეორე და მესამე ადგილზე კი 151-ე და 126¹ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები.
2019-2021 წლებში კი, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებლების მიხედვით, პირველ და მეორე ადგილებზე იყო “სისხლის სამართლის კოდექსის“ 177-ე და 126¹ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები.
2023 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 271 პირის მიმართ შეწყდა.
გენერალური პროკურორის ინფორმაციით, დაზარალებულად ცნობილი იქნა 18 277 პირი. 2023 წელს ყველაზე მეტი პირი სსკ-ის 177-ე, 151-ე და 126/1 მუხლით ჩადენილი დანაშაულის შედეგად დაზარალდა.
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს, ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა 5286 პირის მიმართ დაიწყო - ასევე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენა 1169 ბრალდებულის მიმართ გამოიკვეთა, ხოლო სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 296 შემთხვევაში დაიწყო.
ოჯახურ დანაშაულზე დევნის დაწყების მაჩვენებელი წლების მიხედვით ასეთია: 2023 წელი - 5286; 2022 წელი - 5325; 2021წელი - 5144; 2020 წელი - 4633; 2019 წელი -4579; 2018 წელი - 3955; 2017 წელი - 1986; 2016 წელი -1356; 2015 წელი - 1066; 2014 წელი -550.
რაც შეეხება ოჯახურ დანაშაულზე აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის პოლიტიკას, ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელმა 91% შეადგინა. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ 2018 წლიდან მიმდინარე წლის ჩათვლით, საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნა სტაბილურად მაღალია და 90%-დან 94%-მდე მერყეობს.
დოკუმენტში ასევე საუბარია გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე. ასეთი ქმედება 2023 წელს 1169 ბრალდებულის მიმართ გამოიკვეთა.
„2023 წლის მონაცემებით გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ბრალდებული 1169 პირიდან, გენდერისა და დისკრიმინაციის სხვა ნიშნების ერთობლიობით (სექსუალური ორიენტაცია, რელიგია, ეროვნება, ასაკი, შეზღუდული შესაძლებლობა) სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 5 პირის მიმართ. 2023 წელს გენდერისა და დისკრიმინაციის სხვა ნიშნების ერთობლიობით (სექსუალური ორიენტაცია, რელიგია, ეროვნება, ასაკი, შეზღუდული შესაძლებლობა) დაზარალებულად ცნობილია 1177 პირი, მათგან 1164 ქალი, 1 ტრანსგენდერი ქალი და 12 კაცი“,- ნათქვამია დოკუმენტში.
რაც შეეხება სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, შოთაძის ანგარიშში ნათქვამია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 137-141-ე მუხლებით (გაუპატიურება; სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება; პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება; სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში; გარყვნილი ქმედება), 2023 წელს 296 სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო; 2022 წელს - 337; 2021 წელს - 252; 2020 წელს - 143.
უფრო კონკრეტულად, 2023 წელს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების სტატისტიკა კონკრეტული დანაშაულების მიხედვით ასეთია: გაუპატიურება - 102; სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება - 54; პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება - 30; სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში 55 ; გარყვნილი ქმედება - 55.