ვენეციის კომისია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გაწვევის „მკაცრ რეკომენდაციას” გასცემს

ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გადაუდებელ მოსაზრებას აქვეყნებს.

ვენეციის კომისია მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი გაწვეულ იქნას მისი ამჟამინდელი ფორმით.

კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი საბოლოო ჯამში, გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

„ვენეციის კომისია ამ კანონის მისი ამჟამინდელი ფორმით გაწვევის მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, ვინაიდან, მისი ფუნდამენტური ნაკლოვანებები მნიშვნელოვან ნეგატიურ შედეგებს მოიტანს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებისთვის, პრივატულობის უფლებისთვის, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებისთვის, ისევე როგორც დისკრიმინაციის აღკვეთისთვის. საბოლოო ჯამში, ეს გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე”, - ნათქვამია დასკვნაში.

ამასთან, ვენეციის კომისია ხაზს უსვამს კანონპროექტის მიღების პროცედურას და წუხილს გამოთქვამს, რომ პროცედურამ გულწრფელი დისკუსიისთვისა და აზრიანი კონსულტაციებისთვის ადგილი არ დატოვა.

კომისია აღნიშნავს, რომ პროცედურების „ეს მანერა დემოკრატიული კანონმდებლობის ევროპულ მოთხოვნებს“ არ აკმაყოფილებს.

“უპირველეს ყოვლისა, ვენეციის კომისია წუხს, რომ ეს კანონი, რომელიც სენსიტიურია ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე, ძალზედ კონტორვერსიულია ქართულ საზოგადოებაში, რასაც ქვეყანაში მასიური რეაქციები აჩვენებს, მიღებულ იქნა ისეთ პროცედურაში, რომელმაც გულწრფელი დისკუსიისთვისა და აზრიანი კონსულტაციებისთვის ადგილი არ დატოვა - ქართველი ხალხის დიდი ნაწილის შეშფოთებების ღია უგულებელყოფით. ეს კიდევ უფრო სამწუხაროა, ვინაიდან, 2023 წელს მსგავს კანონპროექტზე რეაქციებმა აჩვენა პოლარიზაცია მის მიღებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, იყო შინაარსიანი კონსულტაციების ჩატარების თვალსაჩინო და დემონსტრირებადი საჭიროება იმ პირებთან, რომლებსაც კანონი შეეხებოდა, განსაკუთრებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ონლაინ მედიასაშუალებებთან და მაუწყებლებთან. პროცედურების ეს მანერა დემოკრატიული კანონმდებლობის ევროპულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.

ვენეციის კომისიამ გააანალიზა კანონის თავსებადობა შესაბამის საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან, იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რომლებიც გამომუშავებულ იქნა ბევრ წინა მოსაზრებებში მსგავს საკითხებზე. შედეგად, ამ კანონის მიერ გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრების თავისუფლებასა და პრივატულობაზე დაწესებული შეზღუდვები არ შეესაბამება მკაცრ მოთხოვნებს, რომლებიც აღნიშნულია “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” (ECHR) მუხლებში 8(2), 10(2) და 11(2), ასევე “სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის” (ICCPR) მუხლებში 17(2), 19(2) და 22(2), ვინაიდან, ისინი არ აკმაყოფილებენ ლეგალურობის, ლეგიტიმურობის, დემოკრატიულ საზოგადოებაში საჭიროებისა და პროპორციულობის მოთხოვნებს, ისევე როგორც ECHR-ის მე-14 მუხლში აღნიშნული არადისკრიმინაციის პრინციპს”, - ნათქვამია დასკვნაში.

ასევე, როგორც ვენეციის კომისია განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ არსებული ქართული კანონმდებლობა უკვე მოიცავს პირობებს, რომელიც ვალდებულებებს აკისრებს ორგანიზაციებს რეგისტრაციის, ასევე, ანგარიშების ჩაბარების, მათ შორის დაფინანსების წყაროების შესახებ, დამაჯერებელი ახსნა არ ყოფილა, რატომ არ არის არსებული ვალდებულებები საკმარისი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ არსებული კანონმდებლობა და პირობები საკმარისი არ არის, საქართველოს ოფიციალურმა პირებმა არსებულ კანონებში ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი შესწორებების შეტანა უნდა განიხილონ.

კერძოდ, ვენეციის კომისიის თანახმად, უცხო ქვეყნების სახელით ლობისტური აქტივობები შესაძლებელია დარეგულირდეს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში.

ვენეციის კომისია თვლის, რომ ძლიერი რისკია, რომ კანონი შეეხებათ ორგანიზაციებსა და მედიებს, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ და მათი აღმოფხვრა ცუდ გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

“ამ კანონის ფარგლებში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად განსაზღვრას სერიოზული შედეგები აქვს, ვინაიდან, ის ძირს უთხრის სამიზნეში ამოღებული ორგანიზაციების ფინანსურ სტაბილურობასა და სანდოობას, ასევე , მათ ოპერაციებს. მძიმე რეგისტრაციისა და ანგარიშების მოთხოვნების (მათ შორის ფინანსური ინფორმაციის გამხელა), რომელიც სტიგმატიზებული ორგანიზაციებისთვის ფინანსურ შესაძლებლობებზე წვდომას ზღუდავს, იმ მძიმე ადმინისტრაციულ ჯარიმებთან, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას, მუდმივ თვალთვალთან ერთად კომბინირებული ეფექტი, უდავოდ, გაართულებს და საფრთხის ქვეშ დააყენებს აღნიშნული ორგანიზაციების ეფექტიან ოპერაციებსა და არსებობას. სახელმწიფოს ხელში კონცენტრირებული მუდმივი და სტიგმატიზებადი შეფერხებები შემაკავებელ ეფექტს ქმნის.

ამ კანონს, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის დასახელებული მიზნის ქვეშ, სტიგმატიზების, გაჩუმებისა და, საბოლოო ჯამში, ორგანიზაციებისა და მედიის განადგურების ობიექტური ეფექტი აქვს, რომლებიც თავიანთი დაფინანსების თუნდაც მცირე ნაწილს საზღვარგარეთიდან იღებენ. ძლიერი რისკია შექმნილი, რომ ორგანიზაციები და მედია, რომლებსაც [ეს კანონი] შეეხება, იქნებიან ისინი, ვინც მთავრობას აკრიტიკებენ, ხოლო მათი აღმოფხვრა ცუდ გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

ვენეციის კომისია მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, საქართველოს მთავრობამ თავი დაანებოს რეგისტრაციის, ანგარიშების ჩაბარებისა და გასაჯაროების მოთხოვნებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, ონლაინ მედიისთვისა და მაუწყებლებისთვის, რომლებიც უცხოურ დახმარებას იღებენ, მათ შორის ადმინისტრაციულ ჯარიმებს. მიუხედავად იმისა, რომ არსებული ქართული კანონმდებლობა შეიცავს პირობებს, რომლებიც ამ კანონის მიერ სამიზნეში ამოღებულ ორგანიზაციებს რეგისტრაციისა და ანგარიშების ჩაბარების, მათ შორის მათი დაფინანსების წყაროების შესახებ, ვალდებულებებს აკისრებს, დამაჯერებელი ახსნა არ ყოფილა იმის თაობაზე, თუ რატომ არ იქნება არსებული ვალდებულებები საკმარისი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. იმ შემთხვევაში თუ არსებული პირობები არასაკმარისი არ არის, საქართველოს ოფიციალურმმა პირებმა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად არსებულ კანონებში შესწორებების შეტანა უნდა განიხილონ.

კერძოდ, უცხო ქვეყნების სახელით ლობისტური აქტივობები შესაძლებელია დარერეგულირდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად, თუ არსებული კანონმდებლობა საკმარისი არ აღმოჩნდება“, - ნათქვამია შეფასებაში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ვენეციის კომისიამ საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თხოვნით გადაუდებელი პროცედურით შეაფასა. ვენეციის კომისია წუხს, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა მის მოსაზრებას კანონის მიღებამდე, მიუხედავად საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდებისა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო