სტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებების კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა არ მომხდარა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე“ გამოტანილ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.

„განმცხადებელი მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (დ) პუნქტის მიხედვით ჩიოდა, რომ მის მიმართ 2018 წლის 5 იანვრისა და 28 ივნისს გამოტანილი განაჩენი ეფუძნებოდა შეუმოწმებელ ჩვენებებს და სხვა არასანდო მტკიცებულებებს. ამასთან, ის აცხადებდა პრეტენზიას, რომ მოსამართლე გ.ა., რომელმაც საქმე პირველი ინსტანციის საქმეზე განიხილა, არ ჰქონდა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. სასამართლო ასკვნის, რომ მოსამართლე გ.ა.-ს, რომელმაც განიხილა განმცხადებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე და განაჩენი გამოტანა მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 2018 წლის 5 იანვარს, არ აკლდა დამოუკიდებლობა ან მიუკერძოებლობა. შესაბამისად, ამ კუთხით კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა არ მომხდარა“, - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლოს ინფორმაციით, ადგილი არ ჰქონია არც კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას.

სასამართლოს განმარტებით, განმცხადებლის მტკიცებით, მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებების კონვენციის მე-7 მუხლი, რადგან მისთვის არ იყო შესაძლებელი გაეთვალისწინებინა, რომ პრეზიდენტის შეწყალების უფლებამოსილების გამოყენებას, რომელიც მას მიენიჭა პრეზიდენტისა და სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის გამო, შესაძლოა გამოეწვია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

„სასამართლო ასკვნის, რომ სხვა თუ არაფერი, განმცხადებლისათვის საღი აზრის საკითხი უნდა ყოფილიყო იმის განჭვრეტა, რომ სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა მის გადაწყვეტილებას, ფარული შეთანხმება ჰქონოდა იმ ადამიანებთან, რომლებმაც უშუალოდ ჩაიდინეს მკვლელობა, ან ჰქონდათ შეთქმულება ამ ძალიან მძიმე დანაშაულის ფარგლების დასაფარად. უფრო მეტიც, განმცხადებელს, წამყვან პოლიტიკოსს - რომელსაც ჰქონდა ფართო იურიდიული გამოცდილება და დიდი გამოცდილება იურიდიულ და საჯარო მმართველობის საკითხებში - უფრო მეტი სიფრთხილით უნდა ემოქმედა, ვიდრე შეიძლება მოელოდე რიგითი ადამიანისგან და განსაკუთრებული სიფრთხილე გამოევლინა იმ რისკების სიმძიმის შეფასებისას, რომელიც შეიძლება წარმოშობილიყო გირგვლიანის მკვლელობის საქმის უკან მდგომ დამნაშავეებთან მისი ფარული შეთანხმებით.

განმცხადებელს არ შეუძლია პრეტენზია გამოხატოს, რომ მას არ შეეძლო გაეგო მისი ქმედების დანაშაულებრივი ხასიათი, რომელიც გამოიყენა შეწყალების უფლებამოსილების მართლმსაჯულების გარკვევის მიზნით. განმცხადებელს შეეძლო გონივრულად განეჭვრიტა, რომ მისი საქციელი მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევდა. აქედან გამომდინარეობს, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას“, - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

აღსანიშნავია, რომ კონვენციის მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, მოსამართლეების აზრი გაიყო. ხუთმა მოსამართლემ მიიჩნია, რომ სააკაშვილის უფლებები არ დარღვეულა, ორმა კი განსხვავებული აზრი გამოთქვა და შესაბამისად, ხმა მისცა სასამართლოს დასკვნის წინააღმდეგ, რომ კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო