პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გენერალური პროკურორობის კანდიდატად მისი დასახელების საკითხი “დღის წესრიგში არ დგას”.
მისივე თქმით, გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი დღეს “თავსებადია სტანდარტებთან, დასკვნა ვენეციის კომისიასაც აქვს დაწერილი და ამ მოდელის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ნიშნავს თავის დროზე კონკრეტული დასკვნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას”.
“კომიკური იყო, როდესაც მივიღეთ შემოთავაზება, რომ 6 თვის თუ 1 წლის ვადით გენერალური პროკურორის არჩევა იქნებოდა ევროპული სტანდარტი, გვითხარით ევროკავშირის რომელ ქვეყანაში ხდება გენერალური პროკურორის არჩევა 1 წლის ვადით. ასეთი მოდელი არ არსებობს. ჩვენი ამოცანაა ევროკავშირის სტანდარტებს დავუახლოვდეთ და არა შევქმნათ ისეთი მოდელი, რომელიც კოლაფსს გამოიწვევს დევნის ორგანოში, გენერალური პროკურორის დამოუკიდებლობის გარანტიებს შეამცირებს და წინააღმდეგობაში მოვა ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ მიდგომებთან. აქედან გამომდინარე, არ იქნა ეს გაზიარებული”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ამასთან, ოხანაშვილმა გენერალური პროკურორის შერჩევის პროცედურები განმარტა.
“კონსულტაციის წარმართვაზე პასუხისმგებელია დამოუკიდებელი კონსტიტუციური სტრუქტურა - საპროკურორო საბჭო, რომელიც უფლებამოსილია წარუდგინოს პარლამენტს შესაბამისი კანდიდატები. არანაკლებ სამი კანდიდატისა და მათ შორის 1/3 უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. მე შევაფასო რა გადაწყვეტილებას მიიღებს საპროკურორო საბჭო, არასერიოზულია. როდესაც ჩვენ გამოგვეგზავნება კანდიდატები, ჩავნიშნავთ კომიტეტის სხდომას, სადაც განიხილება ეს საკითხი, შემდეგ კი განიხილება პლენარულ სხდომაზე. მე დაველოდები კანდიდატების წარდგენას და განხილვას საქართველოს პარლამენტში”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობას ტოვებს. შოთაძის განცხადება პროკურატურამ გაავრცელა.
მისი თქმით, ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით უწევს. როგორც შოთაძემ აღნიშნა, მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ იმყოფება. მისივე თქმით, პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით უკვე მიმართა.