ადამიანებს, ერთი შეხედვით, შეიძლება მოეჩვენოთ, რომ კობახიძეს სჭირდება სამედიცინო დახმარება ან ეს თემა გადავიდეს იუმორის ჟანრში, თუმცა, რასაც კობახიძე აკეთებს, ძალიან სტრუქტურირებული, გამიზნული, კარგად მოფიქრებული, კრემლში დაწერილი დეზინფორმაციაა , - ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის „ფეისბუკზე“ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი კობახიძე ევროკომისართან საუბრის დეტალებზე, მათ შორის მუქარაზე საუბრობს.
მისი შეფასებით, კობახიძის განცხადება “იმდენად აბსურდულია, რომ შესაძლოა, ადამიანებს სიცილისკენ ან სამედიცინო ჟანრისკენ უბიძგოს”.
“მინდა გაგაფრთხილოთ, რომ სწორედ ეს არის რუსული დეზინფორმაცია, რომელიც წარმოუდგენელ ბოდვად და აბსურდად ჩანს, მაგრამ მას აქვს ძალიან შორს მიმავალი და ძალიან მავნებლური მიზნები ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებით. კრემლის დეზინფორმაციის გამავრცელებელი კობახიძე არ არის საქართველოს პრემიერ- მინისტრი, ის არის კრემლის პროპაგანდისტი, რომელსაც მოუწევს დაემშვიდობოს ძალაუფლებას არჩევნების გზით”,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ევროკომისართან სატელეფონო საუბრის დეტალებზე საუბრობს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ევროკომისარმა მას უთხრა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, დასავლელმა პოლიტიკოსებმა შესაძლოა გარკვეული ზომები მიიღონ და ამავე კონტექსტში მან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული "ტერორისტული თავდასხმაც" ახსენა.
„ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“, - ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.