აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, რომელიც მთავრობას, პარლამენტს სისტემატურად აწვდის წინადადებებსა და რეკომენდაციებს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების აქტუალურ საკითხებზე, მეცნიერების დინამიკური განვითარების უზრუნველსაყოფად არაერთ ღონისძიებას ახორციელებს. ამასთან, ხელს უწყობს ქვეყანაში მათემატიკის, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერებების, აგრეთვე, ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარებას.

როგორია მეცნიერების განვითარებისთვის განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებები და რა გამოწვევები აქვს დღეს მეცნიერებას საქართველოში, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე ესაუბრა.

- რა გამოწვევები აქვს დღეს მეცნიერებას საქართველოში?

- მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთ უმწვავეს გამოწვევად რჩება მეცნიერების ფინანსირების პრობლემა. ფინანსირების სფეროში ასეთი სურათი იკვეთება: უნივერსიტეტებთან მიერთებული 42 ინსტიტუტისთვის გამოყოფილი წლიური დაფინანსება შეადგენს, დაახლოებით 28 მილიონ ლარს, აქედან 18 მილიონი არის ხელფასის ფონდი და 10 მილიონი არის საქონელი და მომსახურება. ამ ინსტიტუტებისთვის ხელფასის ფონდი თვეში 1. 500 000 ლარი გამოდის. მაშინ, როცა აღნიშნულ ინსტიტუტებში დასაქმებული არიან მეცნიერები და დამხმარე პერსონალი, დაახლოებით, 2600 კაცი. ცხადია, ასეთი მწირი დაფინანსების პირობებში სასურველი შედეგი ვერ მიიღწევა.

ასევე, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დოქტორის აკადემიური ხარისხია. დოქტორის ხარისხის ასეთი ფორმა საერთაშორისო დონეზე არსად არ არის მიღებული. ყველგან, სადაც არსებობს სამსაფეხურიანი უმაღლესი განათლება ანუ ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, და დოქტორანტურა, შემოღებულია ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი (PhD). დასავლეთის მოწინავე ქვეყნებში, ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად შემუშავებულია სათანადო სტანდარტები, განსაზღვრულია შეფასების კრიტერიუმები. ეს არის ძალიან მკაცრად რეგლამენტირებული ხარისხი. ჩვენი ვალდებულებაა სრულიად მოვახდინოთ ჰარმონიზაცია ევროპის საგანმანათლებლო სივრცესთან, შევცვალოთ არსებული სისტემა და გადავიდეთ სამეცნიერო ხარისხის მინიჭების ფორმაზე.

- თქვენ მიერ აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად რა ღონისძიებების ჩატარებაა საჭირო?

- ქვეყანაში მეცნიერების დინამიკური განვითარების უზრუნველსაყოფად უნდა განხორციელდეს ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა: მეცნიერების მართვის სისტემის სრულყოფისა და სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანობის შეფასებისათვის ეროვნული სარეიტინგო სისტემის შემოღება, რაც სწრაფად უნდა განხორციელდეს; მეცნიერებისა და სამეცნიერო საქმიანობის დაფინანსების სისტემის გაუმჯობესება მისი დივერსიფიცირების გზით. ამისათვის, სახელმწიფო დაფინანსებასთან ერთად ბიზნესის მხრიდან დაფინანსების წილის ზრდაც უნდა მოხდეს. ამისთვის, სასურველია, ბიზნესის წილი მეცნიერების დაფინანსებაში მოტივირებულ იქნას საგადასახადო სისტემით; უნდა დადგინდეს მეცნიერების საბიუჯეტო დაფინანსების წილი პროცენტულად მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში - 2025 წლისთვის არანაკლებ მშპ 1%, 2026 წლისთვის - 1,2%, 2030 წლისთვის 2%; ასევე, მეცნიერ თანამშრომელთა ანაზღაურებისათვის უნდა დადგინდეს მინიმუმი, არანაკლებ ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასისა და აღნიშნული რაც შეიძლება მალე უნდა გაკეთდეს; გარდა ამისა, უნდა გაიზარდოს სახელმწიფოსა და სამეცნიერო ერთეულებს შორის სოციალური პარტნიორობა, სამეცნიერო ერთეულების საქმიანობის სახელმწიფო სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების რეალიზებაზე მაქსიმალური კონცენტრაციის გაზრდის მიზნით; მეცნიერების პრესტიჟის, ახალგაზრდობის მეცნიერულ საქმიანობაზე ორიენტაციის გაზრდა მაღალკვალიფიციური სამეცნიერო და საინჟინრო კადრების მომზადების სისტემის გაუმჯობესება; საჭიროა დოქტორანტურაში სწავლება სახელმწიფო დაფინანსებაზე იქნას გადაყვანილი, ამასთან, ხარისხის მაძიებელთა საშუალო ასაკი უნდა იყოს დაყვანილი ჯერ - 35 წლამდე, 2030 წლისთვის - 30 წლამდე; ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამეცნიერო ინფრასტრუქტურისა და მეცნიერების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ქართულ ენაზე მეცნიერული ლიტერატურის გაციფრულება და საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ქართული ენის გამოყენების სახელმწიფო მხარდაჭერა თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის საძიებო და საცნობარო სისტემებში; გარდა ამისა, დღის წესრიგში უნდა დადგეს სამეცნიერო GLP და GMP სტანდარტების ლაბორატორიების შექმნა; ამასთან, უნდა განხორციელდეს საქართველოში არსებული სამეცნიერო პოტენციალის შესწავლის მიზნით ყველა სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულების, რომელიც სამეცნიერო კვლევებს აწარმოებს, კომპლექსური აუდიტი სამეცნიერო-ინოვაციურ საქმიანობაზე და ესეც უმოკლე დროშია გასაკეთებელი. აუცილებელ აქტივობების სიაში უნდა იყოს, სამეცნიერო პოტენციალის, არსებული სამეცნიერო რესურსების გამოყენების სახელმწიფო პროგრამის შემუშავება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიღწევისათვის ადაპტაციის მიზნით.

სია საკმაოდ გრძელია, მაგრამ კრიტიკულად აუცილებელი, რადგან, საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება. ყველა ხარჯი გაწეულ უნდა იქნას მიზნობრივი სახელმწიფო-სამეცნიერო და ინოვაციური პროგრამების მიხედვით, მკაცრად განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. ამისათვის, უნდა მოხდეს დივერ­სი­ფიცირებული სამეცნიერო ფონდების ჩამოყალიბება და მათი გამოყენება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ დადგენილი პრიორიტეტების მიხედვით. მოკლედ, მეცნიერების პოლიტიკა საქართველოში უნდა დაეფუძნოს მისი სახელმწიფოებრივი განვითარების მიზნებს, ნიჭით გამორჩეულ ყველა ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს სახელმწიფო მხარდაჭერა შესაბამის საერთაშორისო ცენტრებში მეცნიერული ზრდისათვის. ამასთან, უცხოეთში სასწავლებლად გაგზავნილი ყველა პიროვნება ვალდებული უნდა იყოს, გარკვეული დროით მაინც დაბრუნდეს საქართველოში.

- საქართველოში მეცნიერების განვითარებისთვის პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვრულია?

- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია სწორედ აღნიშნული პრიორიტეტების შესახებ წინადადებების შემუშავებაა. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული წამყვანი მეცნიერებისა და ფინანსურ-მატერიალური რესურსების კონცენტრაცია უნდა მოხდეს სამ მსხვილ ცენტრად: ფუნდამენტური კვლევების ანუ მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნიკისა და ტექნოლოგიური კვლევების და ჰუმანიტარულ-სოციალური კვლევების ცენტრებად. თითოეული ცენტრის მიხედვით უნდა განისაზღვროს სამეცნიერო მიმართულებების პრიორიტეტები ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შემუშავებისა და განხორციელების პროცესის მონიტორინგი შედეგების ანალიზით. სამეცნიერო-კვლევითი თემატიკა შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მონაწილეობით შემუშავებულ, საქართველოში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან: მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; საინფორმაციო-ტელეკომუნიკაციური ტექნოლოგიები; სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი; საზოგადოებრივი და სოციალური მეცნიერებანი; ეკოლოგია და რაციონალური ბუნებათსარგებლობა;.

ვფიქრობ, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის რეკომენდაციების საფუძველზე განსაზღვრული სახელმწიფო მიზნების შესაბამისად უნდა შედგეს სახელმწიფო-მიზნობრივი პროგრამები. შესაძლებელია სამეცნიერო პროგრამების განხორციელების საბაზო ორგანიზაციებად ჩამოყალიბდეს: ფუნდამენტური კვლევებისათვის - მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი - ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტექნიკისა და ტექნოლოგიური კვლევების ცენტრისთვის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული და სოციალური, მათ შორის, ქართველოლოგიური კვლევების ცენტრისთვის - საკუთრივ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. ამასთან, სამეცნიერო პერსონალის დაკომპლექტება უნდა განხორციელდეს ღია და გამჭვირვალე კონკურსის გზით, სამეცნიერო ხარისხის მქონე პირებით, მაღალი სახელფასო ანაზღაურებით, რაც უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების, მათ შორის, ახალგაზრდების მოზიდვას და ჩაბმას სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებაში. სახელმწიფო პროგრამების შედგენა-განხორციელება შეიძლება დაიწყოს რამდენიმე პრიორიტეტული მეცნიერული მიმართულებით, დღეს არსებული რესურსების გამოყენების რაციონალიზების გზით, შემდგომში თანდათანობით გაფართოების პერსპექტივით. უნდა მოხდეს სახსრების თავიდანვე გამიჯვნა აღნიშნული სამეცნიერო ცენტრების მიხედვით. ფინანსირებაში ბიზნესისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ჩართვის კვალობაზე გაჩნდება ასეთი პროგრამების განხორციელებით გაძლიერებული სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების კლასტერის ტიპის სამეცნიერო დაწესებულებებად გარდაქმნის პერსპექტივა.

- ხშირად არის საუბარი სხვადასხვა სფეროში კადრების დეფიციტზე, თქვენ რა პრობლემებს ხედავთ მეცნიერების მიმართულებით?

- სწორედ ამას უკავშირდება მეცნიერების სფეროში ადამიანური რესურსების ფორმირებაში თაობათა უწყვეტობის შენარჩუნების პრობლემა ახალგაზრდა მკვლევრების მოზიდვის გზით. დღეს ახალგაზრდობის მონაწილეობა მეცნიერებაში ძალზე მცირეა. კვლევით ინსტიტუტებში მეცნიერთა საშუალო ასაკი 60-65 წელია, ზოგან - 70 წელიც კი, ანუ ამ ინსტიტუტებში ახალგაზრდა მეცნიერები შეადგენენ 3-4%. ამის ძირითადი მიზეზი დაბალი შრომითი ანაზღაურებაა - ხელფასი 500-დან 700 ლარამდეა. აქვე უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც მაღალრეიტინგულ უცხოურ ჟურნალებში ჩვენი ახალგაზრდა მეცნიერების ნაშრომების პუბლიკაციის საკითხს ეხება. თუ 5 წლის წინ, საქართველოს, როგორც განვითარებად ქვეყანას ამ ჟურნალებში სტატიების უფასოდ ბეჭდვის უფლებას აძლევდნენ, ახლა ასე აღარ არის - იქ ნაშრომის გამოქვეყნების საფასური 2-3 ათასი აშშ დოლარია, რაც ახალგაზრდა მცირეშემოსავლიანი მეცნიერისთვის პრაქტიკულად მიუწვდომელია. არადა, რუსთაველის თუ სხვა უცხოური ფონდების მიერ საგრანტო პროექტების დაფინანსების დადებითად გადაწყვეტისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი პროექტის ავტორების სწორედ აღნიშნულ პრესტიჟულ ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიებია. უნივერსიტეტების გარკვეული ნაწილი, ცალკეულ შემთხვევებში, ამ პრობლემის გადაჭრაში ავტორებს ეხმარებიან, მაგრამ ეს არ კმარა - საკითხი სისტემურად უნდა მოგვარდეს.

- და ბოლოს, თავისი შინაარსით და ფუნქციით სწორედ გელათის და იყალთოს აკადემიების სამართალმემკვიდრეა მეცნიერებათა აკადემია. რა პროცესები მიმდინარეობს დღეს აკადემიაში?

- „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არის საქართველოს მთავრობის მეცნიერული მრჩეველი. აღნიშნული სტატუსიდან გამომდინარე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემია მთავრობას და პარლამენტს სისტემატურად აწვდის წინადადებებსა და რეკომენდაციებს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების აქტუალურ საკითხებზე. ამის გარდა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია საქარ­თველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყოველწლიურად აწვდის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების მიერ ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის ექსპერტული შეფასების შედეგებს და სამეცნიერო დაწესებულებების მრავალწლიანი კვლევითი პროგრა­მების - გეგმების შესახებ საექსპერტო დასკვნებს. ასევე, აკადემია ფართოდაა ჩართული საერთაშორისო სამეცნიერო პროექტების განხორციელებაში, მათ შორის აღსანიშნავია, პროექტები ჩინეთის ქალაქ იანტაიში მოქმედი ჩინეთისა და საქართველოს ბიოტექნოლოგიური კვლევების ცენტრში.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ხელს უწყობს ქვეყანაში მათემატიკის, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერებების, აგრეთვე, ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარებას. აკადემიის წევრების ავტორობით ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, ყოველწლიურად ქვეყნდება საშუალოდ 300 მონოგრაფია მეცნიერების სხვადასხვა დარგში. აკადემია გამოსცემს 5 სამეცნიერო ჟურნალს. აღსანიშნავია, რომ აკადემიის პატრონაჟით ბოლო ათწლეულში გამოიცა „საქართველოს ენციკლოპედიის“ 5 ტომი, „საქართველოს ბუნებრივი რესურსების“ ორტომეული, „ქართლის ცხოვრება“, ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, ასევე, ექვთიმე თაყაიშვილის შრომების თორმეტტომეული, „ქართული დიპლომატიის ისტორია“, „კავკასიის ისტორია“ ორ ტომად, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის 4 ტომი, ენციკლოპედია „საქართველოს“ 4 ტომი და სხვა. აკადემიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მოცემულია აკადემიის ყოველწლიურ ანგარიშებში, რომლის ელექტრონული ვერსია განთავსებულია აკადემიის ვებგვერდზე. ამჟამად, გამოსაცემად მზადდება აკადემიის წევრების მიერ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩატარებული ფუნდამენტური კვლევის შედეგები.

თეონა ციხიშვილი

„ინტერპრესნიუსი“

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი