თინა ხიდაშელი - მთელი ტრაგიზმი ამ ისტორიის ის არის, რომ პარლამენტში არიან ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რაც საქართველოს თავზე ტრიალებს, მათ ვიზებსა და ბილეთებზე გადის - ვის რაში აინტერესებს სად იმოგზაურებენ?

მე რომ ის ადამიანი ვიყო, რომელიც თარიღს ასვამს სანქცირების დოკუმენტს, აუცილებლად ორშაბათს მივუთითებდი იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, საპარლამენტო უმრავლესობის არცერთ წევრს ხმის მიცემის დროს ხელი არ აუკანკალდება, - ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ ლიდერმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

თინა ხიდაშელის თქმით, ერთადერთი ვერსია შეიძლება განიხილოს, "რომ პატრონიდან ბრძანება გაიცემა, 9 დეპუტატის იდენტიფიცირება მოხდეს, ვინც არ მისცემს ხმას და იტყვიან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კი არ დაიხია უკან, არამედ ვიღაც 9 მოღალატე იყო, რომელმაც ეს ქნა“.

„მთელი ტრაგიზმი ამ ისტორიის ის არის, რომ საქართველოს პარლამენტში არიან ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ის, რაც საქართველოს თავზე ტრიალებს, მათ ვიზებსა და ბილეთებზე გადის და ეს ამბავი დანარჩენი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ მაგალითად, ალუდა ღუდუშაური ვეღარ იყიდის ბილეთს, ვიზა გაუუქმდება და ვეღარ წავა აშშ-ში. ვის რაში აინტერესებს სად წავლენ, სად ვერ წავლენ ან სად იმოგზაურებენ? მთელი ტრაგიზმი ამ ისტორიის ის არის, რომ ზეგ რომ შეგვეკითხებიან, რომელი ქვეყნიდან ხარო, ეცოდინებათ, რომ იმ ქვეყნიდან ვართ, რომელიც დასანქცირებულია აშშ-ის მიერ და მაღალი ალბათობით ევროკავშირის ბევრი სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, დემოკრატიასთან არათავსებადობისთვის, კორუფციისთვის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოში რუსული გავლენის ხელშეწყობისთვის.

მე არ მგონია, რომ „ქართული ოცნების“ დღევანდელი საპარლამენტო შემადგენლობიდან ვინმეს სამშაბათამდე ნერვები უმტყუნებს, არ მაქვს ამის მოლოდინი. ერთადერთ ვერსია შეიძლება განვიხილო, რომ ვინმეს ნერვები კი არ უმტყუნებს, არამედ პატრონიდან ბრძანება გაიცემა, რომ 9 დეპუტატის იდენტიფიცირება მოხდეს, ვინც არ მისცემს ხმას და იტყვიან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კი არ დაიხია უკან, არამედ ვიღაც 9 მოღალატე იყო, რომელმაც ეს ქნა. ეს ვერსია შეძლება დავინახო და ეს შვილებისთვის პრობლემების შექმნის თავიდან არიდება იქნება ეს ვერსია, მაგრამ არც ამაში ვარ დარწმუნებული, რომ მათ ახლა საერთოდ რამე ადარდებთ მათ შორის საკუთარი შვილების ბედი იმდენად შეპყრობილები არიან. ტელევიზორში კობახიძე რომ ლაპარაკობს, მე განცდა მაქვს, რომ ადამიანი შეპყრობილია იმით, რაც მოიგონეს, დაწერეს, ილაპარაკეს. დაიჯერეს და მერე რაღაც დრამა დადგეს ზღაპრიდან, რომელიც თავად მოიგონეს, საკუთარ თავს მოახვიეს და ახლა შეპყრობილები არიან“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს.

„სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით, - ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024