გიორგი ვაშაძე - საბოლოო კონსულტაციებს გავივლი, მე მივესალმები ერთიანობისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს - ზოგადად დიდი ერთიანობით მალე ვიზეიმებთ გამარჯვებას

საბოლოო კონსულტაციებს გავივლი. მე მივესალმები ერთიანობისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიაზე“.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაერთიანდეს, რომ დიდი აღმშენებლობა დაიწყოს.

„ვფიქრობ, რომ ზოგადად დიდი ერთიანობით მალე ვიზეიმებთ გამარჯვებას. ახლა, ღონისძიების პარალელურად ჭავჭავაძიდან მოვდივარ, იქაც ბევრი ხალხია, ეროვნული ერთიანობა იქ არის, ეს ყველაფერი უნდა გავაერთიანოთ, რომ ქვეყნის დიდი აღმშენებლობა დავიწყოთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს ყველა მთავრობას იმის შესახებ, რომ რასაც აკეთებს და ეს უნდა გააკეთოს, არა ისე, როგორც ახლა „ქართული ოცნება“ იქცევა, რადგანაც ვაშაძის შეფასებით, მმართველ პარტიას ერთი დაპირებაც არ შეუსრულებია.

ვაშაძის თქმით, ქარტიის დოკუმენტზე ხელმოწერით ვალდებულება უნდა აიღონ.

„ამიტომ, ამ დოკუმენტზე ხელმოწერით ვალდებულება უნდა ავიღოთ, რომ იმ რეფორმებს, რაც ხალხს უნდა, ევროკავშირში სრულუფლებიანი გაწევრიანებისთვის უმოკლეს ვადაში შევასრულებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

მან ასევე უპასუხა კითხვას, თუ რამდენად პერსპექტიულად უყურებს საერთო სიებს.

„ჯერ, პირველი ნაბიჯები იდგმება ერთიანობისკენ, დანარჩენს უკვე დრო გვაჩვენებს. რაც უფრო ღრმა იქნება ერთიანობა, მით უფრო უკეთესია იმისათვის, რომ რუსული რეჟიმისგან ქვეყანა გავათავისუფლოთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს.

დოკუმენტის თანახმად, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა, ასევე, თავისი არსითა და სულისკვეთებით ემსახურება მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს.

ნაბიჯები, რომლის შესრულების ვალდებულებას ამ ქარტიაზე ხელმომწერნი იღებენ, ასევე, ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის 9 პუნქტს. ქარტიით გათვალისწინებულ ნაბიჯებს შორის არის, „ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება“, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა; საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება; ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა.

ქარტიაზე ხელისმომწერნი, რომლებიც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხისგან მანდატს მიიღებენ, იღებენ ვალდებულებას, რომ შეასრულებენ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, შესრულებისთანავე კი მომზადდება და ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ხელმომწერი პარტიები დებენ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, „ეს იქნება მთავრობის სრულიად ახალი მოდელი”, რომელიც არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა, „არამედ საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული და შერჩეული მთავრობა“.

ამასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თანხმობა „ქართული ქარტიის“ ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო