მიხეილ დაუშვილი - მე ბოდიში არავისთან არ მაქვს მოსახდელი - როგორ შეიძლება ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე კითხვის დასმაზე ასეთი რეაქცია გქონდეთ? კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო, ხალხო

მე არავისთან ბოდიში მოსახდელი არ მაქვს - როგორ შეიძლება ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე კითხვის დასმაზე ასეთი რეაქცია გქონდეთ? კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო, ხალხო, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რა დროსაც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით მის მიერ დასმული კითხვა განმარტა.

დეპუტატის თქმით, მან კითხვა ეროვნული უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით დასვა.

„მე არ მინდა, რომ ჩვენს მიერ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით რაიმე თუნდაც მცირედი ინტერპრეტაცია დარჩეს. რა თქმა უნდა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დამოუკიდებლობასთან და სუვერენიტეტთან ერად არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ნაწილში არც ერთი წუთი და არც ერთი წამით კითხვას არ ვსვამთ. ჩვენი კითხვა ეხებოდა შემდეგს - იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა მოექცა საერთაშორისო იზოლაციაში, ეს საფრთხეს უქმნის თუ არა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და არაღიარების პოლიტიკას? მე რაზეც გესაუბრებით ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და როგორ შეიძლება ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე კითხვის დასმაზე ასეთი რეაქცია გქონდეთ? კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო, ხალხო,“ - განაცხადა დაუშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ დაუშვილმა მანამდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს მიმართა კითხვით: „ამ კანონით და იმ ქმედებებით, რასაც „ოცნება“ ახორციელებს, ექმნება თუ არა საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას“, რასაც კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მხრიდან განცხადება მოჰყვა. პარალელურად, დარბაზში მიხეილ დაუშვილის მისამართით ისმოდა რეპლიკები: „მავნებელი ადამიანი“, „ქვეყნის მტერია“, „ამას რა უნდა ელაპარაკოთ, დეგენერატი ეს“.

„ძალიან თვალსაჩინოა, რომ იქმნება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის სერიოზული საფრთხე. იმის გათვალისწინებით, რომ დღეისათვის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა პირდაპირ არის დაკავშირებული და ფაქტობრივად, ჩვენი მოკავშირე სახელმწიფოები არიან ამ არაღიარების პოლიტიკის მთავარი გარანტორები, თქვენი აზრით, ამ კანონით და იმ ქმედებებით, რასაც „ოცნება“ ახორციელებს, მათ შორის, მოქალაქეების მიმართ ტოტალიტარული ძალადობით და ტერორით, ექმნება თუ არა საფრთხე არაღიარების პოლიტიკას და იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მოექცევა საერთაშორისო იზოლაციაში როგორ ფიქრობთ, არაღიარების პოლიტიკის კუთხით, რა რისკები შეიძლება დაუდგეს ჩვენს ქვეყანას?, - განაცხადა დაუშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო