ირაკლი ზარქუა რომან გოცირიძეს - ის, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ, არაფერში წერია, არ გეკადრებათ, აკადემიური კაცი ხართ და ნუ აჰყვებით იმათ, უსამშობლოებს

ოპოზიციასაც ვუსმენ ზოგჯერ, იქნებ რაღაც ჭკვიანური თქვან - ბატონო რომან, ნუ გაგიხარდებათ. ის, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ, არაფერში წერია, ეს არ გეკადრებათ, აკადემიური კაცი ხართ და ნუ აჰყვებით იმათ, უსამშობლოებს. დამიჯერეთ, თვითონ მოიგებთ,- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერ კოლეგას, რომან გოცირიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გოცირიძემ ერთი მხრივ საქართველოს მოქალაქეების მიმართ სანქციების აღსრულებაზე, მეორე მხრივ კი ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ინტერვენციებზე ისაუბრა.

ზარქუამ გოცირიძეს უთხრა, რომ მხოლოდ თავიანთი დამფინანსებლების ინტერესებია მნიშვნელოვანი და არა ქვეყნის.

„ეროვნულ ბანკს ეუბნებით, რატომ ახორციელებთ თქვენს პირდაპირ მოვალეობასო. შეგიძლია მითხრათ, ბოლო 1,2,3,4,5 წლის მონაცემები, სადაც ჩვენი ეროვნული ბანკის მონაცემებზე გაცილებით უკეთესი შედეგი აქვთ როგორც ინფლაციის, ისე მაკროეკონომიკური და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით - ევროკავშირში ან სამეზობლოში.

დაკვეთით მოქმედებთ, თქვენც აგიყოლიეს - „იმან ეს თქვა, ის ასე ამბობსო“. სანქციებს შეუერთდითო, არ გვეუბნებოდა მთელი სამყარო? რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდითო ხომ გვეუბნებოდნენ? ჩვენ არ შევუერთდით. ახლა ხომ გამოვიდა ბორელი და ევროპარლამენტის სხვა ლიდერები, სანქციებმა არ გაამართლაო. მაშინ რომ დაგვეჯერებინა, ახლა ხომ გვექნებოდა მინუსი? მერე ხომ გამოხვიდოდით და დაიწყებდით ხტუნაობას - „ეკონომიკა გვენგრევა, ხელფასს, პენსიებს ვერ ვარიგებთ“. მერე რას იტყოდით? ესაა თქვენი ორმაგი სტანდარტი. რას იტყვის იქიდან თქვენი პატრონი, დამფინანსებელი, ისაა თქვენთვის მნიშვნელოვანი, თორემ აქ ქვეყანას, ეკონომიკას, ქართულ ინტერესებს რა სჭირდება, ეს თქვენთვის მეათე ხარისხოვანია. ამიტომაც ხართ თქვენც, პირადად და სხვებიც იქ, სადაც ხართ. მხოლოდ იმის ამარად დარჩით, რომელი საერთაშორისო ექსპერტი, მოსყიდული ლობისტური კომპანიების მიერ, რა დასკვნას დადებს. ქართველი ხალხის ინტერესი გაგიხმოვანებია? არასდროს. რუსული პოლიტიკა, რუსული კანონი მოიკითხეთ იმ პარტიაში, სადაც იყავით და ახლაც ბრუნდებით - „ნაციონალურ მოძრაობაში“. როდესაც სტრატეგიული ობიექტები გაყიდეთ, მთელი ჩვენი სტრატეგიული ინტერესები რუსეთს მიჰყიდეთ და შემდეგ ტაშს უკრავდით, ხმა არ ამოგიღია და ახლა გამოდიხარ. ქართულ ინტერესებს ჩვენ ბოლომდე დავიცავთ. შენ და ვინც არ უნდა დადგეს, მაინც დავიცავთ. სანქციებით დააშინეთ ის, ვინც დაგიშინებიათ. ჩვენ გავიტანთ და დავიცავთ ქართულ ინტერესებს. ეს იცოდე შენც და სხვებმაც“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძეს თურნავას მიმართა კითხვით, რომელიც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციების აღსრულების შესახებ მის ბრძანებულებას შეეხება.

„აგენტის კანონისთვის“ რომ დაასანქცირონ ჩვენი პარლამენტის წევრი, რომელიც ამავე დროს არის ბიზნესმენი, მაგრამ არავითარი სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია, რა უნდა დაადგინოს საქართველოს სასამართლომ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და კომერციულმა ბანკებმა სანქციები აღასრულონ? სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება აბსურდია - სანქციების დაწესებას სასამართლო არ სჭირდება“, - განაცხადა გოცირიძემ.

მან თურნავას ასევე, შეკითხვა დაუსვა ეროვნული ბანკის მიერ აპრილში განხორციელებულ 73 მილიონიან ინტერვენციაზე და თქვა, რომ ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო